შორენა შარაძემ წააგო, ჯერი თავისუფლებზეა

AutoSharing Option
ბუქარესტში მიმდინარეობს მსოფლიოს პირველობა ახალგაზრდა მოჭიდავეთა შორის. დღეს ქალთა ტურნირი დამთავრდა, რომელშიც საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი ჰყავდა - ბათუმელი შორენა შარაძე (63) და ისიც პირველივე წრეში დამარცხდა იაპონელ რიო ვატარისთან. რადგან ფინალში ვერც იაპონელი გავიდა, არც ჩვენებურს მიეცა სანუგეშო წრეში ჩართვის საშუალება.

შარაძეს ჩვენში უფრო ძიუდოისტად იცნობენ, რადგან ძირითადად იქ გამოდის. საქართველოში ქალთა ძიუდოს კიდევ გააჩნია ისტორია, ჭიდაობას კი აქაური ქალები ნაკლებად ეტანებიან, თუმცა შარაძე პირველი მერცხალი არაა - დამოუკიდებლი საქართველოს ისტორიაში ელა გილიგაშვილი იყო პირველი ქართველი ქალი, ვინც მსოფლიოს ჩემპიონატზე
იჭიდავა.

ხვალიდან ბუქარესტში ტურნირში უკვე თავისუფალი სტილით მოასპარეზენი ჩაებმებიან. ნუგზარ სხირელის გუნდის ღირსებას ლევან როჭიკაშვილი (50), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55), თენგიზ ჩოჩიშვილი (60), დავით გალეგაშვილი (66), ბექა პეტრიაშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (84), მამუკა კორძაია (96) და თედორე ებანოიძე (120) დაიცავენ. მათგან ხინჩეგაშვილმა და მარსაგიშვილმა ახალგაზრდებში ევროპის წლევანდელ პირველობაზე გაიმარჯვეს (მარსაგიშვილი ტურნირის საუკეთესო მოჭიდავედაც დასახელდა), პეტრიაშვილმა ვერცხლი მოიპოვა, ჩოჩიშვილი და ებანოიძე კი მესამეზე გავიდნენ, ოღონდ მაშინ ებანოიძემ 96-ში იჭიდავა. ევროპაზე მძიმე წონაში გენო პეტრიაშვილიც მესამეზე გავიდა, მაგრამ ამჯერად ჭაბუკთა მსოფლიოსთვის ემზადება.

მსოფლიოს შარშანდელ ახალგაზრდულ პირველობაზე ამ გუნდმა 5 მედალი მოიპოვა. აქედან 2-2 ოქრო და ბრინჯაოა. მაშინ მსოფლიოს ჩემპიონები ხინჩეგაშვილი და დავით ხუციშვილი (74) გახდნენ, ლაშა ტალახაძემ (50) ვერცხლი მოიპოვა, მესამე საპრიზო ადგილებზე კი ჩოჩიშვილი და მძიმეწონოსანი გიორგი საკანდელიძე გავიდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული