ირაკლი ქაჯაია- ნაკრების მორიგი აღმოჩენა

AutoSharing Option
პოლონურ რადომში, ვლადისლავ პეტლიასინსკის მემორიალის მეორე დღესაც ჩვენი გუნდის მონაგარი კვალავაც ერთი მედალია, ამჯერად - ბრინჯაოსი.

წინა დღეს არჩილ თურმანიძის (66) მიერ მოპოვებული ვერცხლისა არ იყოს, ამ ჯილდოს მომტანიც "ახალი სისხლია" ნაკრებში - წყალტუბოელი ირაკლი ქაჯაია (96). ის წლეულს ჩინებულ სეზონს ატარებს - ახალგაზრდებში საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა, მერე კი კარტოზიას ტურნირი მოიგო... მან ჭიდაობა წყალტუბოში დაიწყო დემურ კირტავასთან, ახლა კი მეხუთე წელიწადია, ოსტატობას თბილისში იმაღლებს ზაზა სილაგაძესთან (სხვათა შორის, ბათუმიდან თბილისში გადმოსვლის შემდეგ თურმანიძეც სილაგაძესთან ვარჯიშობს). ბარემ აქვე ვთქვათ, რომ
ქაჯაიები ოჯახური დინასტიით გადმოვიდნენ წყალტუბოდან - მიხეილ ქაჯაია ირაკლის ძმაა, იაკობ ქაჯაია - ბიძაშვილი.

... პოლონეთში ირაკლიმ კარგად იასპარეზა. მართალია, ასაკიდან და გამოუცდელობიდან გამომდინარე სრულყოფილ ფალავანს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონ შოთა გოგისვანიძისა (120) არ იყოს, ჩოქბჯენში ჭიდაობას არც ეს გაურბის (მეტიც - შეტევაში ეს კიდევ უფრო დახვეწილად გამოიყურებოდა) - იგრძნობოდა მომზადება, დაგეგმილი სცენარი, მწვრთნელის ხელი... მოკლედ, ავლენდა იმას, რაც ვარჯიშებზე ჰქონდა ნასწავლი, ანუ იცის თავისი საქმე...

პირველ წრეში მას შედარებით სუსტი მეტოქე ჰყავდა ყირგიზი აზატ ერკლინბაევი და იოლადაც მოუგო - 3:1; 4:2 (თუმცა ყირგიზები ამ ტურნირზე, საერთოდ, საკმაოდ კარგად გამოვიდნენ). მომდევნო მეტოქე ბევრად უფრო ძლიერი - ყაზახი ოლიმპიური პრიზიორი და აზიის არაერთგზის ჩემპიონი ასატ მამბეტოვი იყო. არ ვიცი, მეტოქის ტიტულმა ქაჯაიაზე წითელი ნაჭერივით იმოქმედა თუ რა იყო, მას კიდევ უფრო იოლად და დიდი ანგარიშით აჯობა - 5:0; 4:1.

ხელწამოსაკრავი არც მომდევნო მოწინააღმდეგე იყო - ევროპის პრიზიორი ალბანელი ელის გური, რომელიც ამჟამად ბულგარეთის სახელით გამოდის. გურმა მანამდე ევროპის ბრინჯაოს მედალოსანი სოსო ჯაბიძე დაგვიმარცხა (3:0; 4:0). პირველ პერიოდში ჩვენებურმა მშვენივრად, ზედმეტი ძალების დაუხარჯვად დაატრიალა ჩოქბჯენიდან, მეორეში კი ის უტევდა და შანსი კარგადაც გამოიყენა, მაგრამ, როცა ილეთის გაგრძელება მოინდომა, ქაჯაიამ მშვენივრად გადაუხურა გდება და იქით აართვა 2 ქულა. ამით ანგარიში გათანაბრდა, პერიოდსაც ჩვენებური იგებდა, რაც საბოლოო გამარჯვებასაც ნიშნავდა. ალბათ უფრო ამას უნდა მივაწეროთ ბულგარელთა პროტესტი - მაინც არაფერს კარგავდნენ, თორემ საამისოდ საბაბი არ ჰქონდათ. აკი არც მსაჯებმა მიიღეს მათი პრეტენზიები და გური კიდევ ერთი ქულით დასაჯეს.

ქაჯაია ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონთან, რუს რუსტამ ტოტროვთან დამარცხდა. აქ ბრძოლის ბედი ბურთულამ და წილისყრამ გადაწყვიტა, თორემ ჩვენებურს დგომში ქულა არ დაუკარგავს. თან მეორე პერიოდში რუსმა მომგებიანი ქულა ბოლო წამზე მოიპოვა - ქაჯაიას 1 წამიც რომ გაეძლო...

თუმცა ვიყოთ გულახდილები და ვთქვათ, რომ ტოტროვი დღესდღეობით უფრო ძლიერია, რადგან უფროსიცაა და ბევრად გამოცდილიც. ივნისში ჩატარებულ რუსეთის ჩემპიონატში მან, არც მეტი, არც ნაკლები, ოლიმპიური ჩემპიონი ასლანბეკ ხუშტოვი დაამარცხა, თუმცა მერე ფინალი ნიკიტა მელნიკოვთან წააგო. მას დიდ სტიმულს ეს ფაქტორიც აძლევდა - რადომში მელნიკოვიც ჭიდაობდა და ამჯერად ერთმანეთს არ შეხვედრიან, მაგრამ ტოტროვმა შედეგით აჯობა მესამეზე გასულ კონკურენტს, რითაც მსოფლიოზე წასვლაც გაინაღდა, ქაჯაიამ კი ბრინჯაოსთვის შეხვედრაში იაპონელ საიკავა მორიკაცუს ორ პერიოდში აჯობა.

მსოფლიოზე წასაყვანი შემადგენლობის დასახელება ნაკრების მთავარი მწვრთნელის საქმეა და გვეეჭვება, ბეგი დარჩიამ ჯერ იჩქაროს - წინ ხომ ორი შეკრებაა, თუმცა ამ წონაში ქაჯაია ლიდერად გამოიკვეთა - წლეულს ყველგან აჯობა კონკურენტებს.

მსოფლიოსთვის მთავარი შესარჩევი შეჯიბრება ჩვენებისთვის კარტოზიას ტურნირი იყო, სადაც წყალტუბოელი მშვენივრად გამოვიდა, ჩემპიონი გახდა, მერე კი უცხოეთშიც დაამტკიცა ლიდერობა. არადა, მას წლეულს ევროპა-მსოფლიოზე გამოსვლა არც ახალგაზრდულში მოუწია - ორივეგან ამ ასაკში ქვეყნის ჩემპიონმა სანდრო დიხამინჯიამ იჭიდავა და ვერცხლ-ბრინჯაოც მოიპოვა.

ერთი სიტყვით, ქაჯაიას შემთხვევაშიც ზუსტად იგივე მდგომარეობაა, რაც შარშან თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებში ლევან ბერიანიძესთან დაკავშირებით იყო - გიორგი საკანდელიძესთან კონკურენციის გამო მაშინ ახალგაზრდულში ვერც ის მოხვდა, მაგრამ უფროსთა მსოფლიოსთვის შესარჩევ შეჯიბრებებში კარგად იასპარეზა, დაიმსახურა ნაკრებში ადგილი და მოსკოვში მსოფლიოზე ბრინჯაოც მოიპოვეს. იმედია, ქაჯაიას შემთხვევაშიც ასე მოხდება.

სადღეისოდ მისი მთავარი პრობლემა გამოუცდელობაა, მაგრამ აჯობებს, ახლავე ჩაერთოს მაღალი დონის ტურნირებში, სამაგიეროდ, საოლიმპიადოდ დიდ გამოცდილებას მიიღებს. აქ დიხამინჯიას ფაქტორიც გასათვალისწინებელია, ოღონდ მისი წარმატებები ახალგაზრდულ ნაკრებზე მოდის, ეროვნულში კი ქაჯაია უკეთ გამოვიდა.

ამავე წონაში სუსტად იასპარეზეს ჯაბიძემ და განსაკუთრებით, ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელმა ჩემპიონმა ვასილ იმერლიშვილმა. ჯაბიძემ ერთი შეხვედრა მაინც მოიგო - გერმანელ ოლივერ ჰასლერთან, იმერლიშვილი კი პირველივე წრიდან გამოვარდა ამერიკელ მსოფლიოს პრიზიორ იუსტინ რუისთან მარცხით. სამწუხაროდ, ასევე დასაწყისში წააგო ლაშა გოგიტაძემაც (ფრანგ ტარიკ ბელმანდთან), რომელმაც ამჯერად 60-ში იასპარეზა, 74-ში კი მონაწილე არ გვყოლია.

ამდენად, პოლონეთში 2 მედლის ამარა დავრჩით, მაგრამ საკადრო ანუ "ახალი სისხლის" თვალსაზრისით მაინც მნიშვნელოვანი შეჯიბრება გამოდგა. ნაკრები ახლა მინსკში დაბრუნდება, სადაც ამ ტურნირის დაწყებამდე ჩავიდა და იქ ერთობლივ შეკრებას გამართავს. პოლონეთის შემადგენლობას ხვალ, 9 აგვისტოს მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობაზე ფინალში ნაჭიდავები ოთხეულიც დაემატება: ჩემპიონები - რევაზ ნადარეიშვილი (84), შოთა გოგისვანიძე და ვერცხლის მედლის მფლობელები, ზურაბ დათუნაშვილი (74) და სანდრო დიხამინჯია.

ვფიქრობთ, პეტლიასინსკის მემორიალმა სექტემბერში სტამბოლში გასამართ მსოფლიოს პირველობაზე წამსვლელი გუნდის კონტურებიც გამოავლინა. დარჩია ხშირად "მადანაშაულებს" ნაკრების შემადგენლობის შერჩევაში, მაგრამ გავბედავ და ვიტყვი, რომ იმ სამეულს, ვისაც ამჯერად წონა არ დააკლებინეს, მწვრთნელი აქამდე მსოფლიოსთვის ამზადებდა, თუმცა რას იზამს ამ ტურნირის შემდეგ, ძნელი სათქმელია - ლაშა გოგიტაძე და ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია (84) პირველ წრეში დამარცხდნენ, ევროპის წლევანდელმა ჩემპიონმა რევაზ ლაშხმა (66) კი მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო.

ვფიქრობთ, ამათგან ლაშხის პოზიციები მაინც ურყევია, დანარჩენებისა კი რომ შეიცვალოს, არ გაგვიკვირდება. გოგიტაძემ მოიგო კარტოზიას ტურნირი, კვირკველია მეორეზე გავიდა, თუმცა კონკურენტებს პირად შეხვედრებში აჯობა, მაგრამ ახლა სუსტად გამოვიდნენ. არადა, პოლონეთში 55-ში ზურაბ მაჭარაშვილმა კარგად იასპარეზა, ხოლო 74-ში ახალგაზრდულში დათუნაშვილმა მშვენიერი სეზონი ჩაატარა...

დარჩია რადომში პირადად ესწრებოდა შეგირდთა ჭიდაობას, მაგრამ მისი აზრი კი ჯერ არ ვიცით. ვფიქრობთ, მწვრთნელი ახალ თაობას მისცემს დაწინაურების შანსს. მით უფრო, რომ ამჯერად არჩევანი აქვს - იგივე ნადარეიშვილი და გოგისვანიძე, ქაჯაია-დიხამინჯია... დარჩია სასიამოვნო პრობლემის წინაშე დგას 66-შიც - თურმანიძე თუ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი მანუჩარ ცხადაია, რომელიც ამჯერად მეხუთეზე გავიდა? შეგახსენებთ, რომ რადომში ორივე რუსთა სახელით მოჭიდავე ამბაკო ვაჩაძესთან დამარცხდა.

ნუ დაგვავიწყდება, რომ შემადგენლობის შერჩევისას მწვრთნელები ხშირად ითვალისწინებენ, ვის დააყენებენ ამა თუ იმ წონაში მათი მთავარი მეტოქეები. ამ თვალსაზრისით საინტერესოა პოლონეთში რუსთა გამოსვლა (აზერბაიჯანელები საერთოდ არ ჩასულან) - სავარაუდოდ, მათთან ბევრი რამე გაირკვა და მთელ რიგ წონებში უკვე შეგვიძლია ვთქვათ, ვის გაეჯიბრებიან ჩვენები მსოფლიოზე. ზაურ კურამაგომედოვმა (60) და რომან ვლასოვმა (74) რუსეთის პირველობაც მოიგეს და ეს ტურნირიც. ვაჩაძემ შიდა პირველობა გამოტოვა, აქ კი დამაჯერებლად იმარჯვა. 84-ში ალან ხუგაევმა რევანში აუღო მსოფლიოს, ოლიმპიურსა და ევროპის ჩემპიონ ალექსეი მიშინს რუსეთის პირველობის ფინალში მარცხისთვის. ტოტროვმაც აჯობა კონკურენტს, გაურკვეველი მდგომარეობა კი მძიმესა და 55-ში რჩებათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული