შეგახსენებთ, რომ სტამბოლში ლონდონის ოლიმპიადის საგზურებიც გათამაშდება, რომელსაც წონაში 6-6 მოწინავე ფალავანი მიიღებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ლიცენზიის მოსაპოვებლად ათლეტმა, მინიმუმ, ბრინჯაოს მედლისთვის მაინც უნდა იჭიდაოს.
ამ ახალი წესით გართულებულია ოლიმპიადაზე მოხვედრა - ადრე წონაში 8 კაცი იღებდა, აქედან ექვსი მაშინაც მედლისთვის მებრძოლი იყო, აი, დანარჩენ ორ იღბლიანში მოხვედრა კი ყველას შეეძლო, ვინც 2 წრეს მაინც
რატომღაც ისე ხდება, რომ წამყვანი გუნდებიდან ამ ეტაპზე შემადგენლობებს უმეტესად თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ასახელებენ და არა - ბერძენ-რომაელები. არადა, ჩემპიონატს უფრო ადრე ესენი იწყებენ.
სტამბოლში წასაყვანი გუნდი ჯერ არც ჩვენი ბერძენ-რომაელების დამრიგებელ ბეგი დარჩიას დაუსახელებია - ისინი დუშეთში გადიან შეკრებას და უახლოეს დღეები გამოაცხადებს. სამაგიეროდ, გუნდი ოფიციალურად წარადგინა ჩვენმა ერთ-ერთმა სტრატეგიულმა მეტოქემ - აზერბაიჯანმა.
იქაურთა თავკაცმა, მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ფარიდ მანსუროვმა ნაკრებში გარკვეული საკადრო ცვლილებები შეიტანა, რაც საკონტროლო შეხვედრებმა განაპირობა. როვშან ბაირამოვი (55), ჰასან ალიევი (60), ვიტალი რაჰიმოვი (66), რაფიკ ჰუსეინოვი (74), სამან ტახმასიბი (84), შალვა გადაბაძე (96), მაქსიმ პროხოროვი (120) - ასეთია მისი კრებული.
ჩვენთვის ყველაზე სასიამოვნოა, რომ გუნდში ისევ მოხვდა ჩვენი თანამემამულე გადაბაძე, თუმცა ის ჩვეული 84-დან ზედა წონაში სამუდამოდ განდევნა ირანელმა მსოფლიოს პრიზიორმა ტახმასიბიმ. ამ ორის გარდა, მანსუროვის ნაკრებში კიდევ ერთი ნატურალიზებული ფალავანია - პროხოროვი.
აზერბაიჯანელებს რამდენადაც ძლიერი ფალავნები ჰყავთ მჩატე წონებში, იმდენად სერიოზული საკადრო პრობლემები აქვთ ზედა წონებში და ამის გამოსწორებას სხვა ქვეყნებიდან გადაყვანილთა ხარჯზე აპირებენ, თუმცა გადაბაძე-ტახმასიბისგან განსხვავებით (თუმცა მათთვის მედალი ჯერ არც ირანელს მოუტანია, მაგრამ ის იმდენად ძლიერია, ადრე თუ გვიან, ამას აუცილებლად გააკეთებს), პროხოროვი რამდენად შეძლებს, ძნელი სათქმელია.
მოლოდინისამებრ, გუნდში კვლავაც მოხვდნენ ევროპის წლევანდელი მესამე პრიზიორი ჰასან ალიევი (60) და ევროპის წლევანდელი ჩემპიონი რაფიკ ჰუსეინოვი (74).
ამ წონებიდან ჩვენს ნაკრებში 60-ში რევაზ ლაშხს განაღდებული აქვს ადგილი და, სავარაუდოდ, 74-შიც ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია იჭიდავებს, თუმცა ეს მხოლოდ ჩვენი ვარაუდია. კვირკველიასა და ჰუსეინოვის შესაძლო დაპირისპირებაზე ვერაფერს გეტყვით, აი, ლაშხსა და ალიევს შორის კი დიდი ომია მოსალოდნელი - აზერბაიჯანელს რევანშის სურვილი ამოძრავებს აპრილის დასაწყისში დორტმუნდში, ევროპის წლევანდელი პირველობის ნახევარფინალში მარცხისთვის.
არადა, მარცხს მიუჩვეველი ალიევისთვის მეტისმეტად მწარე ალიყური იყო - ამ მართლაც ტალანტ ფალავანს 2008 წლის ევროპის ახალგაზრდული პირველობიდან მოყოლებული, წლევანდლამდე არც ერთი მნიშვნელოვანი ტურნირი არ ჰქონდა წაგებული.
ამ პერიოდში მან ორჯერ მოიგო კონტინენტის პირველობა ახალგაზრდებში (მეორედ ეს თბილისში გააკეთა 2009-ში), ამავე ასაკში ერთხელ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, რის შემდეგაც შარშან უფროსებში გადავიდა და იქ მოიგო ევროპა-მსოფლიო. საინტერესოა, რომ მან ზედიზედ ორი დუბლი გააკეთა - 2009-ში ახალგაზრდებში, 2010-ში - დიდებში. ასეთ წარმატებებს ფალავნები იშვიათად აღწევენ და რა გასაკვირია, დორტმუნდში თუ მორიგი ტრიუმფისთვის ჩავიდა, იქ კი ლაშხმა პირწმინდად დაჩაგრა. ეჭვიც არაა, ის საგანგებოდ ემზადება ჩვენს ევროპის ჩემპიონთან შესახვედრად.
ლამის ორწლიანი შესვენების შემდეგ აზერბაიჯანელთა ნაკრებს ისევ დაუბრუნდა ოლიმპიადისა და მსოფლიოს ვერცხლის მედალოსანი, ევროპის ორგზის ჩემპიონი, დედით ქართველი ბაირამოვი, რომელმაც უძნელესი კონკურენცია დასძლია - ახლახან ქალაქ გუბში დამთავრებულ შეკრებაზე საკონტროლო შეხვედრებში აჯობა ევროპის შარშანდელი ჩემპიონი ელჩინ ალიევი და ევროპის წლევანდელი ბრინჯაოს პრიზიორი ელდანიზ აზიზლი.
"მე თანდათანობით შევდივარ იმ ფორმაში, რაც საჭიროა მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით საჭიდაოდ. ფორმის პიკზე სტამბოლში ვიქნები, მაგრამ ახლავე შემიძლია განვაცხადო, რომ ყველაფერს გავაკეთებ მედლის და ლიცენზიის მოსაპოვებლად. ძალიან მინდა ოლიმპიადაზე გამოსვლა. მინდა, ჩემს თავსაც და სხვებსაც დავუმტკიცო, რომ ჩემპიონობა შემიძლია. ლონდონში 25 წლის ვიქნები - მშვენიერი ასაკია ოლიმპიური ჩემპიონობისთვის" - განაცხადა ბაირამოვმა.
მსოფლიოზე მას ვერცხლის გარდა, ბრინჯაოც მოუპოვებია, რომელსაც 2009-ში დანიაში დაეუფლა. სტამბოლში მან თავის უმთავრეს კონკურენტებად რუსი ზაურ მანკიევი (ოლიმპიადაზე ამასთან წააგო ფინალი), ირანელი მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი ჰამიდ სორიანი და სომეხი ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ვერცხლ-ბრინჯაოსა და ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელი რომან ამოიანი დაასახელა.
ამოიანთან მოსალოდნელ დაპირისპირებას ბაირამოვმა ყველაზე პრინციპული უწოდა და გამოთქვა იმედი, რომ თავად მოიგებს ამ ბრძოლას. მათ მეტოქეობას უკვე გარკვეული ისტორიაც აქვს - პეკინის ოლიმპიადაზე აზერბაიჯანელმა ნახევარფინალში აჯობა, მაგრამ სომეხმა რევანში 2009-ში მსოფლიოზე იმავე ეტაპზე აუღო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"