ალიევი-ლაშხი: ბრძოლა დაიწყო

AutoSharing Option
ჩვენი გაზეთის გუშინდელ ნომერში აზერბაიჯანელ ბერძენ-რომაელთა ნაკრების შემადგენლობა გაგაცანით და ვწერდით, რომ ევროპის წლევანდელ ჩემპიონ რევაზ ლაშხს (60) მძიმე ბრძოლა ელოდა ჰასან ალიევთან.

შეგახსენებთ, რომ ლაშხმა მას ევროპის წლევანდელი პირველობის ნახევარფინალში მოუგო, რითაც სამწლიანი წაუგებელი სერია შეაწყვეტინა. როგორც ირკვევა, ქართველთან რევანშისთვის ალიევიც საგანგებოდ ემზადება.

"მსოფლიოს ჩემპიონატზე სუსტი მეტოქე არ არსებობს. უმეტესობა იქ ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვებაზე ფიქრობს, მე კი ჩემპიონობისთვის მივდივარ. ჩემი ძირითადი კონკურენტები ყაზახი, რუსი, ირანელი და ქართველი მეტოქეები იქნებიან.

განსაკუთრებით ქართველთან მსურს შეხვედრა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე მომიგო. ის წარუმატებელი
გამოსვლა არ დამვიწყებია, წაგების მიზეზზე ბევრიც ვიფიქრე და მივხვდი, რომ ფსიქოლოგიური მოუმზადებლობის გამო წავაგე, თორემ ფიზიკურად ფორმაში ვიყავი. უბრალოდ, ფსიქოლოგიურად გადავიღალე" - განუცხადა ალიევმა აზერბაიჯანულ მედიას. თქმაც არაა საჭირო, რომ ლაშხს სერიოზული ბრძოლა ელოდება მასთან. იმედია, მეტოქეს სიურპრიზსაც შესთავაზებს.

მსოფლიოს ჩემპიონატი 12-18 სექტემბერს სტამბოლში იმართება და რამდენიმე წამყვანმა ქვეყანამ უკვე დაასახელა შემადგენლობა. რუსეთიდან ეს ოფიციალურად ჯერ მხოლოდ "თავისუფალთა" ნაკრების დამრიგებელმა ჯამბულათ თედეევმა გააკეთა, ბერძენ-რომაელთა ქართველი თავკაცი გოგი კოღუაშვილი კი დუმს.

თედეევს გუნდში იმდენი პირველხარიხოვანი ვარსკვლავი ჰყავს, თავი ქუდში აქვს და შემადგენლობა შედარებით ადრე გააცხადა: მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ვიქტორ ლებედევი (55), მსოფლიოს ასევე მოქმედი სამგზის გამარჯვებული, ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელი ბესიკ კუდუხოვი (60), ადამ ბატიროვი (66), მსოფლიოსა და ევროპის ბოლო ორი პირველობის ზედიზედ მომგები დენის ცარგუში (74), ალბერტ სარიტოვი (84), ოლიმპიური და მსოფლიოს ოთხგზის გამარჯვებული ჰაჯიმურატ გაცალოვი (96), მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ბილიალ მახოვი (120). როგორც ვხედავთ, თედეევის ნაკრები არა უბრალო, არამედ ფენომენალური შედეგების მქონე ფალავნებითაა დახუნძლული - 2, 3 და 4-გზის მსოფლიოს ჩემპიონებიც კი ჰყავს და აბა, რისი უნდა ეშინოდეს, რა უნდა დაუმალოს მეტოქე გუნდებს!

ამ კრებულში დიდი ტიტულების გარეშე ჯერჯერობით მხოლოდ ორია დარჩენილი - ბატიროვი (ოღონდ ამან ორი წლის წინ ევროპის ფინალი იჭიდავა) და სარიტოვი, თუმცა პირველმა მთავარ შესარჩევ შეჯიბრებაში - რუსეთის პირველობაზე უფროსი ძმა, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი მავლეტ ბატიროვი დაამარცხა, მეორემ - ევროპის მოქმედი ორგზის ჩემპიონი, ჩვენთვის არცთუ კარგად მოსაგონებელი ანზორ ურიშევი (გემახსოვრებათ - დორტმუნდში, ევროპის წლევანდელი პირველობის ფინალში მასთან შეხვედრაში დავით მარსაგიშვილი ლამის ჩემპიონად გამოაცხადეს, როცა მსაჯებმა გადაწყვეტილება შეცვალეს და ოქრო ჯიბიდან ამოგვართვეს) და ევროპის 2009 წლს გამარჯვებული სოსლან კცოევი.

ეთნიკურად რუსთა ვითომდა ეროვნულ გუნდში არაფერი შეცვლილა - იქ არც ამჯერადაა რუსთა ჭაჭანება, ორთავა არწივის ღირსებას კი იაკუტიელი ლებედევი, ოსები - კუდუხოვი და გაცალოვი, დაღესტნელი ავარელი ბატიროვი, აფხაზი ცარგუში, წითური ჩეჩენი სარიტოვი და ყაბარდოელი მახოვი დაიცავენ. ამათგან რუსეთის ჩემპიონატში მხოლოდ ცარგუშსა და მახოვს არ უჭიდავიათ. აღსანიშნავია, რომ მძიმე წონაში ქვეყნის ჩემპიონი დაღესტნელი კუმიკი, მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური ვერცხლის მედალოსანი ბახტიარ ახმედოვი გახდა, თუმცა მწვრთნელებმა მაინც ბოლო წლების შეუჩერებელი მანქანა მახოვი ამჯობინეს.

ჩვენთვის ყველაზე საინტერესო გაცალოვის შემთხვევაა, როგორც გიორგი გოგშელიძის ერთ-ერთი მთავარი მეტოქისა. მან წინასწარ შეხვედრებში ოლიმპიური ჩემპიონი შირვანი მურადოვი დაჯაბნა, ფინალში კი იური ბელონოვსკის მოუგო.

სრულ საბრძოლო ფორმაშია გოგშელიძის კიდევ ერთი ოსი მეტოქე, ოღონდ აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე მსოფლიოს მოქმედი და ევროპის ორგზის ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი ხეტაგ გოზიუმოვი. იქაურთა თავკაც საიპულა აბსაიდოვს შემადგენლობა ჯერ ოფიციალურად არ დაუსახელებია, თუმცა გოზიუმოვი აზერბაიჯანულ მედიას ნაკრების წევრის რანგში წარუდგა და სამომავლო მიზნებზეც ისაუბრა.

"მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა მეტოქე ძლიერია, მაგრამ მთავარი კონკურენტი გაცალოვია. ოღონდ არ ვფიქრობ მასზე, რადგან შემწევს ძალა ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად. ყველამ იცის, რომ სატმბოლში ლიცენზიები გათამაშდება, თუმცა არც მასზე ვფიქრობ, რადგან ჩემი უმთავრესი მიზანი გამარჯვებაა. თუ საგზურზე ვიზრუნებ, მაშინ, შეიძლება, მთავარი მიზანი აუსრულებელი დამრჩეს" - განაცხადა მან და დასძინა, რომ ლონდონში ოლიმპიური ჩემპიონობისთვის მიდის.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ბოლო ორი პირველობის ფინალში გაცალოვმა და გოზიუმოვმა იჭიდავეს. აქედან პირველად გამარჯვება რუსთა ოსს დარჩა, მეორედ - აზერბაიჯანელებისას.

გოზიუმოვის ამავე ინტერვიუდან და სხვა არაოფიციალური წყაროებიდან ირკვევა აზერბაიჯანის "თავისუფალთა" ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა: მაჰმუდ მაგომედოვი (55), ზელიმხან ჰუსეინოვი (60), ჯაბრაილ გასანოვი (66), აშრაფ ალიევი (74), შარიპ შარიპოვი (84) და ჯამალედდინ მაგომედოვი (120). ასევე ცნობილია ირანელ "თავისუფალთა" შემადგენლობა ერთის გამოკლებით: ჰასან რახიმი (55), მსოფლიოს ჩემპიონი კერმან ტაგავი (66), მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი სადეგ გოუდარზი (74), ალირეზა გოუდარზი (84), რეზა იაზდანი (84) და მსოფლიოს პრიზიორი ფარიდ მასოუმ ვალადი (120). აქ მხოლოდ 60 კილოგრამზე ვერ გეტყვით ვერაფერს.

"თავისუფლებში" უკრაინელებსაც სრული საბრძოლო შემადგენლობა ეყოლებათ: იური ლედენევი (55), მსოფლიოსა და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი ვასილ ფედორიშინი (60), ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი და ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი ანდრეი სტადნიკი (66), მსოფლიოს ჩემპიონი იბრაგიმ ალდატოვი (84), დმიტრი როჩნიაკი (74), ანდრეი ზასეევი (96) და ალექსანდრ ხოციანოვსკი (120). გაირკვა მასპინძელთა - თურქების შემადგენლობაც "თავისუფალში": ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ახმეტ პეკერი (55), ახალგაზრდებში მსოფლიოს გამარჯვებული ერსინ ცეტინი (60), ოლიმპიური ჩემპიონი რამაზან შახინი (66), ბატუხან დემირჩინი (74), სერხატ ბალცი (96), ევროპის ჩემპიონი ფატიჰ ჩაკიროღლუ (120).

ამ ჩემპიონატის და ლონდონში გამოსვლის იმედით რამდენიმეწლიანი განშორების შემდეგ სპორტს დაუბრუნდა 32 წლის ამერიკელი ოლიმპიური ჩემპიონი კაელ სანდერსონი (84), რომელმაც ეს გამარჯვება ათენში მოიპოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული