დებიუტანტებით მსოფლიოზე

AutoSharing Option
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების თავკაცმა ბეგი დარჩიამაც დაასახელა 12-18 სექტემბერს სტამბოლში გასამართ მსოფლიოს პირველობაზე წასაყვანი შემადგენლობა: ლაშა გოგიტაძე (55), რევაზ ლაშხი (60), მანუჩარ ცხადაია (66), მანუჩარ კვირკველია (74), ვლადიმერ გეგეშიძე (84), ირაკლი ქაჯაია (96), შოთა გოგისვანიძე (120).

როგორც ვხედავთ, გუნდში ორი დებიუტანტია - ქაჯაია და გოგისვანიძე, ოღონდ ეროვნულ ნაკრებამდე ორივემ განხვავებული გზა გაიარა. ისინი ერთ თაობას მიეკუთვნებიან და ასპარეზზეც ლამის ერთად გამოჩნდნენ, თუმცა ქუთაისელი გოგისვანიძე ჯერ ისევ რჩება ახალგაზრდული ნაკრების წევრად, წყალტუბოელი ქაჯაია კი 19 წლისაა და უკვე გადავიდა
უფროსებში.

ახალგაზრდულ ნაკრებში ორივემ განსხვავებული კარიერა მოიწყო - ქაჯაიას იქ გამოსვლა, პრაქტიკულად, არ მოუწია, გოგისვანიძე კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. თან მართლაც რომ ჩინებული, ძალზე ლამაზი და სანახაობრივი ჭიდაობით ყველას მოწონება დაიმსახურა.

სტამბოლში მისი წაყვანის შესაძლებლობაზეც პირველად მაშინ ალაპარაკდნენ და უპირველესად, სწორედ ახალგაზრდულის მსოფლიოზე ნაჩვენები ჭიდაობის ხარისხის გამო. სამწუხაროდ, უფროსებში ამ წონაში იმდენად სერიოზული ჩავარდნა გვაქვს, ბაქოში, "ოქროს დიდი პრიზის" ფინალურ შეჯიბრებაში თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ნაკრების წევრი გიორგი საკანდელიძეც კი გამოსცადეს, ეგება და ამან მაინც გაამართლოსო.

საბედნიეროდ, რუმინეთში გამართულ ასპარეზობაში ქუთაისელმა ფალავანმა გაიბრწყინა და კაცის თხოვება აღარ დასჭირდათ. აქ საკითხავი მხოლოდ ის იყო, მოასწრებდა თუ ვერა ძალების აღდგენას ახალგაზრდა ჩემპიონი, რომელიც ასეთი მაღალი რანგის ტურნირებში მონაწილეობის გამოცდილებით ვერ დაიკვეხნის.

დარჩიამ ის ახალგაზრდული ნაკრების რამდენიმე წევრთან ერთად მინსკშიც წაიყვანა "სტაიკების" ოლიმპიურ ბაზაზე გამართულ ერთობლივ შეკრებაზე. ეტყობა, მწვრთნელები მისი ამჟამინდელი ფორმით კმაყოფილები არიან, თუმცა ესეც რომ არა, მათ სხვა გზა არც აქვთ. საოლიმპიადოდ ნამდვილად აჯობებს, გოგისვანიძემ ახლა იჭიდაოს და გამოცდილება მიიღოს.

იმ დროს, როცა გოგისვანიძე ახალგაზრდულ გუნდში გვაოცებდა, ქაჯაია უფროსთა ტურნირებში წარმატებული გამოსვლით მიიკაფავდა გზას ეროვნული ნაკრებისკენ. ის საქართველოს ახალგაზრდული პირველობის ფინალში სანდრო დიხამინჯიასთან დამარცხდა, რომელმაც მერე უფროსებშიც გაიმარჯვა და თითქოს ნაკრების უპირველეს კანდიდატადაც იქცა.

საბოლოოდ მისი ვექტორი ძირითადად ახალგაზრდული ნაკრებისკენ გადაიხარა და წარმატებებსაც მიაღწია - ევროპაზე მესამე იყო, მსოფლიოზე კი ვერცხლი მოიპოვა. დიხამინჯიამ რამდენჯერმე უფროსებს შორისაც იჭიდავა, მაგრამ არცთუ წარმატებით, ამასობაში კი ქაჯაიამ გივი კარტოზიას სახელობის "ოქროს დიდი პრიზის" ტურნირი მოიგო და მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობისთვის პირველი სერიოზული განაცხადი გააკეთა.

თუმცა მას ჯერ კიდევ რჩებოდა დასაძლევი ერთი ძლიერი კონკურენტის წინააღმდეგობა - ნაკრებში მოხვედრის პრეტენზიას ტრავმამოშუშებული ევროპის პრიზიორი სოსო ჯაბიძეც აცხადებდა, რომელიც კარტოზიაზე მერვეზე გავიდა. მეხუთე იყო კიდევ ერთი კონკურენტი, ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელი ჩემპიონი ვასილ იმერლიშვილი.

მოგვიანებით ჯაბიძემ ბურგასში ბრინჯაო კი მოიპოვა, მაგრამ, ვფიქრობთ, ამ წონაში კონკურენცია აგვისტოს დასაწყისში პოლონეთში გადაწყდა პეტლიასინსკის ტურნირზე, სადაც დარჩიამ სამივე კანდიდატი წაიყვანა - ქაჯაია, ჯაბიძე და იმერლიშვილი (ამ დროს დიხამინჯია უკვე მთლიანად ახალგაზრდულ გუნდზე იყო გადართული - სულ რამდენიმე დღის ნაჭიდავები ჰქონდა მსოფლიოზე და ეროვნულის კანდიდატებში აღარ მოიაზრებოდა).

პოლონეთში ქაჯაიამ კიდევ ერთხელ გაგვაოცა - მხოლოდ ნახევარფინალში დამარცხდა ამჯამად მართლაც ჩინებულ ფორმაში მყოფ მომავალ ჩემპიონთან, რუს რუსტამ ტოტროვთან (ამან რუსეთის პირველობაზე ოლიმპიური ჩემპიონი ასლანბეკ ხუშტოვი გააცამტვერა) დამარცხდა და მესამეზე გავიდა, ჯაბიძე და იმერლიშვილი კი უმედლოდ დარჩნენ. აღსანიშნავია, რომ ჯაბიძემ ბულგარელთა ალბანელ ნატურალიზებულ ევროპის პრიზიორ ელის გურთან წააგო, რომელსაც მერე ქაჯაიამ მოუგო. აქვე ისიც გავიხსენოთ, რომ გურთან დიხამინჯიაც დამარცხებულა - ბურგასში.

ერთი სიტყვით, ქაჯაიამ დაიმსახურა ნაკრებში ადგილი, მისი შემთხვევა კი ზუსტად ემთხვევა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრ ლევან ბერიანიძის შარშანდელ ამბავს - მაშინ ძლიერი კონკურენციის გამო ახალგაზრდულში ვერც ის ხვდებოდა, მაგრამ საერთაშორისო შეჯიბრებებში ივარგა და მერე მსოფლიოზე ბრინჯაოც მოიპოვა. ღმერთმა ჰქნას, ქაჯაიას ამბავიც ასე დასრულდეს.

ამ ეტაპზე ახალი თაობის სხვა წარმომადგენლები ნაკრებში ვერ მოხვდნენ. არადა, ამის შანსი თითქოს ახალგაზრდებში მსოფლიოს კიდევ ერთ წლევანდელ გამარჯვებულ რევაზ ნადარეიშვილსაც (84) ჰქონდა - ის ოქროც იმსახურებდა ყურადღებას, რასაც კარტოზიას ტურნირზე მოპოვებული ვერცხლიც დაემატა, ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დაბრუნებულ გეგეშიძეს კი ნამდვილად არ ჩაუტარებია საუკეთესო სეზონი. ეტყობა, ნადარეიშვილმა ვერ მოასწრო ძალების აღდგენა. თან მას უფროსებში არც საკმარისად უჭიდავია, ხოლო შემადგენლობის გამოცხადებას წინ საკონტროლო შეხვედრებიც უძღოდა...

ერთი სიტყვით, დარჩია დანარჩენ წონებში ისევ ძველ კადრებს დაეყრდნო. იმათგან გეგეშიძეს და ლაშხს საერთოდ არ უჭიდავიათ კარტოზიაზე - მსოფლიოსთვის მთავარ შესარჩევზე, ევროპის მედალოსანმა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ცხადაიამ კი 74-ში იასპარეზა, სადაც კვირკველიამ მოუგო და მესამეზე გავიდა.

მწვრთნელებმა იმხანად ჯერ კიდევ ტრავმირებულ გეგეშიძეს მაინც დაუტოვეს ნაკრებში მოხვედრის შანსი, როგორც ლაშხს, რომელიც ტრიუმფით მოგებული ევროპის პირველობის ხათრით დაასვენეს და მსოფლიოსთვის მშვიდად მომზადების საშუალება მისცეს. მათ ცხადაიასთვისაც დაუშვეს გამონაკლისი, თუ წონას დაიკლებდა და 66-ს დაუბრუნდებოდა. მასაც სხვა გზა არ ჰქონდა და საბოლოოდ ასეც მოიქცა. გოგიტაძემ მოიგო კარტოზიას ტურნირი, კვირკველია კი მეორეზე გავიდა.

ნაკრები დუშეთში გადის ბოლო შეკრებას, რომელსაც 9 აგვისტოს დაამთავრებენ, 10-ში დილით კი სტამბოლში გაფრინდებიან. მსოფლიოს ჩემპიონატსაც ისინი გახსნიან - 12 აგვისტოს 55, 66 და 96-ის ფალავნები იჭიდავებენ, მეორე დღეს - 60, 84 და 120-ის, 14-ში კი 74-ში გაიმართება შეხვედრები. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს პირველობაზე ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ლიცენზიებიც გათამაშდება - ყოველ წონაში 6-6 ანუ მას მხოლოდ ისინი მიიღებენ, ვინც მედლისთვის იჭიდავებს.

დასასრულს, ერთ რამესაც დავამატებთ - როგორც უნდა იჭიდაონ ახალგაზრდებმა სტამბოლში, ცხადია, რომ ოლიმპიურ გუნდში ახალი თაობის რამდენიმე წარმომადგენელს ნამდვილად ვიხილავთ. იქამდე ერთი წელიწადია დარჩენილი და ახალგაზრდები კიდევ მოუმატებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული