კოღუაშვილი და ვაჩაძე ქართველთა პირისპირ

AutoSharing Option
მოჭიდავეთა მოახლოებული მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ჩვენებურთა კიდევ ერთი სტრატეგიული მეტოქის - რუსეთის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა გაირკვა.

ეს ჩვენთვის იმითაცაა საინტერესო, რომ სტრატეგიულობის გარდა, რუსთა ნაკრებს ქართველი მწვრთნელი გოგი კოღუაშვილი თავკაცობს, ხოლო გუნდის შემადგენლობაში ქართველი ფალავანიცაა - მსოფლიოს მოქმედი და ევროპის სამგზის ჩემპიონი ამბაკო ვაჩაძე (66), რომელიც მანუჩარ ცხადაიასთვის ერთ-ერთი მთავარი მეტოქე იქნება.

ვაჩაძის გარდა, 12-18 სექტემბერს სტამბოლში ევროპის ბრინჯაოს მედალოსანი ბეკხან მანკიევი (55), იმავე ჯილდოს მფლობელი ზაურ კურამაგომედოვი (66), ევროპის წლევანდელი მესამე პრიზიორი რომან ვლასოვი (74), ევროპის წლევანდელი
ვიცე-ჩემპიონი ალან ხუგაევი (84), რუსტამ ტოტროვი (96) და ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის ორგზის გამარჯვებული ხასან ბაროევი (120) იჭიდავებენ.

ამ ფალავანთაგან რუსთათვის მთავარი შესარჩევ შეჯიბრებაზე - ქვეყნის პირველობაზე ვაჩაძესა და ბაროევს არ უჭიდავიათ, თუმცა კოღუაშვილი მაშინვე ამბობდა, რომ ისინი ამ წონებში მსოფლიოზე წასვლის უპირველესი კანდიდატები იყვნენ. თუმცა ამ გუნდის მთავარ მოულოდნელობად მაინც ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ხუთგზის ჩემპიონ ალექსეი მიშინის ნაკრებს მიღმა დარჩენაა - ეტყობა, ვეტერანი ახალგაზრდა კონკურენტმა ხუგაევმა საბოლოოდ ამოაგდო ნაკრებიდან, რადგან ზედიზედ მეორედ გადაუღობა დიდი ტურნირისკენ მიმავალი გზა.

წლევანდელი სეზონი მათი მძაფრი კონკურენციით წარიმართა - სამჯერ იჭიდავეს გადამწყვეტი შეჯიბრების ფინალში. პირველად ეს ივან პოდუბნის მემორიალზე მოხდა, რომელიც რუსებისთვის საევროპოდ მთავარი შესარჩევი შეჯიბრებაა. მაშინ ხუგაევმა იმარჯვა, ევროპაზეც წავიდა და ფინალამდეც გააღწია, სადაც მასავით ახალგაზრდა უკრაინელ ვასილ რაშიბასთან წააგო.

ისინი ერთმანეთს მეორედ რუსეთის ჩემპიონატის გადამწყვეტ შეხვედრაში დაუპირისპირდნენ და მიშინმა რევანშიც აიღო, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავდა სტამბოლის საგზურის განაღდებას - საამისოდ საჭირო იყო პოლონეთში, პეტლიასინსკის ტურნირზე კარგად გამოსვლა. კონკურენტები იქაც ფინალში გავიდნენ და დაძაბულ, უფრო ტაქტიკურ ჭიდაობაში ხუგაევმა იმარჯვა. იმ შეხვედრას აშკარად ეტყობოდა, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მონაწილენი. მსაჯთა გადაწყვეტილებით მიშინი უკმაყოფილოც დარჩა, თუმცა არბიტრთა დადანაშაულება ძნელია.

პეტლიასინსკის ტურნირმა გადაწყვიტა საკადრო დილემა 84-შიც. კრასნოიარსკში გამართული რუსეთის პირველობა მასპინძელთა გასახარად ადგილობრივმა ფალავანმა - ნიკიტა მელნიკოვმა მოიგო, თუმცა ის პოლონეთში მესამეზე გავიდა, ტოტროვი კი ჩემპიონი გახდა. იქ მათ ერთმანეთში არ უჭიდავიათ, მაგრამ არც იყო საჭირო - იმ ტურნირზე ტოტროვი ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა და არც კოღუაშვილს გასჭირვებია გადაწყვეტილების მიღება. არადა, მელნიკოვი ზედიზედ მეორედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, თუმცა ვერც ამჯერად მიიღო ნაკრებში ადგილი.

შეგახსენებთ, რომ ტოტროვმა პოლონეთში ნახევარფინალში ირაკლი ქაჯაია დაამარცხა. იმედია, ჩვენი სამწვრთნელო ბანაკი გაითვალისწინებდა მაშინ დაშვებულ შეცდომებს, თუმცა ოსი ჯერ კიდევ იქ წარმოჩნდა ჩინებულ ფორმაში, მას შემდეგ კი უფრო მოუმატებდა. მან რუსეთის პირველობაზე პირწმინდად დაჩაგრა ყაბარდოელი ოლიმპიური ჩემპიონი ასლანბეკ ხუშტოვი, ოღონდ მაშინ ესეც ტრავმირებული ჭიდაობდა.

საინტერესოა ნაკრებში მანკიევის გამოჩენა. ის ოლიმპიურ ჩემპიონ ნაზირ მანკიევის უფროსი ძმაა და კოღუაშვილი ჯერ კიდევ შარშან წუხდა, ბეკხანი ნაზირზე უფრო ნიჭიერია, მაგრამ ტრავმების გამო თავისი შესაძლებლობების რეალიზებას ვერ ახერხებსო. მას ტრავმები რუსეთის პირველობაზე ჭიდაობისასაც აწუხებდა, მაგრამ როგორც თვითონ განაცხადა, პრობლემები მინიმუმამდე იყო დაყვანილი.

ალბათ, ასეცაა, რადგან გამარჯვება არ გასჭირვებია. სამაგიეროდ, ტრავმების გამო ქვეყნის პირველობა მისმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ძმამ გამოტოვა. ბეკხან მანკიევმა საინტერესო პარალელი გაავლო ჩეჩენ ძმებთან, ოლიმპიურ ჩემპიონებთან ბუვაისა და ადამ საიტიევებთან. მანკიევები ეროვნებით ინგუშები არიან, თუმცა საიტიევების მსგავსად, ისინიც კრასნოიარსკში გადაბარგდნენ საცხოვრებლად უკეთესი სავარჯიშო პირობების გამო.

ბეკხანმა გამოთქვა იმედი, რომ მათი ძმური წყვილიც ოლიმპიური ჩემპიონის რანგში დაასრულებს კარიერას. მით უფრო, საქმის ნახევარი უკვე გაკეთებულია - მანკიევი პეკინში დაეუფლა ამ ტიტულს. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ მოჭიდავეა მათი მამიდაშვილიც - რუსტამ ხუჩბაროვი, რომელიც შარშან რუსეთის ჩემპიონი გახდა.

ჩვენი გუნდის ყველაზე ტიტულოვან წევრს, ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ მანუჩარ კვირკველიას (74) ამბიციურ და სახიფათო მეტოქესთან მოუწევს პაექრობა - რომან ვლასოვთან, რომელსაც ლეგენდარულ ალექსანდრ კარელინის მწვრთნელი ვიქტორ კუზნეცოვი ავარჯიშებს.

ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონმა ჯერ პოდუბნის მემორიალი მოიგო, სადაც ნახევარფინალში მსოფლიოს შარშანდელი პრიზიორი იმილ შარაფეტდინოვი დაამარცხა, ფინალში კი თვით ვარტარეს სამურგაშევს, მსოფლიოს, ოლიმპიადისა და ევროპის ჩემპიონს აჯობა.

მაშინ ისიც გაიხსენა, რომ ჯერ კიდევ 5 წლის წინ მისი საყვარელი წიგნი სამურგაშევის ავტობიოგრაფია იყო და კუმირთან ხალიჩაზე შეხვედრა ეგრეც ვერ წარმოედგინა. ეტყობა, წარმატებამ თავდაჯერებაც შესძინა და რუსეთის ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ სხვანაირად ალაპარაკდა - როცა ალექსანდრ კარელინის კლუბს წარმოადგენ, ოქროს გარდა სხვა შედეგზე არც უნდა იფიქროო. მისი სანაკრებო დებიუტი ევროპაზე შედგა, რაც ბრინჯაოთი დააგვირგვინა.

ქვეყნის პირველობის ფინალში მან უკვე მეორედ დაამარცხა შარაფეტდინოვი. ცხადია, ის კვირკველიასთვის ერთ-ერთი სერიოზული კონკურენტი იქნება. თუმცა იმ წონებში, სადაც უფრო მეტად ველოდებით მედლებს, ჩვენთვის ყველაზე საშიში მეტოქე მაინც ქართველი ვაჩაძეა.

ცხადაია და ვაჩაძე 2009 წელს ევროპაზეც შეხვდნენ ერთმანეთს და მსოფლიოზეც - პირველში მეტოქემ იმარჯვა, ცხადაიამ კი რევანში მსოფლიოზე აიღო. ვაჩაძემ წლეულსაც დაიდო თანამემაულის ცოდვა - ევროპაზე ანტონ მამაგეიშვილს აჯობა. ბევრს ვერაფერს გეტყვით რევაზ ლაშხისა (60) და კურამაგომედოვის მოსალოდნელ დაპირისპირებაზე. ლაშხმა წლეულს ტრიუმფით მოგო ევროპის პირველობა, დაღესტნელ ავარელ კურამაგომედოვს კი აქამდე ბევრჯერ მიეცა თავის გამოჩენის შანსი, თუმცა მხოლოდ ერთხელ მოიპოვა ევროპული ბრინჯაო.

ვფიქრობთ, ლაშხი თუ სათანადოდაა მომზადებული, კურამაგომედოვი მისთვის გადაულახავი ბარიერი ვერ იქნება.
ამასობაში ირკვევა, რომ შეიძლება, ცვლილება მოხდეს აზერბაიჯანელ ბერძენ-რომაელთა გუნდში. მათი შემადგენლობა უკვე გაგაცანით და რუსეთიდან გადაბირებულ მძიმეწონოსან მაქსიმ პროხოროვზე ჩვენც გამოვთქვით ეჭვი სერიოზული წარმატების მოპოვების შესახებ.

გუშინ აზერბაიჯანულმა წყაროებმა გაავრცელეს იქაური ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ნამიკ ალიევის სიტყვები, რომ, შესაძლოა, პროხოროვი შეცვალონ. ამ წონასი ჩვენ გვყავს კადრი, რომელსაც მედლის მოპოვებაც შეუძლია და - ლიცენზიისაცო, განაცხადა ალიევმა, რაც ძალზე გადაჭარბებული გვგონია - მათ ამ წონაში ამდენად ძლიერი ფალავანი არ ჰყავთ. ალიევს კონკრეტული გვარ-სახელი არ გაუმხელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული