ბერძენ-რომაელები მსოფლიოს გზაზე

AutoSharing Option
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა დღეს დაამთავრა შეკრება დუშეთში, გამთენიისას კი სტამბოლში გაფრინდება, სადაც 12-18 სექტემბერს მსოფლიოს პირველობა ტარდება.

უშუალოდ ბერძენ-რომაელები 12-14-ში იჭიდავებენ, მერე ჩემპიონატს ქალები გააგრძელებენ და თავისუფალი სტილით მოჭიდავეები დაასრულებენ.

ჩვენი გუნდი ტურნირში ასეთი შემადგენლობით გამოვა: ლაშა გოგიტაძე (55), რევაზ ლაშხი (60), მანუჩარ ცხადაია (66), მანუჩარ კვირკველია (74), ვლადიმერ გეგეშიძე (84), ირაკლი ქაჯაია (96), შოთა გოგისვანიძე (120).

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ შემადგენლობაში ორი ძალზე ახალგაზრდა დებიუტანტია - ქაჯაია 19 წლისაა, გოგისვანიძეს კი ერთი სეზონი ისევ რჩება ახალგაზრდულში. გოგისვანიძე
ახალგაზრდებში წლეულს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და სტამბოლში წასვლის პატივიც ამის შემდეგ ერგო, ქაჯაიას კი ახალგაზრდულშიც არ უწევდა ხშირად გამოსვლა, თუმცა მან დამაჯერებლად იასპარეზა საერთაშორისო ტურნირებში - გაიმარჯვა გივი კარტოზიას სახელობის "ოქროს დიდ პრიზზე", პოლონეთში კი მესამე იყო პეტლიასინსკის პრესტიჟულ შეჯიბრებაზე.

ამ დუეტის გარდა, დარჩია ყველა წონაში კვლავაც ძველ სახეებს დაეყრდნო. ცუდია, რომ ამ ეტაპზე ნაკრებში კვლავ ვერ ვიხილეთ არჩილ თურმანიძე (60). არადა, პოლონეთში მან შედეგით აჯობა ცხადაიას - ფინალში გავიდა, სადაც მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, რუსეთის სახელით მოასპარეზე ამბაკო ვაჩაძესთან წააგო. სამწუხაროდ, თურმანიძემ მზადების ბოლო ეტაპებზე იავადმყოფა. ასევე დასანანია, რომ ნაკრებში ვერ მოხვდა ახალგაზრდებში მსოფლიოს კიდევ ერთი წლევანდელი ჩემპიონი რევაზ ნადარეიშვილი (84).

უდაოდ, გუნდის გამოკვეთილ ლიდერებად ევროპის წლევანდელი გამარჯვებული ლაშხი და ყველა უმთავრესი ტიტულის მფლობელი - ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი კვირკველია რჩებიან, რომელთაგანაც ახლაც წარმატებულ გამოსვლას ელოდებიან.

12 სექტემბერს 55, 66 და 96-ის ფალავნები იჭიდავებენ, მეორე დღეს - 60, 84 და 120-ის, 14-ში კი 74-ში გაიმართება შეხვედრები. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს პირველობაზე ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ლიცენზიებიც გათამაშდება - ყოველ წონაში 6-6 ანუ მას მხოლოდ ისინი მიიღებენ, ვინც მედლისთვის იჭიდავებს.

გაცალოვმა გოგშელიძეც ახსენა
აქვე ერთი საინტერესო ცნობაც თავისუფალ ჭიდაობაზე, მეტოქეთა ბანაკში მოხმდარ საყურადრებო ამბავზე - ვარჯიშზე დაშავდა აზერბაიჯანის ნაკრების კაპიტანი, მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ხეტაგ გოზიუმოვი (96), რომელიც გიორგი გოგშელიძისთვის ერთ-ერთი უმთავრესი კონკურენტია.

ტრავმის ხარისხსა და სიმძიმეზე იქაურები არაფერს წერენ, თუმცა იმედოვნებენ, რომ გოზიუმოვი ჩემპიონატის დაწყებამდე მოასწრებს გამოჯანმრთელებას. მისი ტრავმა, უპირველესად, რუს ჰაჯიმურატ გაცალოვს გაახარებდა, თუმცა ოსი თავშეკავებულია თანამემამულის მიმართ (შეგახსენებთ - ეროვნებით ორივე ოსია). მსოფლიოს ბოლო ორი პირველობის ფინალში ერთმანეთს გაცალო და გოზიუმოვი შეხვდნენ. ამათგან შარშანწინ გაცალოვმა იმარჯვა, შარშან - გოზიუმოვმა. გაცალოვმა ამჯერად განაცხადა, რომ ის სპეციალურად არ ემზადება გოზიუმოვთან შესახვედრად, რომელსაც ერთ-ერთ მტავარ კონკურენტად კი განიხილავს, მაგრამ არა ერთადერთად.

"96 კილოგრამი ძალიან ძლიერი წონაა რუსეთსიც და მთელ მსოფლიოშიც. გოზიუმოვი ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგეა, მაგრამ არიან სხვებიც - ირანელი, ამერიკელი და ძლიერი ქართველი" - განაცხადა მან. როგორც ვხედავთ, მსოფლიოს ოთხგზისა და ოლიმპიურ ჩემპიონს არც ძველი მეტოქის, გოგშელიძის აღნიშვნა დავიწყებია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული