ვერცხლი და საგზური მანუჩარ ცხადაიასგან

AutoSharing Option
ვიდეო
მსოფლიოს პირველობის ვერცხლის მედალი და ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზია - ასეთი შედეგით დაიწყო გამოსვლა ჩვენმა ბერძენ-რომაელთა ნაკრებმა სტამბოლში, მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე. ამ წარმატებას გუშინ 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მანუჩარ ცხადაიამ მიაღწია, რომელსაც მედლისთვის მადლობის მეტი არაფერი ეთქმის, თუმცა ეს მისთვის მეორედ წაგებული მსოფლიოს ფინალია და იოლად წარმოიდგენთ, როგორ ხასიათზეც იქნება.

შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირის ფინალში ის 2009 წელსაც გავიდა, მაგრამ აზერბაიჯანის ნაკრების ამჟამინდელ თავკაცთან. ოლიმპიურ და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ფარიდ მანსუროვთან მსაჯებმა წააგებინეს. მის მიერ მოპოვებული ლიცენზია მესამეა საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის
ყულაბაში. აქამდე ლონდონში წასვლა მხოლოდ სასროლო სახეობების წარმომადგენლებს - ტყვიის მსროლელ ოლიმპიურ ჩემპიონ ნინო სალუქვაძეს და მსოფლიოს ვერცხლის მედალოსან მშვილდოსან ქრისტინე ესებუას ჰქონდათ.

გუშინ მოჭიდავე ჩვენი სამეულიდან ცხადაია ერთადერთი იყო, ვისაც წილისყრამ შედარებით გაუმართლა - თავიდან სუსტი მეტოქეები ერგო. თუმცა ბედის წყალობა მას თურმე წინ ელოდა, როცა მისი მთავარი კონკურენტები თავიდანვე გავარდნენ - მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი, რუსთა ქართველი ამბაკო ვაჩაძე ხორვატ დანიელ იანჩიჩთან დამატებით დროში დამარცხდა, მსოფლიოს უკრაინელი ვიცე ჩემპიონმა არმენ ვარდანიანმა კი პორტუგალიელ ჰუგო პასოსთან წააგო. ცხადაიასაც მოგების მეტი რა დარჩენოდა და ფინალშიც უპრობლემოდ გავიდა, თუმცა კი პირველივე შეხვედრა მარცხით დაიწყო ალჟირელ მოჰამედ სერირთან - საწყისი პერიოდი 1:3 წააგო. სამაგიეროდ, მომდევნოებში ყველაფერი თავის ადგილას დააყენა - 3:0; 6:0 მოიგო.

ამის შემდეგ ჩვენებურს დამატებითი დრო მხოლოდ ერთხელ დასჭირდა - მესამე წრეში უნგრელ ევროპის ექს-ჩემპიონ ტამაშ ლორინცთან. მადიარი სოლიდური მეტოქეა და საშიშიც ჩანდა. ცხადაიამ პირველ პერიოდში 1:0 იმარჯვა, მაგრამ 1:2 დათმო მეორე. საბედნიეროდ, მესამეში კვლავაც იმარჯვა. დანარცენ შეხვედრებში ფინალამდე - შვეიცარიელ პასკალ სტრებელთან, კუბელ პედრო ისააკ მულენს ჰერერასთან და ამერიკელ ჯუსტინ ლესტერთან ძირითად დროში ისე იმარჯვა, ქულაც კი არ დაუთმია მათთვის.

ფინალში მისი მეტოქე ირანელი საეიდ აბდვალი ჩვენთვისაც კარგადაა ნაცნობი - წლეულს გივი კარტოზიას სახელობის "ოქროს დიდ პრიზზე" მესამეზე გავიდა, ოღონდ - 74-ში. ურიგოდ არც მაშინ უჭიდავია, თუმცა მაინც ვერ წარმოვიდგენდით, მსოფლიოს მომავალ ჩემპიონს თუ ვადევნებდით თვალს. სამწუხაროდ, ფინალი მისი აშკარა უპირატესობით წარიმართა - მთელ შეხვედრას ის აკონტროლებდა. პირველი პერიოდი მეტად ბანალურად მოიგო, წრიდან გაყვანით. ის მთელი ბოლო ნახევარი წუთი ცდილობდა ამას, ცხადაია კი რატომღაც წრის შუაგულში შემოსვლას არ ცდილობდა. ირანელი ფიზიკურადაც უკეთ გამოიყურებოდა და მეორე პერიოდიც ამის ხარჯზე მოიგო - ჩოქბჯენში ჩააყენეს, მაგრამ ცხადაიამ დატრიალება ვერ მოახერხა. მეტიც - მეტოქე მალევე გაექცა და ფეხზე წამოუდგა, აქ კი ჩვენებური ვა-ბანკზე წავიდა, მოუმზადებლად შეუტია და ზედ მიახტა, ასეთი შემთხვევა კი უმეტესად კონტრილეთით მთავრდება და აბდვალიმაც უპრობლემოდ მოიპოვა ერთი ქულა. ცხადია, წაგება ცუდია, თუმცა ცხადაიამ წონაშიც ბევრი დაიკლო და მსოფლიოს ფინალში გასვლა მაინც დიდი წარმატებაა.

სამწუხაროდ, გუშინ ჩვენმა სხვა მონაწილეებმა ვერაფრით გაგვახარეს. მოლოდინისამებრ, ლაშა გოგიტაძე (55) პირველივე წრეში დამარცხდა უკრაინელ ევროპის ვიცე-ჩემპიონ ვუგარ რაგიმოვთან და რაკიღა ამანაც იქვე წააგო სომეხ რომან ამოიანთან (როგორც ევროპის წლევანდელი პირველობის ფინალში), ჩვენებური ვერც სანუგეშო წრეში გადაერთო.

პირველივე შეხვედრაში დამარცხდა დებიუტანტი ირაკლი ქაჯაია (96), თუმცა ის დიდხანს ინარჩუნებდა დამამშვიდებელში გადასვლის შანსს. ჩვენებური ეგვიპტელ მსოფლიოს ექს-ჩემპიონ იბრაგიმ მოჰამედ აბდელ ფატაჰთან დამარცხდა, რომელიც ნახევარფინალშიც გავიდა. ჩვენდა სამწუხაროდ, ასე ერთი ნაბიჯი დააკლდა მას ფინალამდე, ჩვენ კი - სანუგეშომდე, რადგან იმ ეტაპზე მომავალ ჩემპიონ ელის გურთან წააგო. ბულგარელთა ალბანელი ნატურალიზებული ფალავანი სტამბოლში ჩინებულად გაისარჯა - ეგვიპტელამდე რუს რუსტამ ტოტროვსაც სძლია, ფინალში კი შვედ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ჯიმი ლიდბერგს აჯობა.

დღეს სტამბოლის "სინან ერდენ არენაზე" კვლავაც სამი წონითი კატეგორიის ფალავნები იჭიდავებენ, ჩვენგან კი ევროპის ჩემპიონი რევაზ ლაშხი (60), ვლადიმერ გეგეშიძე (84) და შოთა გოგისვანიძე (120) იასპარეზებენ. წილისყრამ არც ამ სამეულს გაუმართლა, ყველაზე მეტად კი ლაშხი დაიჩაგრა. გარდა იმისა, რომ მას პირველივე წრეში მეტოქედ მსოფლიოს მოქმედი იაპონელი ვიცე-ჩემპიონი რიუტარო მაცუმოტო ერგო, ხოლო მერე წრეში სავარაუდო მოწინააღმდეგე კორეელი მსოფლიოსა ასევე შარშანდელი ბრინჯაოს მედალოსანი ჯი-ჰიუნ ჯუნგი იქნება, ჩვენებური ფსიქოლოგიურადაც ფრიად არასახარბიელო ვითარებაშია, რადგან შარშან ორივესთან წააგო მსოფლიოზე - იაპონელთან მესამე წრეში დამარცხდა, კორეელთან კი ბრინჯაოსთვის გამართული შეხვედრა დათმო. თუმცა მას შემდეგ ლაშხმა დიდი პროგრესი განიცადა და წლეულს დამაჯერებლად მოიგო ევროპის ჩემპიონატი.

ვიქონიოთ იმედი, რომ ამ ფალავნებთან შეხვედრა მისთვის სარევანშო სტიმული იქნება და არა სასოწარკვეთის მიზეზი. მით უფრო, ევროპის პირველობა სწორედ ძლიერი ნებისყოფის ხარჯზე მოიგო. არადა, ლაშხს სტამბოლში უძნელესი ბადე ერგო - ამ ჯგუფს თუ გაივლის, მეოთხედფინალში გავა, იქ კი მისი მეტოქე ფინელ ევროპის ჩემპიონ იარკო ტაპანი ალა-ჰუიკუს, ასევე კონტინენტის ჩემპიონ რუმინელ ეუსებიო დიაკონუსა და სერბ ევროპის პრიზიორ დავორ სტეფანეკს შორის გაირკვევა.

არანაკლები ბრძოლა გაჩაღდება ამათი მეოთხედფინალური მეტოქის გამოსავლენად, სადაც ერთად მოხვდნენ რუსი, თურქი მოჭიდავეები და კარტოზიას ტურნირის წლევანდელი გამარჯვებული ირანელი ომიდ ნოროოზი. ერთი სიტყვით, წონის მთელი ელიტა ამ მხარესაა შეკრებილი, მხოლოდ აზერბაიჯანელი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჰასან ალიევი აკლიათ.

წილისყრამ დიდად არც დებიუტანტ გოგისვანიძეს გაუმართლა. ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი თავიდან ირანელ ბაშირ ასგარი ბაბაჯანზადეჰ დარზის დაეჭიდება, მის მხარეს კი მოხვდნენ ბელარუსტა ქართველი ევროპის პრიზიორი ბესარიონ ჩუგოშვილი და რუსი ალექსანდრ ანუჩინი, რომელიც გოგი კოღუაშვილმა ოლიმპიურ ჩემპიონ ხასან ბაროევის ნაცვლად მაინც დააყენა გუნდში.

ბადის ამ მხარეს კიდევ რამდენიმე ცნობილი ფალავანია - მსოფლიოს ბოლო სამი, სულ კი ოთხი პირველობის გამარჯვებული და ოლიმპიური ჩემპიონი მიჯაინ ლოპესი, ესტონელი მსოფლიოს ჩემპიონი ჰეიკი ნაბი, მსოფლიოს შარშანდელი სომეხი ფინალისტი იური პატრიკეევი, ჩეხი მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის მედალოსანი მარეკ სვეკი... ბედის საჩუქარი არც გეგეშიძეს ერგო - ჯერ ფრანგი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი მელონინ ნოუმონვი, მერე კი პერსპექტივაში ხორვატ მსოფლიოს პრიზიორ ნენად ზუგაისთან შეხვედრა.

კვარცხლბეკი. ბერძნულ-რონმაული ჭიდაობა.
55 კგ. 1. როვშან ბაირამოვი (აზერბაიჯანი); 2. ელბეკ ტოჟიევი (ბელარუსი); 3. შუჯინ ლი (ჩინეთი), ბეკხან მანკიევი (რუსეთი); 34. ლაშა გოგიტაძე (საქართველო).
66 კგ. 1. საეიდ აბდვალი (ირანი); 2. მანუჩარ ცხადაია (საქართველო); 3. ჰიეონ-ვოო კიმი (კორეა), პედრო ისააკ მულენს ჰერერასთან (კუბა).
96 კგ. 1. ელის გური (ბულგარეთი); 2. ჯიმი ლიდბერგი (შვედეთი); 3. რუსტამ ტოტროვი (რუსეთი), ცენკ ილდემი (თურქეთი). 34. ირაკლი ქაჯაია (საქართველო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული