მორიგი იმედგაცრუება კვირკველიასგან

AutoSharing Option
ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა მანუჩარ კვირკველიამ (74) სტამბოლში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მორიგი ალიყური გვაგემა - პირველ წრეში ფინელ ჰენრი ესკო ველიმაკის ძირითად დროში კი მოუგო 4:0; 1;0, მაგრამ მეორე წრეში ხორვატ ნევენ ზუგაისთან დამატებითში წააგო.

სამწუხაროდ, ტურნირი ორგანიზაციულად დიდად ვერ დაიკვეხნის - ჯერ მარტო გახსნის ცერემონიალი რას ჰგავდა, როცა ტრადიციული მოკლე, ეფექტური პროგრამის ნაცვლად ლამის კონცერტი შემოგვთავაზეს და დაახლოებით საათნახევრიანი ტაშ-ფანდურა გამართეს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მერე კი ტრანსლაცია, პრაქტიკულად, არ ხდება - წინასწარ შეხვედრებში მხოლოდ საკუთარი ფალავნების ჭიდაობას
აჩვენებენ, თითქოს სხვები არც არსებობენ.

ვინაიდან გუშინ ვაჟთაგან მხოლოდ 74-ის ფალავნები ასპარეზობდნენ, მათი ქალები კი ადრევე გავარდნენ, პრაქტიკულად, ოპერატორებმა მხოლოდ მომავალ ჩემპიონ სელჯუკ ჩების შეხვედრები გვანახეს. ამიტომ კვირკველიასა და ხორვატის შეხვედრის პერიპეტიებს მხოლოდ ოქმიდან თუ ამოვკრიფავთ, ვიდრე ჩანაწერს მაინც გვაღირსებენ.

ოქმის მიხედვით დავადგინეთ, რომ ორთაბრძოლა ჩვენებურის უპირატესობით დაიწყო - პირველი პერიოდი 4:1 მოიგო, მაგრამ მერე მისი შემართება სადღაც გაქრა, ჯერ მეორე პერიოდი წააგო მინიმალური ანგარიშით, ბოლოს კი ვერც დამატებითში შეძლო მობილიზება, რომელიც 0:2 დათმო.

კვირკველიას შემდეგ ხორვატმა კიდევ ერთი ტიტულოვანი ფალავანი ჩამოიცილა - ევროპის წლევანდელი აზერბაიჯანელი ჩემპიონი რაფიგ ჰუსეინოვი, რითაც ჩვენებურს სანუგეშო წრეში გადასვლის შანსი გაუხანგრძლივა, მაგრამ ნახევარფინალში ეს იმედიც ჩაკვდა, როცა ზუგაი მსოფლიოს მომავალ ჩემპიონთან, რუს რომან ვლასოვთან დამარცხდა. ამდენად, დამამშვიდებელში ხორვატი გადავიდა, კვირკველია კი საბოლოოდ გამოეთიშა შეჯიბრებას.

ჩვენებური ნევენ ზუგაისთან შარშანაც დამარცხდა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რამაც მაშინ სპორტის მმართველთა სერიოზული გულისწყრომა გამოიწვია, ხორვატთან როგორ უნდა ვაგებდეთო.

ალბათ, ეს კითხვა წლეულსაც აქტუალური იქნება, მასზე პასუხს კი დაინტერესებულნი ინტერნეტში იპოვიან, თუ მოიძიებენ ვიდეოს, როგორ ვარჯიშობენ ძმები ზუგაები. მგონი, ჩვენებს საერთოდ არ მოეპოვებათ მსგავსი არც ინვენტარი და არც სავარჯიშო სისტემა. შედეგად შარშან ერთი ძმა - ნენად ზუგაი მსოფლიოს ბრინჯაოს მფლობელი გახდა 84 კილოგრამში, წლეულს კი ნევენმა მოიპოვა იმავე სინჯის მედალი.

ამდენად, ჩვენმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა ერთი მედლით და ამდენივე ლიცენზიით დაასრულა, რაც 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მეორე ადგილზე გასული მანუჩარ ცხადაიას დამსახურებაა.

მისი გამოსვლა ახლა კიდევ უფრო დასაფასებელი ჩანს. თან, როგორც ვიდეოჩანაწერებიდან ირკვევა, მან რამდენიმე შეხვედრა მართლაც მაღალ დონეზე ჩაატარა და საოლიმპიადოდ სოლიდური იმედებიც მოგვცა. ოღონდ ეგაა, ამ ტურნირზე 6 ორთაბრძოლის გამართვა მოუწია და ფინალში ძალები არ ეყო.

თითო მედალი და ლიცენზია ძალზე ცოტაა ახლო წარსულში მსოფლიოს საუკეთესო გუნდისთვის და თუნდაც იმ ამბიციების გათვალისწინებით, რაც ჩვენი საჭიდაო ისტორიის პატრონებს ნებისმიერ ტურნირზე, უპირველესად მსოფლიოს ჩემპიონატისა და ოლიმპიადის სადარ მასშტაბურ შეჯიბრებებზე გაგვაჩნია.

ერთი ლიცენზიით სამშობლოში ვენესუელაც კი ბრუნდება და არა მგონია, ჩვენთვის დიდი შეღავათი იყოს, მათთან შედარებით მედალიც რომ მოვიპოვეთ. თან ამ ტურნირმა, ძიუდოისტებისა არ იყოს, საოლიმპიადოდ კარგი პერსპექტივა ვერ დაგვანახა.

იგი ერთგვარი ბარომეტრია საოლიმპიადოდ - აქ ნაჩვენები სურათით უკვე შეიძლება მიახლოებით მსჯელობა იმაზე, რა შედეგით დავასრულებთ ოლიმპიადას. მართალია, იქამდე ჯერ კიდევ მთელი წელიწადია, მაგრამ ეს არაა საკმარისი დრო საიმისოდ, რაღაც ახალი ვისწავლოთ, ეს დრო მხოლოდ აქამდე შესწავლილის დასახვეწად გამოგვადგება.

როგორც წესი, დარჩენილ პერიოდში სერიოზულ პროგრესს მხოლოდ ერთეულები თუ განიცდიან, მართლაც ძლიერები, რომლებსაც ახლა ობიექტური მიზეზით მოეცარათ ხელი, თორემ სუსტებისთვის მაქსიმუმი ლიცენზიის მოპოვება იქნება. თუმცა ამჯერად ესეც გაძნელდება.

საამისოდ ორიოდე სალიცენზიო შეჯიბრება კი რჩება, მაგრამ ძალიან ბევრი ძლიერი მოჭიდავე დარცა უსაგზუროდ. მაგალითად, იმავე რევაზ ლაშხის (მარცხის მიუხედავად, ის ოლიმპიადაზე მაინც ფავორიტად მიგვაჩნია) წონაში - 60 კილოგრამში ულიცენზიოდ დარჩნენ აზერბაიჯანელი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ჰასან ალიევი, სერბი ევროპის პრიზიორი დავორ სტეპანეკი, რუმინელი და უნგრელი ევროპის ჩემპიონები - ეუსებიო დიაკონუ და ტამაშ ლორინცი, თურქი და პოლონელი ევროპის პრიზიორები - მუსტაფა საგლამი და ედუარდ ბარსეგიანი, 55-დან ამონაცვლებული უზბეკი მსოფლიოს ჩემპიონი დილშოდ არიფოვი, იაპონელი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი რუიტარო მაცუმოტო...

ცხადია, ასეთ კომპანიაში ბრძოლა იოლი არ იქნება. მით უფრო, იქ მსაჯთა ფაქტორი და კულისებსმიღმა ბრძოლები კიდევ უფრო გამძაფრდება.

სხვა წონებშიც ძალიან ბევრი ტიტულოვანი ფალავანი დარჩა უსაგზუროდ (მათ შორის უცხოელთა სახელით მოჭიდავე ქართველებიც - რუსთა მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი ამბაკო ვაჩაძე (66), აზერბაიჯანელთა ევროპის პრიზიორი შალვა გადაბაძე (96) და ბელარუსთა ევროპის მძიმეწონოსანი მედალოსანი ბესარიონ ჩუგოშვილი). არადა, ჩვენი გუნდისგან ლიცენზიების სრულ კომპლექტს იმედოვნებდნენ.

წლევანდელი შედეგი შარშანდელ უმედლო გამოსვლას კი ჯობია, მაგრამ ცუდია, რომ ნაკრები ბოლო წლებში ერთი კაცის გუნდად იქცა ანუ თითო სპორტსმენის წარმატებაზეა დამყარებული. სამწუხაროდ, წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა უმთავრესი ტურნირებიდან სხვადასხვა სინჯის რამდენიმე მედალი მოგვქონდა. ახლა ჩვენი მთავარი საფიქრალი ისაა, როგორმე ვინმემ ერთი ჯილდო მაინც დაისაკუთროს.

თავად ტურნირს რაც შეეხება, ის მასპინძელთათვის ტრაგიკული ფინალით დასრულდა - ზემოხსენებულმა ჩებიმ, ვინაც მსოფლიოს ბოლო ორი პირველობა მოიგო, მესამე ფინალი წააგო. შარშან მან რუსეთში გაიმარჯვა, ახლა კი საკუთარ სახლში რუს ვლასოვთან დამარცხდა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ის სახელოვანი ალექსანდრ კარელინის მწვრთნელ ვლადიმერ კუზნეცოვის აღზრდილია.

ხვალ სტამბოლში მხოლოდ ქალები იჭიდავებენ, სადაც მონაწილე არ გვყავს, ზეგ კი მსოფლიოს პირველობაში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან. იქ ჩვენი გუნდი ასეთი შემადგენლობით გამოვა: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55), მალხაზ ზარქუა (60), შალვა მუზიაშვილი (66), დავით ხუციშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (84), გიორგი გოგშელიძე (96) და დავით მოძმანაშვილი (120).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
დაააანიიიიშნეთ!დააანიიიშნეთ მიხიჩა ნაკრების მწვრთნელად!თუ არადა მიშა გავიდეს საჭიდაოდ.მოგესალმებით ყველას.
gio73
01:09 15-09-2011
0
იმედია თავისუფლები გააკეტებენ შედეგს,,მე სამი მდლის იმედი მაქ მინიმუმ:):):)
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული