გაილაჟვარდებს ნოზაძე ნიცაში?

AutoSharing Option
25-26 ნოემბერს ფრანგულ ნიცაში გაიმართება ოლიმპიურ ჩემპიონ, ანრი დეგლანის ხსოვნის ტრადიციული მემორიალი, რომელიც ჭიდაობის სამივე ოლიმპიურ დისციპლინაში - ქალებში, ბერძნულ-რომაულ და "თავისუფლად" მოჭიდავე ვაჟებში გაიმართება, თუმცა ჩვენგან მხოლოდ ბერძენ-რომაელები გამოვლენ.

ბეგი დარჩიამ დაასახელა იქ წასაყვანი შემადგენლობა, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია რამდენიმე მოჭიდავის საკითხი. მათ შორის - ევროპის ორგზის, მსოფლიოს ჩემპიონისა და ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსან რამაზ ნოზაძისაც (96).

გადაწყვეტილია, რომ ნიცაში ჩვენგან ნამდვილად გამოვლენ ჯემალ ხარაბაძე (60), მუხრან მაჭუტაძე (66), გენადი გოგიშვილი, ზურაბ დათუნაშვილი (ორივე - 74), რევაზ ნადარეიშვილი (84) და სანდრო
დიხამინჯია (96). ნოზაძის გარდა, ჯერჯერობით განხილვის პროცესშია ირაკლი საჯაიასა (96) და შოთა გოგისვანიძის (120) წაყვანა.

ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონ გოგისვანიძეს წელი აწუხებს და მისი საკითხი საეჭვო ამიტომ გახდა, საჯაია ჯანმრთელად კია, წლეულს საკმაოდ კარგი სეზონიც ჩაატარა და მსოფლიოს სადებიუტო ჩემპიონატზე წაგების მიუხედავად მის გამოცდაზე უარზე არ არიან, მაგრამ აქ საქმეში ფინანსები ჩაერია - თანხა 7 კაცზეა გამოყოფილი.

გასაგებია, რომ მწვრთნელებს ნოზაძის გამოცდაც აინტერესებთ და ამიტომაც ელოდებიან მოვლენათა განვითარებას - დაინახავენ თუ არა მასში ლიცენზიისთვის საბრძოლველად საჭირო პოტენციალს, ექნება თუ არა წარმატებით ჭიდაობის შანსი... თუ ნოზაძემ მწვრთნელთა მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა და ვერც გოგისვანიძემ მოირჩინა ტრავმა, მაშინ საჯაიას წაიყვანენ. ეს ამბავი უახლოეს დღეებშივე უნდა გადაწყდეს, რადგან 16 ნოემბერს ბილეთები უნდა აიღონ.

როგორც ვხედავთ, დარჩიამ ახალგაზრდებისა და ძირითადი ნაკრების სათადარიგოთაგან სინთეზური ნაკრები შეარჩია, რაც ახალგაზრდებისთვის გამოცდილების მიღების ჩინებული შანსია. მით უფრო, ნიცას ტურნირი ერთ-ერთი პრესტიჟულია ჭიდაობის სამყაროში.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ახალგაზრდებიდან ნადარეიშვილი და დიხამინჯია თავიანთ ასაკში მსოფლიოს ჩემპიონები არიან, დათუნაშვილმა და დიხამინჯიამ კი ახალგაზრდულში ზუსტად ერთნაირი შედეგი აჩვენეს - მსოფლიოზე ვერცხლი მოიპოვეს, ევროპაზე - ბრინჯაო.

იმ დროს, როცა ეს ახალგაზრდები ნიცაში იჭიდავებენ, ეროვნული ნაკრების ძირითადი ბირთვი მინსკში იასპარეზებს ასევე ოლიმპიურ ჩემპიონ ოლეგ კარავაევის მემორიალზე. იქ ჩვენები ასეთი შემადგენლობით გამოვლენ: ლაშა გოგიტაძე (55), რევაზ ლაშხი (60), არჩილ თურმანიძე (66), მანუჩარ ცხადაია, მანუჩარ კვირკველია (74), ვლადიმერ გეგეშიძე (84), სოსო ჯაბიძე (96), სერგო გოგისვანიძე (120). დარჩიას ორი სათადარიგო მონაწილის წაყვანა შეუძლია, თუმცა მხოლოდ ერთი მიჰყავს - კვირკველია, რომელსაც საჭიროებისამებრ იქ გამოიყენებს, სადაც დასჭირდება - 74-ში, 84... ეს გუნდური ტურნირია, რომელიც ერთ დღეში ტარდება - 26 ნოემბერს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული