მუხრან მაჭუტაძემ და რევაზ ნადარეიშვილმა ნიცაში ვერცხლი მოიპოვეს

AutoSharing Option
ჩვენმა ბერძენ-რომაელებმა ვერცხლის ორი მედალი მოიპოვეს ფრანგულ ნიცაში გუშინ დაწყებულ ოლიმპიურ ჩემპიონ ანრი დელანის მემორიალში.

ტურნირის ვიცე-ჩემპიონები მუხრან მაჭუტაძე (66) და რევაზ ნადარეიშვილი (96) გახდნენ. გადამწყვეტ შეხვედრაში ორივე რუს მეტოქესთან დამარცხდა.

დელანის მემორიალი არც ისე ძლიერი გამოდგა, როგორც ველოდით - ძალიან ცოტა მონაწილე გამოდის. მაგალითად, 66-ში სულ 5 ფალავანი ასპარეზობდა, 84-ში - 4.

სამწუხაროდ, უშუალოდ ორთაბრძოლების შესახებ ვერაფერს გეტყვით, რადგან ოფიციალურ საიტზე წინასწარი ოქმების შემდეგ მონაცემები არ განუახლებიათ, თუმცა ნაწილობრივ ამ მწირი ინფორმაციის, ნაწილობრივ კი რუსული საჭიდაო ფორუმების დახმარებით ის
მაინც გავიგეთ დაახლოებით, ვის შეხვდნენ ჩვენები.

მაჭუტაძემ გერმანელი მარკ ვენცკე, ფრანგი არტაკ მარგარიანი და რუსი რასულ მურთაზალიევი დაამარცხა, აი, ვისტან წააგო, ეს კი არ ვიცით. ისე, რუსებს ამ წონაში მეორე კაცად ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ისლამ-ბეკ ალბიევი ეწერათ.

ნადარეიშვილზე დაზუსტებით იმის თქმა შეგვიძლია, რომ პირველ წრეში ამერიკელ შაუნ სკოტს აჯობა, აი, რუსებიდან სოსრუკო კოძოკოვსა და ზაურ კარეჟევს როგორ ეჭიდავა, ხვალ თუ გავიგებთ, მაგრამ ფაქტია, ერთთან მოიგო, მეორესთან წააგო და მეორეზე დარჩა.

გუშინ ამ ორი წონის გარდა 55 და 120 კილოგრამების ფალავნებიც ჭიდაობდნენ, მაგრამ ჩვენ იქ მონაწილეები არ გვყავდა. დღეს ჩვენგან ქემალ ხარაბაძე (60), გენადი გოგიშვილი, ზურაბ დათუნაშვილი (ორივე - 74), ირაკლი ქაჯაია და სანდრო დიხამინჯია (ორივე - 96) იჭიდავებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული