შეგახსენებთ, რომ 22 წლის კაიალააპი სადღეისოდ ამ წონაში ერთ-ერთი უძლიერესი ფალავანია, რასაც შედეგებითაც ამტკიცებს - შარშან ევროპის ჩემპიონი გახდა, წლეულს კი ისევ გავიდა კონტინენტური პირველობის ფინალში, თუმცა ტიტულის დაცვაში ხელი რუსთა მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ხასან ბაროევმა შეუშალა.
ეს წაგება რომ არა, თურქი წლეულს თურმე დუბლსაც შეასრულებდა - სექტემბერში მშობლიურ სტამბოლში
თუმცა ფინალში მის გამარჯვებას კუბელ მიჯაინ ლოპეს მუნიოსთან იმთავითვე საეჭვო ხმები მოჰყვა. საკუთარ კედლებში თურქი უპირობო ფავორიტი იყო, მაგრამ ჭორებს დასაბამი კუბელის უჩვეულო ინერტულობამ მისცა - ხელაღებით ვერაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ ვინც შეხვედრას უყურა, ყველას დარჩა შთაბეჭდილება, რომ პაექრობა გაყიდულს ჰგავდა, ლოპეს მუნიოსი თითქოს არც ცდილობდა მოგებას.
არადა, კუბელი ოლიმპიური ჩემპიონია, ხოლო მსოფლიოს ფინალს ზედიზედ მეხუთედ ჭიდაობდა. წინა ოთხიდან მან მხოლოდ პირველი წააგო - 2006 წელს ჩინეთში იმავე ბაროევთან დამარცხდა, რომელსაც რევანში მომდევნო წელსვე აუღო ბაქოში, ისევ ფინალში, მერე კი პეკინის ოლიმპიადის ფინალშიც დაამარცხა და ის ერთი წაგება ორმაგად ანანა.
აი, ასეთი ძლიერი, ლამის შეუჩერებელი ფალავანი სტამბოლში კაიალააპთან ინერტულადაც ჭიდაობდა და არც განიცდიდა წაგებას. ეგ კი არა, შეხვედრის მიმდინარეობისას, როცა აგებდა, მწვრთნელს გაუცინა კიდეც და თვალიც ჩაუკრა... როგორც წესი, ჭიდაობაში გარიგებული შეხვედრების გამომზეურება არ ხდება და არც ჩვენ ვამტკიცებთ რამეს, მაგრამ საჭიდაო სამყაროში თურქებსაც და კუბელებსაც მარიფათიანი ჩარჩ-ვაჭრების სახელი აქვთ - პირველებს შეხვედრათა ყიდვით იცნობენ, მეორეებს - პირიქით, გაყიდვებით. თუმცა კულუარული ამბები და წყალქვეშა დინებები იქით იყოს, კაიალააპი კი ადრე თუ გვიან აუცილებლად რომ გახდებოდა მსოფლიოს ჩემპიონი, ეჭვი არავის ეპარებოდა.
მოქალაქეობის შეცვლის შესახებ ხმები იმავე დღესვე უარყო თავად ფალავანმა, რომელმაც თურქულ მედიას განუცხადა: "აზერბაიჯანულმა ფედერაციამ მართლაც შემომთავაზა 1 მილიონის სანაცვლოდ მათთან გადასვლა, მაგრამ ჩემი პასუხი იყო მოკლე: ჩემთვის მთავარია არა ფული, არამედ თურქეთის დროშა".
ამდენად, აზერბაიჯანელებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, თუმცა მართლაც უცნაურია, რატომ ჰქონდათ იმედი, რომ მეზობლებს მოისყიდნენ და ერთ-ერთ უმთავრეს ვარსკლავს დაათმობინებდნენ.
ამ ცნობის პირველწყარო "აზერისპორტია", რომლის ობიექტურობისა დიდად აზერბაიჯანშიც არ სჯერათ, თუმცა ამ შემთხვევაში იყო ერთი მყარი არგუმენტი - მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიურ ჩემპიონ ფარიდ მანსუროვის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაშვების შემდეგ იქაური გუნდი თურქმა სელეხ ბორმა ჩაიბარა, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა თურქეთის ეროვნულ ნაკრებში.
მისი ასისტენტებიც თურქები არიან - შაბან დონატი და მუტალიპ ერლიქაია. მათი ფაქტორიდან გამომდინარე, დაუჯერებელი არცაა, მართლაც მიემართათ კაიალააპისთვის, თუმცა აზერბაიჯანელებისგან უამისოდაც არაფერი გვიკვირს - სპორტსმენთა ნატურალიზაცია მათთვის უმთავრესი სტრატეგიაა და სხვა სახეობებს რომ თავი დავანებოთ, ჭიდაობებში არაერთი პირველხარისხოვანი ფალავანი ჰყავთ ჩაყვანილი.
თან თავიდან თუ პერსპექტიულ ახალგაზრდებს იწვევდნენ, გზა და გზა მადა გაეხსნათ და ჯერ ზელიმხან ჰუსეინოვის დარ მეტ-ნაკლებად ტიტულოვან ფალავნებს მიადგნენ, ბოლოს კი მეგა-ვარსკლავებზე გადავიდნენ - თავისუფალში, ბერძნულ-რომაულსა თუ ქალთა ჭიდაობებში მსოფლიოს ჩემპიონებსა და ოლიმპიურ მედალოსნებს მიადგნენ - ქალებში ბელარუსიდან იულია რადკევიჩი გადაიბირეს, უკრაინიდან - მარია სტადნიკი, "თავისუფალში" - კუბელი ალექსის ვალერას როდრიგესი, ბერძნულ-რომაულში - ირანელი სამან ტახმასიბი...
მადაგახსნილებს ქალთა ნაკრებში ბულგარეთიდან მსოფლიოს ორგზის ჩემპიონისა და ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსან სტანკა ზლატევას გადაბირებაც სურდათ ასევე 1 მილიონი დოლარის სანაცვლოდ, მაგრამ არც სპორტსმენმა ისურვა და არც ფედერაციამ გაუშვა. როცა ისინი ასეთ ვარსკვლავებს ეთამაშებიან და მილიონებს ასე ხარჯავენ, რა გასაკვირია, ანალოგიური წინადადებით კაიალააპისთვისაც რომ მიემართათ.
თან ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) მთავარ დამფინანსებელ "ატაჰოლდინგის" 7 მილიონით გულმოცემულებისთვის უკვე ავტორიტეტი არ არსებობს - ზემოჩამოთვლილ სიაში მიაქცევდით ყურადღებას, რომ ფალავნებს ისეთი წამყვანი ქვეყნებიდან იბირებენ, როგორიც რუსეთი, ირანი, კუბა და ბულგარეთია. თან რუსეთიდან იგივე ჰუსეინოვი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი ხეტაგ გოზიუმოვი და არაერთი სხვა ათლეტი თუ ნებით, უდავიდარაბოდ გადაიყვანეს, ევროპის აწ უკვე ექს-ჩემპიონი მაჰმუდ მაგომედოვი პირდაპირ წაღლიტეს მათ.
მაგომედოვი 55 კილოგრამში გამოდის, სადაც რუსებმა დღეს კი აქციეს ეროვნებით ტუვინი ვიქტორ ლებედევი მსოფლიოს ჩემპიონად და სტაბილურ ფალავნად, მაგრამ მაშინ - ორი წლის წინ ამ წონაში სერიოზული საკადრო პრობლემები ჰქონდათ. თუმცა აზერბაიჯანელები ამას არ დაგიდევდნენ - 2010 წლის ევროპის ჩემპიონატის წინ ამ წონაში ლიდერი დაუშავდათ, დაავლეს ხელი მაგომედოვს და ნაკრებში დააყენეს იმის მიუხედავად, რომ რუსები წასვლის ნებას არ აძლევდნენ, სპორტსმენს კი მათ ნაკრებში წინა წელს მსოფლიოს თასზე ჰქონდა ნაჭიდავები ანუ მოქალაქეობის შეცვლის შესახებ არსებული საერთაშორისო რეგლამენტი ირღვეოდა. არც რუსების მუქარამ გაჭრა, FILA-ში გიჩივლებთო.
პირიქით - FILA დიდხანს აზერბაიჯანელთა პოზიციას იზიარებდა და ყოველმხრივ ცდილობდა მათ გამართლებას. საამისოდ, როგორც რუსები ირწმუნებოდნენ, საკუთარი საარქივო ბაზიდან იმ სადავო შეჯიბრების დოკუმენტებიც კი გააქრეს, ხოლო რუსებს საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ვიდეომასალის წარდგენა მოუხდათ. თუმცა ამითაც ბევრს ვერაფერს გამორჩნენ - FILA-მ საკუთარი შეცდომა კი აღიარა და მაგომედოვს ორწლიანი დისკვალიფიკაციაც მისცა, მაგრამ მედალი არ ჩამოართვა. არადა, იმ ტურნირზე მან ლებედევსაც მოუგო და რუსები მხოლოდ ბრინჯაოს დასჯერდნენ.
კონკრეტულად კაიალააპის შემთხვევაზე კომენტარი აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა აჯდარ ჯაფაროვმაც გააკეთა და მოლოდინისამებრ, ყველაფერი უარყო. "თურქული საინფორმაციო საშუალებების ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს კაიალააპს ჩვენთან გადმოსვლა და სანაცვლოდ 1 მილიონი დოლარი შევთავაზეთ, სიმართლეს არ შეესაბამება. თავად განსაჯეთ - ორი თვის წინ ის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, რითაც ოლიმპიური ლიცენზიაც მოიპოვა, რომელსაც ჩვენთან გადმოსვლის შემთხვევაში ვერ წამოიღებდა ანუ დაკარგავდა ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლებას. როგორ ფიქრობთ, რატომ მოიქცეოდა ასე?"
ერთი შეხედვით, ჯაფაროვის არგუმენტი ლიცენზიასთან დაკავშირებით საყურადღებოა, მაგრამ გადაბირება-მოტაცების ზემოთქმული მაგალითებიდან გამომდინარე, აზერბაიჯანელებს არც საგზურზე ჩალიჩი გაუჭირდებათ. თან ისევ აზერბაიჯანულ წყაროებს თუ დავუჯერებთ, კაიალააპმა ზემოთ მოყვანილ კომენტარში დაადასტურა, რომ ბაქოდან მართლაც მიიღო შეთავაზება მილიონის სანაცვლოდ. ფაქტი ერთია - აზერბაიჯანელთა ქმედება უკვე სიგიჟეს ჰგავს, თუმცა ასე მარტო ისინი როდი იქცევიან, ბულგარეთიც ასეთივე ცენტრად იქცა თავის რეგიონში.
FILA-მ ასეთ უმსგავსობებს ყურადღება თუ არ მიაქცია, მალე ზოგიერთი საჭიდაო ნაკრები ლეგიონერებით გადატენილ საფეხბურთო კლუბებს დაემსგავსება, თუმცა პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა - მოქალაქეობის შეცვლის უფლებას მოჭიდავეს მხოლოდ ერთხელ აძლევს, რითაც მათი ქვეყნიდან ქვეყანაში ხეტიალი აღკვეთა.
როგორც ამბობენ, ეს მაგომედოვის დაკარგვით შეწუხებული რუსების დაჟინებით მიიღო, თუმცა ამან ჩვენ გვაზარალა, როცა შარშან ყაზახეთიდან ცოტნე ბარამიძის (66) დაბრუნების ნება არ მოგვცეს იმის მიუხედავად, რომ ყაზახები არანაირად არ აფერხებდნენ მას და ბოლოს ჩვენი ცოდვით შეწუხებულებმა FILA-საც კი მიმართეს თხოვნით, დაერთო ბარამიძისთვის გადასვლის ნება. ამაოდ - FILA თავის გადაწყვეტილებაში ურყევი დარჩა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"