საერთოდ, ბოლო წლებში ამ საკითხს დიდი ყურადღება ექცევა და ზემდგომნი მკაცრად მოითხოვენ ეროვნული ჩემპიონატების უფრო მეტად დაფასებას. თუმცა უკვე ზეპირ მოთხოვნებს არ დასჯერდნენ და პრაქტიკული საფუძველიც გაურიეს - ქვეყნის პირველობაზე ნაჩვენები შედეგებით დაენიშნებათ ხელფასი ანუ თავის არიდება უხელფასობას ნიშნავს. ამის მიუხედავად, "გაძრომის" გარკვეული მცდელობები მაინც არის, თუმცა მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა.
ყოველ შემთხვევაში, ბერძენ-რომაელთა პირველობასთან დაკავშირებით ფედერაციაც და ნაკრების ხელმძღვანელობაც გვპირდება, რომ შეღავათს არავის
მართალია, ცოტა ძნელია განსასაზღვრო რას იზამს ის უშუალოდ აწონვისას, რადგან ბოლო წლებშიც გვახსოვს მაგალითები, როცა ასევე წინასწარი დაპირებების მიუხედავად, არ აიწონა და არც იასპარეზა, მაგრამ სადღეისოდ ნამდვილად ვარჯიშობს და ემზადება ოლიმპიადაზე წასასვლელად.
საქართველოს ჩემპიონატი ლონდონისკენ მიმავალ გზაზე მთავარი პუნქტია - იქ გამოსვლის გარეშე არც მას და არც სხვა ათლეტს ლიცენზიისთვის ბრძოლის შანსიც არ მიეცემა, რადგან უამისოდ ვერც ნაკრებში მოხვდებიან. ვნახოთ, რამდენად იქნება მზად შეჯიბრებისთვის ნოზაძე, რომლის დონის სპორტსმენიც ნამდვილად წაადგება ამ წონის კონკურენციას იმის მიუხედავად, რომ ბოლო წლებში აქ პერსპექტიული ახალგაზრდები გამოჩნდნენ და დიდი ტურნირების მედალოსანიც გვყავს - შარშან სოსო ჯაბიძე ევროპის მესამე პრიზიორი გახდა.
ვფიქრობთ, ნოზაძის დაბრუნება კონკურენციას კიდევ უფრო გაზრდის და ახალგაზრდების დაოსტატებასაც ფრიად წაადგება.
სიტყვამ მოიტანა და აქვე გეტყვით, რომ სპორტში დაბრუნება და ლონდონის ოლიმპიადაზე გამოსვლა თავის დროზე ნოზაძის უმთავრესმა და უხერხულმა კონკურენტმა, "ეგვიპტელ მუმიად" წოდებულმა კარამ მოჰამედ გაბერ იბრაგიმმაც მოისურვა - ნოემბერში ფინეთში იჭიდავა, თუმცა წარუმატებლად.
დავუბრუნდეთ ისევ საქართველოს პირველობას, რომელშიც ყველა წარმატებულმა სპორტსმენმა უნდა იასპარეზოს ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ მანუჩარ კვირკველიას (74) თაოსნობით - ახალგაზრდებმაც და ძველებმაც. ბუნებრივია, ტრავმების საშიშროება არსებობს.
მით უფრო, ბოლო ხანებში რამდენიმე ახალგაზრდას მართლაც აწუხებდა ტრავმა (მაგალითად, ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონ მძიმეწონოსან შოთა გოგისვანიძეს), თუმცა ჯერჯერობით ექიმების და ფედერაციისთვის გათავისუფლების თხოვნით არავის მიუმართავს.
ასევე მკაცრი მოთხოვნაა, რომ ყველამ საკუთარ წონაში იჭიდაოს და მართლაც ასე მოხდება. ერთადერთი გამონაკლისს მსოფლიოს ორგზის ვერცხლის მედალოსან მანუჩარ ცხადაიასთვის აპირებენ, რომელიც 66-ში ასპარეზობს, თუმცა ახლა 74-ში ჭიდაობის ნებას დართავენ.
შეგახსენებთ, რომ ის ისედაც ლამობდა ამ წონაში გადასვლას - შარშან ქვეყნის ჩემპიონატში გამოვიდა კიდეც, მაგრამ კვირკველიასთან დამარცხდა და კვლავ 66-ში მოუხდა დაბრუნება. მაშინ კვირკველია სხვებზე მართლაც ბევრად ძლიერი გამოჩნდა.
არაა გამორიცხული, ცხადაიას მსგავსი შეღავათი ევროპის წლევანდელ ჩემპიონ რევაზ ლაშხსაც (60) მისცენ და ისიც ზედა წონაში აჭიდაონ, მაგრამ ეს საკითხი ჯერ არაა გადაწყვეტილი, სხვებთან მიმართებაში კი მსგავსი წინადადებები არც განიხილება.
საერთოდ, ამ ტურნირზე ბევრი რამ უნდა გაირკვეს, რადგან ის ერთგვარი წყალგამყოფიც შეიძლება აღმოჩნდეს ძველსა და ახალ თაობას შორის. თუმცა ძველი თაობა თითქმის აღარც შემორჩა ნაკრებში - ისინი თანდათან ჩაანაცვლეს ახლებმა, ანუ თაობათა ცვლა დაიწყო.
სამწუხაროდ, ეს მტკივნეული პროცესი ჩვენთანაც მძიმედ წარიმართა - ახალგაზრდებმა ან მყარად ფეხის მოკიდება ვერ მოახერხეს ნაკრებში, ან ვინც დამკვიდრდა, დიდი წარმატებები ვერც იმათ მოიპოვეს, მხოლოდ ერთეულები იქცნენ სტაბილურ ფალავნებად.
გაჩნდა აზრი, რომ ეს უპერსპექტივო თაობა იყო, თუმცა ბოლო ორ სეზონში მომდევნო ახალი თაობა წამოვიდა, რომელმაც თავის ასაკში ძალიან ბევრს მიაღწია და ეროვნულ გუნდშიც დიდი ამბიციებით შემოაბიჯა.
მაგალითად, წლეულს ევროპის პირველობაზე 4 მედალი - 2-2 ვერცხლ-ბრინჯაო მოიპოვეს, მსოფლიოზე - 2-2 ოქრო-ვერცხლი და 1 ბრინჯაო. ორივე ტურნირზე რვა წონითი კატეგორიიდან უმედლოდ მხოლოდ 55-ში დავრჩით, რაც გუნდის სტაბილურიბაზე მიუთითებს. ისიც სათქმელია, რომ ამ შეჯიბრებებზე შემადგენლობაც იცვლებოდა, რამაც უმეტესად გაამართლა. მაგალითად, მძიმე წონაში შოთა გოგისვანიძეს და 84-ში რევაზ ნადარეიშვილს ევროპაზე არ უჭიდავიათ, მსოფლიო კი მოიგეს.
იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ორივეგან მოიპოვეს მედლები - ზურაბ დათუნაიშვილი (74) და სერგო დიხამინჯია (96) ევროპაზე მესამენი იყვნენ, მსოფლიოზე კი ფინალი იჭიდავეს (აღსანიშნავია, რომ დიხამინჯია უფროსებში საქართველოს შარშანდელი ჩემპიონია).
ერთი საინტერესო ფაქტიც - მსოფლიოზე რვიდან ოთხი კაცი ანუ გუნდის ნახევარი ფინალში გავიდა, რაც მშვენიერი შედეგია. ბარემ აქვე სხვა მედალოსნებსაც შეგახსენებთ - ქემალ ხარაბაძე (60) მსოფლიოს პრიზიორი გახდა, ნიკოლოზ ცეცხლაძე (50) და საჩინო დავითაია (66) - ევროპის ვიცე-ჩემპიონები. საინტერესოა, რომ დავითაიამ შარშანაც იჭიდავა ევროპული ფინალი.
უეჭველია, ეს ახალგაზრდები წლევანდელ ჩემპიონატში დიდი გეგმებით ჩაებმებიან. მით უფრო, ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი უჩნდებათ. სამწუხაროდ, ამ ნაკრებს ჯერ მხოლოდ ერთი ლიცენზია გააჩნია და მთელ რიგ წონებში სერიოზული საკადრო პრობლემებიცაა.
დასახელებულთა უმრავლესობას ადრეც უჭიდავია ქვეყნის მთავარ შეჯიბრებაში და გამოცდილებაც აქვთ, ხარაბაძე და დიხამინჯია კი ჩემპიონებიც არიან.
დასასრულ, შეგახსენებთ, რომ "არენაში" შეხვედრები 11 საათზე დაიწყება. 24-ში იჭიდავებენ 55, 66, 84 და 120 კილოგრამის ფალავნები, 25-ში - დანარჩენები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"