საქართველოს კანდიდატურას ღიად ემხრობა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი რაფაელ მარტინეტი, რაც ჩვენთვის უდაოდ დიდი პლუსია, მაგრამ ფაქტია - საკითხი ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია და რუსეთის თამადობით, 8 ქვეყნისგან შემდგარი კონკურენტთა საკმაოდ ძლიერი არმიაც გვყავს.
ჩვენები მიიჩნევენ, რომ საკითხი 80%-ით ჩვენს სასარგებლოდაა გადაწყვეტილი, მაგრამ ფაქტია - ჯერ მხოლოდ აპლიკანტის
ამგვარი რევიზიების მიზანი სრულიად მკაფიოა და ნათელი - საერთაშორისო ფედერაცია ამოწმებს მასპინძელ ქვეყანას, კონკრეტულად კი შეჯიბრების გასამართავად შეგულებულ სპორტულ არენას, რამდენადაა ის მზად მოცემული ტურნირის მაღალ დონეზე ჩასატარებლად. სწორედ ამ კომისართა დასკვნაზეა დამოკიდებული, დაგვრთავენ თუ არა შეჯიბრების გამართვის უფლებას.
იმედია, უზბეკი სტუმარი FILA-ში დადებით დასკვნას წარადგენს, რადგან უკმაყოფილება არც სპორტის სასახლეში გამოუთქვამს და არც - მანამდე. კაცმა რომ თქვას, სერიოზული საბაბი არც ექნებოდა - მოძველებული ინტერიერის მიუხედავად, სპორტის სასახლე მეტ-ნაკლებად მზადაა დიდი ტურნირების სამასპინძლოდ. მით უფრო, მას შემდეგ, რაც გარემონტდა გასახდელები და რეკონსტრუქცია ჩაუტარდა გვერდითა დერეფნებს, რამაც შიდა ფართი გამოყენებადი გახადა.
ბოლო წლებში თბილისში სასტუმროების მხრივაც გამოკეთდა ვითარება, თორემ 2009 წელს, როცა ახალგაზრდების ევროპის პირველობას ვუმასპინძლეთ, ეს დიდი პრობლემა იყო. იმდენად დიდი, რომ ერთ-ერთ მთავარ თავსატეხად გვექცა. მაშინ დედაქალაქში არ იყო საკმარისი რაოდენობის დიდი სასტუმროები (პატარ-პატარები ბლომადაა, მაგრამ ეს საერთო სურათს ვერ ცვლის), სადაც გუნდების უმეტესობა ერთად განთავსდებოდა, გამოსავალი კი იმაში მოიძებნა, რომ უცხოელთა ნაწილი ბაზალეთზე დააბინავეს.
საბედნიეროდ, ახლა ასეთი მდგომარეობა აღარაა - "holiday-inn" ქართული სპორტისთვის დიდი შენაძენი აღმოჩნდა და უკვე შესაძლებელია უცხოურ დელეგაციათა თბილისშივე განთავსება. არადა, სტუმარიც ბევრია მოსალოდნელი, რადგან აქ ერთბაშად სამი ტურნირი ჩატარდება - თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ სტილში მოჭიდავე ვაჟებისა და ქალებისა ანუ ყველა ქვეყნიდან თუ არა, უმეტესობიდან სამ-სამი ნაკრები გვეწვევა.
სპორტის სასახლის გარდა, რუზიევმა გუშინ ის სასტუმროებიც მოინახულა, რომლებიც ორგანიზატორებმა უცხოელთა დასაბინავებლად შეიგულეს. სპორტსმენთა დისლოკაციის ძირითადი ბაზა "holiday-inn" იქნება, დამხმარე კი - "ბაზალეთი", ხოლო FILA-ს მაღალჩინოსნები და ვიპ-სტუმრები (ალბათ, საჭიროების შემთხვევაში - ფალავანთა ნაწილიც) "მარიოტში" იცხოვრებენ.
სპორტის სასახლეში სტუმარმა მოინახულა თავად არენა - ტრიბუნებით და საჭიდაო ფართით, გასახდელები, მოსათელი დარბაზი და სხვა დამხმარე ოთახები. მას უკმაყოფილება არ გამოუთქვამს, თუმცა ამჟამინდელი ვიზიტის ძირითადი მიზანი მაინც მთავარი ნიუანსების შემოწმებაა, კონკრეტულ შენიშვნებს კი, თუ ამის საჭიროებას დაინახავენ, მხოლოდ მას შემდეგ გასცემენ, როცა მასპინძლის ვინაობა საბოლოოდ დამტკიცდება.
რუზიევმა კომენტარი მედიისთვისაც გააკეთა და განაცხადა, რომ საქართველო საჭიდაო ქვეყანაა, რომელიც წლების განმავლობაში მოწინავეთა შორისაა და იმსახურებს ისეთი პრესტიჟული შეჯიბრების მასპინძლობას, როგორიც ევროპის პირველობაა.
ალექსანდრე კოტორაშვილის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"