ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: ეროვნულის საკადრისად

AutoSharing Option
ამ უქმეებზე სპორტკომპლექსმა "არენამ" ბერძნულ-რომაულად მოჭიდავეთა საქართველოს ჩემპიონატსაც ისევე ორგანიზებულად უმასპინძლა, როგორც მანამდე - "თავისუფალთა" და ძიუდოისტთა ანალოგიურ შეჯიბრებებს.

ეს ამჯერადაც წესრიგის დასამყარებლად მიღებულმა გადამჭრელმა ზომებმა და სომეხ არბიტრთა მოწვევამ განაპირობა. მართალია, უკმაყოფილების ცალკეული და სულაც დაჯილდოებაზე პროტესტის ნიშნად არგამოცხადების მცდელობაც იყო, მაგრამ ამან საერთო სურათზე უარყოფითად ვერ იმოქმედა.

წლევანდელი სეზონი ამ სტილის მოჭიდავეთათვის მნიშვნელოვანია, რადგან ნაკრების აქტივში ჯერჯერობით მხოლოდ ერთადერთი ლიცენზიაა ანუ ლონდონში მოხვედრის შანსი გაცილებით ბევრს აქვს.

ალბათ, ამიტომ მონაწილეთა რაოდენობაც შედარებით მეტი მოგროვდა - 166. მართალია, იყო
მცირემონაწილიანი წონებიც, მაგალითად, 55-ში 14 კაცი გამოდიოდა, მძიმეში - მხოლოდ 10, მაგრამ, სამაგიეროდ, 74-ში 39, 66-ში - 32, სხვაგან 28-29 და ასე შემდეგ მონაწილე იყო.

საბედნიეროდ, რაოდენობა ხარისხშიც გადაიზარდა და წლეულს შარშანდელზე ბევრად უფრო სანახაობრივი და საინტერესო ჩემპიონატი მივიღეთ. განსაკუთრებით თვალსასეირო ფინალები გუშინ ვიხილეთ 60-სა და 74-ში, სადაც მონაწილეებმა სწორედ იმგვარი ჭიდაობა შემოგვთავაზეს, რისთვისაც ქომაგმა სპორტის ეს სახეობა შეიყვარა.

ირაკლი ჭოჭუას, ფირუზ წულუკიძის (ორივე - 60), მანუჩარ ცხადაიას და ზურაბ დათუნაშვილის (74) მიერ ნაჩვენები ტექნიკური, სწრაფი და დინამიური ჭიდაობა ამ სტილისთვის დღეს ნამდვილად იშვიათობაა.

თუმცა, შესაძლოა, ამას ხელი წესებში ჯერ კიდევ არშეტანილმა, მაგრამ უახლოეს მომავალში გამოსაცდელად შეგულებულმა რეფორმამაც შეუწყო. რამდენიმე დღის წინ "ლელოც" წერდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პირველ წუთნახევარში ქულა გაკეთდება, მაშინ შეხვედრა პირდაპირ გაგრძელდება, ჩოქბჯენის გარეშე. ჩვენმა ფედერაციამ ეს წესი ამ ტურნირზე გამოსცადა და მან სპეციალისტთა მოწონება დაიმსახურა.

ცხადია, მავნე ჩვევა ერთბაშად არ ისპობა და ახლაც იყო ჩოქბჯენის ლოდინის შემთხვევები, მაგრამ უკვე მეორე მხარე აქტიურობდა და ცდილობდა, შეხვედრა დგომშივე გაეგრძელებინა. ამან დინამიურობა და სისწრაფე ნამდვილად დაუბრუნა ჭიდაობას, თუმცა დაველოდოთ სხვათა შეფასებებსაც - უახლოეს პერიოდში ამ სიახლეს დანარჩენ ტურნირებშიც გამოსცდიან და ვნახოთ, დაიმსახურებს თუ არა საყოველთაო მოწონებას. შესწორებასაც ოფიციალურად მხოლოდ ამის შემდეგ შეიტანენ წესებში.

კიდევ ერთი დადებითი მომენტი, რაც ამ პირველობაზე გამოვლინდა, ჩოქბჯენში ჭიდაობის გაუმჯობესებული ხარისხია. სამწუხაროდ, ადრე ამ კომპონენტში მოვიკოჭლებდით, მდგომარეობა არც ახლაა იდეალური, მაგრამ თუნდაც შარშანდელზე უკეთესია. ევროპის წლევანდელმა ჩემპიონმა რევაზ ლაშხმა (60) და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა, იმ ერთადერთი ლიცენზიის ავტორმა მანუჩარ ცხადაიამ (66) ძირითადად ამის ხარჯზე მოიგეს. იმედია, ეს სხვების შედეგებზეც აისახება.

სამწუხაროდ, ჩემპიონატს რამდენიმე ლიდერი დააკლდა - ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონის, ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსან რამაზ ნოზაძის (96) ბედი, მგონი, ფედერაცია-ნაკრებშიც ბევრისთვის გაურკვეველია და უჭიდავებლობის მიზეზებზე ბევრს ვერაფერს გეტყვით, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია (74) და ვლადიმერ გეგეშიძე (84) კი ნაწილობრივ ტრავმების, ნაწილობრივ კი სალიცენზიო შეჯიბრებებისა თუ ოლიმპიადისთვის მიზანმიმართულად მოსამზადებლად ნაკრების ხელმძღვანელობას გაუთავისუფლებია.

ხელმძღვანელობამ ოლიმპიურ ასპექტში ორი საკადრო გადაადგილებაც დაუშვეს - რევაზ ლაშხსა და მანუჩარ ცხადაიას ზედა წონებში ჭიდაობის უფლება დართეს. საბედნიეროდ, წონის შეცვლას მათზე გავლენა არ მოუხდენია და ორივე ლიდერმა სრულიად დამაჯერებლად მოიგო შეჯიბრება.

ჩემპიონატამდე ძალიან ბევრი ისეთი ფალავნის გამოსვლა გვაინტერესებდა, რომლებიც წინა წლებშიც გამოირჩეოდნენ კარგი ჭიდაობით, თუმცა ტრავმებისა თუ რიგ ობიექტურ მიზეზთა გამო ნაკრებში ვერ ხვდებოდნენ - თუნდაც ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი არჩილ თურმანიძე (66), ახალგაზრდებში მსოფლიოს წლევანდელი პრიზიორი ქემალ ხარაბაძე (60) და სხვები.

სამწუხაროდ, მათ ამჯერად წააგეს და თავიდან იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ თითქოს საერთო დონე ეცემოდა, მაგრამ ახლა, შეჯიბრების გაანალიზების კვლობაზე შეიძლება ეს ყველაფერი კონკურენციის დამსახურებად მივიჩნიოთ.

ადრეც დაგვიწერია, რომ ნიჭიერი თაობა მოდის, რომლებმაც ახლაც გამოიჩინეს თავი. მოგეხსენებათ, ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები წლეულს წარმატებით გამოვიდა ევროპა-მსოფლიოზე და არც მის წევრებს შეურცხვენიათ თავი - ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი რევაზ ნადარეიშვილი (84) აქაც ჩემპიონი გახდა, ევროპის პრიზიორმა და მსოფლიოს ვერცხლის მედალოსანმა ზურაბ დათუნაშვილმა (74) ამჯერადაც ფინალი იჭიდავა. ცხადია, ზოგმა წააგო კიდეც, მაგრამ მთლიანობაში, ახალმა თაობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზარდი ამბიცია.

მაგალითად, ჭაბუკთა ასაკიდან გადმოსულმა ბაჩანა ფუტკარაძემ და ზურაბ მაჭარაშვილმა (ორივე - 55) ბრინჯაოები მოიპოვეს, ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონმა უჩა შავაძემაც (66) ფინალი იჭიდავა, ამავე ასაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონი რამინ შაქარაშვილი (120) მესამეზე გავიდა, თუმცა ჩემპიონატის უდაო აღმოჩენად თერჯოლელი ამირან ზარნაძე (96) იქცა, რომელმაც ნახევარფინალში დამატებით დროში ძალიან ლამაზ, დაძაბულ ორთაბრძოლაში წონის წლევანდელი ლიდერი ირაკლი ქაჯაია დაამარცხა.

ამ შეხვედრის პერიპეტიებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავი მეორე პერიოდის ის მომენტია, როცა ქაჯაიას მშვენივრად დაუხურა გდება და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა. მართალია, ის ფინალში დამარცხდა, მაგრამ საყვედური მაინც არ ეთქმის, როგორც დათუნაშვილს და ჭაბუკებში ევროპის ორგზის ჩემპიონ ფირუზ წულუკიძეს (60).

ოღონდ ეგ იყო, ამ ახალგაზრდა ფალავანს ემოციებმა სძლია და სწორედ მას არ უნდოდა კვარცხლბეკზე ასვლა. თუმცა ის შეხვედრა ყველაზე დაძაბულიც გამოდგა და ყველაზე მეტად გაპროტესტებულიც. შედეგიც რამდენჯერმე შეიცვალა და სწორედ ეს გახდა უკმაყოფილების საბაბი. განსაკუთრებით - მეორე პერიოდის ქულები.

საინტერესოა, რომ წულუკიძე მთელი 13 წლით ანუ ლამის ერთი თაობით უმცროსია თავის მეტოქეზე, ევროპის ვიცე-ჩემპიონ ჭოჭუაზე, თუმცა მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ძალიან ჟინიანად და რაც მთავარია, ხარისხიანად იჭიდავა. ეს შეხვედრა თავიდან ბოლომდე დრამატული გამოდგა - პირველ პერიოდში ჭოჭუამ ჩოქბჯენიდან 2-ქულიანზე იოლად დაატრიალა და მერეც დაუპირა კისრულზე წამოღება, მაგრამ წულიკიძემ მშვენივრად დაუხურა და ორი ქულა აართვა (თუმცა მსაჯებმა თავიდან 3 აჩვენეს).

ამით პერიოდიც მოიგო და მეორეში უკვე თვითონ დაატრიალა ჩოქბჯენიდან, რაც მსაჯებმა ერთ ქულად შეაფასეს. აქტიურად მოჭიდავე ჭოჭუამ შეტევას მყისვე უპასუხა და არბიტრებმა ჯერ ერთი ქულა მისცეს, რაც მერე გააუქმეს, თუმცა საბოლოოდ ისევ აღუდგინეს. ეს დამთავრებამდე 15 წამით ადრე მოხდა და უნდა გენახათ, წულუკიძე რა შესაშური გააფთრებით ეკვეთა, თუმცა ჭოჭუაც გონივრულად იცავდა თავს და პერიოდიც მოიგო.

ბათუმელთა უკმაყოფილებაც ძირითადად ამ პერიოდს უკავშირდება - ისინი მიიჩნევდნენ, რომ წულუკიძის გდება 2-ქულიანი იყო.

მოლოდინისამებრ, დამატებითი დროც დაძაბულად წარიმართა, თუმცა ორივე კარგად იცავდა თავს. ის-ის იყო, ჩოქბჯენში ჩადგომის დრო მოდიოდა, როცა ბევრად გამოცდილმა ჭოჭუამ შეტევაში გართული მეტოქე კონტრილეთზე დაიჭირა და ულამაზესი გდებით გამარჯვება მოიპოვა. მან გამოცდილების ხარჯზე აჯობა კონკურენტს, რომლის ჟინი მართლაც ქებას იმსახურებს. ასევე ბრძოლით დაგვამახსოვრა თავი ნადარეიშვილმაც.

საბედნიეროდ, ამჯერადაც ვიხილეთ ოჯახური წარმომადგენლობები - 60 კილოგრამში ბრინჯაოს მედლები სამტრედიელმა ძმებმა გიორგი და გოჩა გოგიბერაშვილებმა მოიპოვეს, 96-ში წყალტუბოელმა ბიძაშვილებმა - მიხეილ ქაჯაიამ და ზემოხსენებულმა ირაკლი ქაჯაიამ ბრინჯაოსთვის იჭიდავეს, თუმცა მედალი მხოლოდ ირაკლიმ ირგუნა. მძიმე წონაში ქუთაისელი ძმების, შოთა და სერგო გოგისვანიძეების პაექრობა ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონ შოთას ტრავმამ ჩაშალა - საერთოდ ვერ იჭიდავა.

ახალგაზრდების გვერდით, ძველმა თაობამაც კარგი ჭიდაობა გვაჩვენა. 32 წლის ჭოჭუა ხომ უბერებელია და აშკარად იგრძნობოდა კლასში უპირატესობა ლაშხისა და ცხადაიას შემთხვევებშიც - ორივემ მაღალი დონის ჭიდაობა გვაჩვენა. ოსტატობასთან ერთად, გამოცდილება მათთვისაც მძლავრი იარაღია და გაისადაც ნებისმიერ ტურნირზე ფავორიტთა შორის იქნებიან. აუცილებლად აღსანიშნავია გურამ ფერსელიძის (120) გამოსვლაც - გულის საკმაოდ მძიმე ავადმყოფობის გადატანის შემდეგ ხალიჩასაც დაუბრუნდა და სხვებსაც აჯობა.

ტრავმებს და მეტოქეებს სძლია ევროპის ბრინჯაოს პრიზიორმა სოსო ჯაბიძემაც (96) - მას ადრეც ლამის მუდმივად სტკიოდა რაღაც, მაგრამ ახლა უშუალოდ ამ ტურნირზეც იტკინა ნეკნი და ლამის მთელი ჩემპიონატი ისე ჩაატარა. ფინალის შემდეგ ექიმსაც კი უხმო ლეიბზე, თუმცა მთელი ჩემპიონატი მაინც ძალზე დამაჯერებლად გაიარა. ლაშა გოგიტაძესაც (55) არავინ გამოუჩნდა კონკურენტი თავის წონაში.

ნაკრების თავკაც ბეგი დარჩიასთან ინტერვიუს ხვალ შემოგთავაზებთ, აქ კი ზოგიერთ დეტალს გავამხელთ გუნდის უახლოეს სამომავლო გეგმებზე: ლაშხი და ცხადაია ევროპის ჩემპიონატზეც ზედა წონებში გამოვლენ, თუმცა საოლიმპიადოდ კვლავაც ძველ წონებში მოიაზრებიან.

კვირკველიას ასაკის გამო შეღავათს გაუწევენ და, ალბათ, ევროპას არც ის იჭიდავებს. ასაკი იქნება გარკვეული კორექტივების შეტანის მიზეზი ჭოჭუას შემთხვევაშიც, თუმცა ულიცენზიოდ დარჩენილ 6 წონაში უკან დასახევი გზა არცაა და ყველგან გამოვალთ. ოღონდ აქ ერთი პრობლემაა - ეს შეჯიბრებები მეტად შემჭიდროებულ ვადებში ტარდებიან და იძულებულნი ვართ, მათთვის  2-2 ფალავანი მაინც მოვამზადოთ.

კვარცხლბეკი
55 კგ. 1. ლაშა გოგიტაძე (ქუთაისი), 2. გოდერძი დავითაძე, 3. ბაჩანა ფუტკარაძე (ორივე - აჭარა), ზურაბ მაჭარაშვილი (ოზურგეთი).
60 კგ. 1. ირაკლი ჭოჭუა (თბილისი); 2. ფირუზ წულუკიძე (აჭარა), 3. გოგიტა და გოჩა გოგიბერაშვილები (ორივე - სამტრედია).
66 კგ. 1. რევაზ ლაშხი (ბორჯომი), 2. უჩა შავაძე, 3. მამუკა ხოზრევანიძე, პაატა ბაკურაძე (სამივე - აჭარა).
74 კგ. 1. მანუჩარ ცხადაია (ხობი), 2. ზურაბ დათუნაშვილი (თბილისი), 3. გოგა აფრიამაშვილი (ადიგენი), შმაგი გულიაშვილი (გარდაბანი).
84 კგ. 1. რევაზ ნადარეიშვილი (თბილისი), 2. გიორგი ცირეკიძე (ქუთაისი), 3. მათე სოფაძე (ბაღდათი), ჯონი მინაძე (თბილისი).
96 კგ. 1. სოსო ჯაბიძე (ბაღდათი), 2. ამირან ზარნაძე (თერჯოლა), 3. გიორგი მორჩილაძე (თბილისი), ირაკლი ქაჯაია (წყალტუბო).
120 კგ. 1. გურამ ფერსელიძე (აჭარა), 2. რევაზ ჭელიძე (ოზურგეთი), 3. სერგო გოგისვანიძე (ქუთაისი), რამინ შაქარაშვილი (აჭარა).

ალექსანდრე კოტორაშვილის
ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული