საყურადღებო ცვლილებები მეტოქის ბანაკში

AutoSharing Option
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა გასულ უქმეებზე საქართველოს ჩემპიონატი მოილია და ახლა მეტად მნიშვნელოვანი მომავალი სეზონისთვის ემზადება.

საქმე ისაა, რომ წლეულს მათ არც ისე კარგად იასპარეზეს და დანაკარგის ამოღება გაისად მოუწევთ. მართალია, ამ ნაკრების აქტივში რევაზ ლაშხის (60) მიერ მოპოვებული ევროპის ჩემპიონობაა, რაც საჭიდაო სახეობებში ერთადერთი ტიტულია, თუმცა სეზონის უმთავრეს შეჯიბრებაზე - მსოფლიოს პირველობაზე ერთი მედლისა და ამდენივე ლიცენზიის მეტს ვერაფერს გამორჩა, რაც მანუჩარ ცხადაიას (66) დამსახურებაა. გაისად სწორედ სალიცენზიო მარაგის შევსებაზე მოუწევთ ზრუნვა, თუმცა ეს არ იქნება იოლი.

ჩვენებურთა
ერთ-ერთმა უმთავრესმა სტრატეგიულმა მეტოქემ - აზერბაიჯანელებმაც წინასაახალწლო დღეებში გამართეს საკუთარი ჩემპიონატი, სადაც ჩვენთვის უაღრესად საინტერესო ამბავიც მოხდა საკადრო გადაადგილებების თვალსაზრისით. თანაც, ისეთ წონებში, რომლებიც ჩვენთვისაც სტრატეგიულია - 60-66-ში.

მოგეხსენებათ, 60-ში აქამდე აზერბაიჯანელთა ლიდერი ჰასან ალიევი იყო, რომელმაც ახლა ზედა წონაში იჭიდავა და ფინალში ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ვიტალი რახიმოვიც დაამარცხა. ალიევი ორი წლის განმავლობაში დაუმარცხებელი იყო, შარშან კი მისი ტრიუმფი ლაშხმა შეწყვიტა, როცა ევროპის ჩემპიონატზე ულამაზეს შეხვედრაში დაამარცხა. ის ორთაბრძოლა შეჯიბრების კლასიკად იქცა, ალიევი კი მსოფლიოს წინ გამოტყდა, ყველაზე მეტად ქართველთან შეხვედრა მსურსო. სტამბულში მას რევანშის შანსი არ მიეცა, რადგან ისიც და ჩვენებურიც ადრევე გავარდნენ და არათუ ანგარიშსწორება, საკუთარი თავი გაუხდათ სადარდელი.

ალიევს თბილისელი მაყურებელიც კარგად იცნობს, რადგან მისი ზეობა ჩვენი ქალაქიდან დაიწყო, როცა 2009 წელს აქ გამართულ ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე ფინალში არჩილ თურმანიძე დაგვიმარცხა და ჩემპიონი გახდა. ალალად უნდა ითქვას - მაშინ სტუმარმა მთელი ტურნირი ძალზე ძლიერად ჩაატარა, თუმცა რაც მომდევნო თვეებში გააკეთა, მთელი ორი სეზონის განმავლობაში, მაინც ძნელად თუ წარმოვიდგენდით - იმავე წელს ახალგაზრდებში დუბლიც შეასრულა ანუ მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა, 2010-ში უკვე ეროვნულ ნაკრებში გადაინაცვლა და იქაც დუბლი მიითვალა!

ამ წარმატებებში გარკვეული წვლილი ოთარ ტატიშვილმაც შეიტანა, რომელიც 2009 წელს გარკვეული პერიოდი იქაური ნაკრების მთავარი მწვრთნელიც იყო და ალიევი მასთანაც ვარჯიშობდა. საინტერესოა, რომ ტატიშვილმა ერთხელ ის დარბაზიდანაც კი გააგდო 5-წუთიანი დაგვიანებისთვის.

შარშან ასევე ძნელად წარმოვიდგენდით, ალიევისთვის წლევანდელი სეზონი თუ ასეთი უფერული იქნებოდა - ბრინჯაო ევროპაზე და მეშვიდე ადგილი მსოფლიოზე.

აი, ესაა მისი წლევანდელი მონაგარი, რაც ტალანტად შერაცხული და წინა სეზონის საუკეთესო ბერძენ-რომაელ მოჭიდავედ ალალად დასახელებული კაცის მონაგარს არ შეესაბამება. მსოფლიოს პირველობამდე ევროპაზე ლაშხთან მარცხი მან ასე ახსნა - შარშანდელმა წარმატებამ ფსიქოლოგიურად გადამღალა და საბრძოლოდ განწყობა ვერ შევძელი, თორემ მომზადებული კარგად ვიყავიო. მაშინ ნათქვამს ისიც დაამატა, რომ ლაშხთან წაგებამ ძილი გაუფრთხო და მოსვენება დაუკარგა.

ეტყობა, ალიევს წონის პრობლემაც აწუხებს, რაკი მისი შეცვლა განიზრახა. თან, ალბათ, ახალ წონასაც მოერგო, რაკიღა რახიმოვის ძლევა შეძლო. ოფიციალური მონაცემებით, რახიმოვი 28 წლისაა ანუ ვეტერანიც არ ეთქმის, თან ბოლო წლებშიც წარმატებით ჭიდაობდა ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე. ერთი სიტყვით, მისი დამარცხება აღსანიშნავი საქმეა.

ვგონებ, ჩვენთვის საოლიმპიადოდ კიდევ უფრო უკეთესი იქნება, ალიევი ამ წონაში - 66-ში თუ დამკვიდრდება. ამით ცხადაიასთვის არაფერი იცვლება - ალიევი იქნება თუ რახიმოვი, მისთვის ორივე ანგარიშგასაწევი მეტოქეა. თუმცა აქ იმის გახსენებაც არ იქნება ურიგო, ახალ წონაში დამკვიდრებას ადაპტაცია, გარკვეული დრო რომ სჭირდება ანუ ცხადაიასთვის იქნებ ეს კარგიც იყოს.

სამაგიეროდ, თუ ალიევი მართლაც გადავა იქ, ამით ლაშხს წონაში ერთ-ერთი უმთავრესი კონკურენტი მოაკლდება! ახლა აზერბაიჯანის პირველობა 60-ში ვინმე ხანლარ მამედოვმა მოიგო, რომელმაც ფინალში ელხან ფაშაევს აჯობა.

ვფიქრობთ, არც ერთი მათგანი ლაშხის ღირსეული კონკურენტი არაა, თუმცა აქ ისიც შევნიშნოთ, რომ ევროპაზე ისევ შეიძლება მოხდეს ალიევისა და ლაშხის დაპირისპირება - როგორც ჩვენი ნაკრების თავკაცმა ბეგი დარჩიამ განაცხადა, კონტინენტის პირველობას ლაშხიც და ცხადაიაც ზედა წონებში იჭიდავებენ. თუმცა რეალურად განხორციელების შემთხვევაში ეს გადაადგილება საოლიმპიადოდ ლაშხისთვის ძალიან კარგი იქნება.

სალიცენზიო შეჯიბრებებიც ევროპის პირველობამდე იმართება ანუ, არც იქ ეყოლება ალიევი და ოლიმპიადაზე ხომ - თავისთავად. თან ჩვენთვის კარგი ისიცაა, რომ აზერბაიჯანს საგზური არც 66-ში აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ სალიცენზიო ტურნირებში ალიევი 60-ში არ გამოვა.

ოღონდ აქ არც ისაა გამორიცხული, იქაური მწვრთნელი სალიცენზიოებში ხანლარ მამედოვს არ ენდოს და რომელიმე მათგანში მაინც ალიევი ისევ 60-ში დააყენოს, 66-ში კი კვლავ რახიმოვს ენდოს, რადგან ორივე წარმატების რეალური კანდიდატია, ხოლო საოლიმპიადოდ ანუ თუ საგზურებს გაინაღდებენ, 66-ის ლიდერად ისევ ალიევი დააბრუნოს. თუმცა ეს მაინც ვარაუდია და მასზე დაყრდნობა არაფერს გვარგებს, მაგრამ, ცხადაია, აქედანვე თუ დაიწყებს სავარაუდო მეტოქის ძლიერი თუ სუსტი მხარეების შესწავლას, არ იქნება ურიგო.

ჩვენმა თანამემამულემ, ევროპის პრიზიორმა შალვა გადაბაძემ ისევ შეინარჩუნა ლიდერობა აზერბაიჯანის ნაკრებში. მან ფინალში ირანელ მსოფლიოს პრიზიორ სამან ტახმასიბის მოუგო. აქ აღსანიშნავი ისაა, რომ თავის დროზე 84 კილოგრამიდან ჩვენებური სწორედ ქურთული წარმოშობის ნატურალიზებულმა ირანელმა ამოაგდო, ახლა კი ახალ წონაშიც გადაჰყვა, თუმცა გადაბაძემ საკუთარი ადგილი მიუჩინა. სხვა წონებში ჩემპიონები ელდანიზ აზიზლი (55), ნიამედინ იბრაგიმოვი (74), რაფიკ ჰუსეინოვი (84) და მაქსიმ პროხოროვი (120) გახდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული