სომხეთში ორივე გუნდი 18-18 კაცით წავიდა, რომელთაგანაც 14-14 სპორტსმენია, 3-3 კი - მწვრთნელი. დელეგაციაში შედიან ექიმებიც.
ამ შეკრებით გუნდები ევროპის პირველობისთვის შეუდგნენ ვარჯიშს, რომელიც, თავის მხრივ, ოლიმპიადისთვის მზადების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ოლიმპიადის წელს სტრატეგიული თუ სხვაგვარი მოსაზრებებით მწვრთნელები ხშირად მიმართავენ ექსპერიმენტებს, გარკვეულ საკადრო რეფორმებს - თამაშებისთვის უკეთ მოსამზადებლად ბევრი საერთოდ არ ჭიდაობს
ჩვენი მწვრთნელებიც ასე მოიქცნენ - "თავისუფალთა" მთავარმა მწვრთნელმა ზაზა თურმანიძემაც და ბერძენ-რომაელთა დამრიგებელმა ბეგი დარჩიამაც სომხეთში წასაყვანი შემადგენლობა საქართველოს ჩემპიონატის შედეგებით შეარჩიეს, თუმცა ოლიმპიური პერსპექტივის გათვალისწინებითაც შეიტანეს გარკვეული კორექტივები. მაგალითად, ბერძენ-რომაელთა საქართველოს პირველობაზე საერთოდ არ უასპარეზია ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ მანუჩარ კვირკველიას (74), მაგრამ რადგან ის ოლიმპიადაზე წასვლის უმთავრეს კანდიდატად რჩება, დარჩიამ მაინც წაიყვანა წახკაძორში.
საერთოდ, მწვრთნელებმა წონაში ორ-ორი ლიდერი იახლეს ანუ სომხეთში უძლიერესი შემადგენლობებით წავიდნენ. მათ განკარგულებაშია ყველა ტიტულოვანი ფალავანი: თავისუფალ ჭიდაობაში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი გიორგი გოგშელიძე (96) და მისივე თანაგუნდელ-თანაქალაქელი, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიადის მედალოსანი ოთარ თუშიშვილი (66), ამავე სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს შარშანდელი პრიზიორები დავით ხუციშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (84), დავით მოძმანაშვილი (120), ევროპის ვიცე-ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55), ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი რევაზ ლაშხი (60) და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი მანუჩარ ცხადაია (66), აგრეთვე ის ახალგაზრდები, რომლებიც შარშან ამავე სტილით ჭიდაობაში წარმატებით გამოვიდნენ ახალგაზრდულ ნაკრებში: მსოფლიოს ჩემპიონები რევაზ ნადარეიშვილი (96) და შოთა გოგისვანიძე (120), მსოფლიოს ვერცხლისა და ევროპის ბრინჯაოს მედალოსანი ზურაბ დათუნაშვილი (74) და სხვები.
საქართველოს პირველობების დარად, არც ამ შეკრებაზე გამოჩენილან თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი რევაზ მინდორაშვილი (84) და ბერძნულ რომაულში ევროპა-მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური ვერცხლის მედალოსანი რამაზ ნოზაძე (96). ამათგან მინდორაშვილის ამბავი კიდევ გასაგებია - მისი დაბრუნება იმთავითვე არ ჩანდა რეალური, ნოზაძეზე კი ლამის ყოველდღიურად გვესმის, რომ აგრძელებს ჭიდაობას, თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდგება, არც ერთ ტურნირზე არ ჩანს. სავარაუდოდ, სომხური შეკრების გამოტოვება ლონდონის ოლიმპიადაზე მისი მოხვედრის ისედაც მცირე შანსს, პრაქტიკულად, საერთოდ აქარწყლებს.