გუშინ კვირკველიას ცირეკიძესთან არ უჭიდავია, თორემ სხვებთან ოთხი შეხვედრა კი გამართა - მწვრთნელებს აინტერესებდათ, რამდენად გაუძლებდა მისი ფეხი დატვირთვას, იყო თუ არა დასრულებული სარეაბილიტაციო პერიოდი და ხომ არ არის კიდევ რაიმე საშიშროება. ფეხმა გამოცდა ჩააბარა და ახლა ოლიმპიურ ჩემპიონს მოსკოვში არა ოდინდელ კონკურენტთან, ასევე ყველა ტიტულის მფლობელ ვარტარეს სამურგაშევთან, არამედ ახალგაზრდა იმილ შარაფეტდინოვთან მოუწევს მეტოქეობა. აქვე შეგახსენებთ მოსკოვში წამსვლელ ადრე დასახელებულ ექვსეულს: ლაშა გოგიტაძე (55), რევაზ ლაშხი (60), მანუჩარ ცხადაია (66), ვლადიმერ გეგეშიძე (84), სოსო ჯაბიძე (96), გურამ ფერსელიძე (120).
წერილის დასრულება აქვე შეიძლებოდა, მაგრამ მაინც უნდა აღვნიშნოთ ერთი გარემოება - ვფიქრობთ, ობიექტურობისთვის აჯობებდა, კვირკველიას და ცირეკიძეს ერთმანეთში ეჭიდავათ და სანაკრებო კანდიდატი ისე გარკვეულიყო. ცირეკიძისადმი პატივისცემის მიუხედავად (რაც ჩვენს წერილებში არაერთხელ დაგვიდასტურებია), მიგვაჩნია, რომ, სავარაუდოდ, კვირკველია პირად შეხვედრას მაინც მოიგებდა - ასეთი ოპტიმიზმს საბაბს მისი გამოცდილება გვაძლევს. ამასთან, ის ამ წონის ფავორიტად მიგვაჩნია. ცხადია, არავინ კამათობს იმაზე, რომ აჯობებს, ასეთ ტურნირზე უფრო ძლიერი წავიდეს, მაგრამ აქ ლაპარაკია შერჩევის ობიექტურ პრინციპზე - რამდენად სამართლიანია ის; ხომ არ ატკენს ეს გულს კონკურენტს და ხომ არ გაუჩნდება მას დაჩაგვრის გრძნობა... ვეჭვობთ, ამგვარ გადაწყვეტილებას ბევრი უკმაყოფილებაც მოჰყვება. მით უფრო, კვირკველიამ გუშინ სხვა შეხვედრები გამართა ანუ შესაძლო გართულებებს მოვერიდეთო, არგუმენტად არ გამოდგება. თუმცა არ გამოვრიცხავთ, ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას დარჩიას `ზევიდანაც~ ჰქონოდა ნებართვა - რაკიღა მსოფლიოს ჩემპიონატი 6-12 სექტებერს მოსკოვში ტარდება, პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მან იმთავითვე მიიღო პოლიტიკური დატვირთვა. იქ წარმატებით გამოსვლა პრესტიჟის საქმედ იქცა და რა გასაკვირია, ხელმძღვანელობას გამოუცდელი ცირეკიძის წაყვანას მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონზე დაყრდნობა ერჩივნოს. ასეა თუ ისე, ახლა ქუთაისელ ფალავანს ისღა დარჩენია, გაისად მარტი-აპრილის მიჯნაზე დორტმუნდში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის მოემზადოს. ოღონდ, ცხადია, ადგილს ავტომატურად ვერც იქ მიიღებს და იქამდეც ასე თავდაუზოგავად უნდა ივარჯიშოს. იმ ტურნირისთვის მთავარი შესარჩევი შეჯიბრება დეკემბერში გასამართი საქართველოს ჩემპიონატი იქნება.
დასასრულს, შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები დუშეთში, ოლიმპიურ ბაზაზე გადის დასკვნით შეკრებას, მოსკოვში კი 3 სექტემბერს გაფრინდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"