თუმცა ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ისაა, რომ შედეგებით ქართველთა პოზიციები მნიშვნელოვნად შეირყა და გუნდის თავკაც გოგი კოღუაშვილს რუსულ ლაშქარში თანამემამულეები აღარ შემორჩნენ - ამბაკო ვაჩაძეც (66) უმედლოდ დარჩა და მძიმე წონაში ვინმე ზურაბ ლებანიძეც, რომელმაც შარშანდელის დარად, წლეულსაც ბრინჯაოსთვის იჭიდავა, მაგრამ კვლავ დამარცხდა და საბოლოოდ
რუსებისთვის ეს შეჯიბრება საევროპოდ იყო შესარჩევი, საოლიმპიადოდ კი კვლავ რჩებათ ერთი ანალოგიური ტურნირი, თუმცა ახლანდელი საკადრო გადაადგილებებიც ძალზე საინტერესოა. განსაკუთრებით - 60-66 წონებში, რომლებიც ჩვენთვის სტრატეგიულებია.
პოდუბნის მემორიალი საერთაშორისო რანგისაა და მასში უცხოელებიც გამოდიოდნენ, მაგრამ ორი ბრინჯაოს გარდა, უკლებლივ ყველა მედალი რუსებმა მოიპოვეს. იმ ორიდანაც ერთი ყაზახმა ბეიბუტ ნიგმანოვმა სწორედ ვაჩაძესთან ბრძოლაში დაიმსახურა.
ქუთაისელი ფალავანი ბოლო სამი წლის განმავლობაში ლიდერობდა ამ წონაში, შედეგად კი ზედიზედ სამჯერ ევროპის ჩემპიონი გახდა, შარშან მსოფლიოს პირველობაც მოიგო, შარშანწინ კი მესამე იყო.
ვაჩაძე ამჯერად ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ისლამ-ბეკ ალბიევთან დამარცხდა, რომელმაც მერე შეჯიბრებაც მოიგო და ამით სერიოზული განაცხადი გააკეთა ლონდონის ოლიმპიადაზე მოსახვედრად. ეროვნებით ჩეჩენი ალბიევი წლების წინათ სავარჯიშოდ ინგუშეთში გადაბარგდა, თუმცა ახლა მოსკოვის სახელით გამოვიდა. ჭიდაობა მან 60 კილოგრამში დაიწყო და ჯერჯერობით იქ მოგებული ტიტულებით იმკვიდრებს ადგილს ისტორიაში.
ყველაზე დიდი წარმატება ალბიევმა 2008 წელს, 20 წლისამ მოიპოვა, როცა პეკინის ოლიმპიადა მოიგო და ნაზრანში გმირად დაბრუნდა. მაშინ ის მშობლებთან და მწვრთნელთან ერთად ინგუშეთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მურად ზიაზიკოვმა დიდი პატივით მიიღო სამთავრობო სასახლეში, სახელმწიფოსა თუ ინვესტორების დახმარებით კი ჯილდოც ბევრი ერგო - მანქანაც, ბინაც, ფულიც, თუმცა ბევრი ქართველი სპორტსმენისგან განსხვავებით, ამას არ გაუყოყოჩებია, ვარჯიშები ჩვეულებრივად მუყაითად გააგრძელა და მომდევნო წელსვე ტიტულების სრული კოლექცია შეკრა - ევროპაც მოიგო და მსოფლიოც.
ამის შემდეგ მასაც ის დაემართა, რაც ხშირად მოსდით ხოლმე მოზარდ ათლეტებს - ასაკთან ერთად წონაც ემატებოდა, რამაც მისი კარიერაც შეაფერხა. ალბიევმა 2010 წელსვე სცადა 66-ში გადასვლა, მაგრამ ვაჩაძესთან წააგო. მაშინ კოღუაშვილმა ღიად განაცხადა, რომ ალბიევს წონის შეცვლას არ ურჩევდა, თუმცა მის ტონში იმ კომენტარშიც და მოგვიანებითაც აშკარად იგრძნობოდა, რომ თანაქალაქელი ვაჩაძისთვის (ორივე ქუთაისელია) ძლიერი კონკურენტის არიდებას ცდილობდა.
ალბიევმა 66-ში გადასვლის მეორე ცდა ამჯერად შედეგიანად დაასრულა, ხოლო ვაჩაძისთვის ეს საგანგაშო სიგნალი უნდა იყოს. შარშან ის ევროპის ჩემპიონი კი გახდა (იმ ტურნირზე ანტონ მამაგეიშვილიც დაგვიმარცხა), მაგრამ მსოფლიო ჩააგდო - პირველივე წრეში ხორვატ დანიელ იანჩიჩთან წააგო და როგორც მოგვიანებით განაცხადა, ეს მარცხი ქუთაისში ჩასვლითა და მის შემოგარენში დათვებზე ნადირობით გადაიტანა. ამით ხორვატმა ევროპირველობაზე მარცხისთვის რევანშიც აუღო, ხოლო მისი პროგრესი, ვფიქრობ, ჩვენთვისაც საინტერესოა. მოგეხსენებათ, ჩვენი მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია (74) ზედიზედ ორი წელიწადია, მსოფლიოს პირველობებზე ხორვატ ნევენ ზუგაისთან აგებს.
თავიდან ეს ფაქტი ჩვენში ლამის ღირსების შელახვად აღიქვეს, ხორვატთან როგორ უნდა ვაგებდეთო, მაგრამ ამ ქვეყნის ნაკრები რომ პროგრესირებს, ამას თუნდაც იანჩიჩის და უფროსი ზუგაის, ასევე მსოფლიოს პრიზიორ ნენად ზუგაის მაგალითებიც მოწმობენ. ინტერნეტში გავრცელებული მათი წვრთნის ვიდეოკლიპებით თუ ვიმსჯელებთ, წარმატებები მათზე ალალია, ხოლო ჩვენებიც თუ ისე გამგელებით არ ივარჯიშებენ, მომავალშიც წააგებენ ხორვატებთან.
პოდუბნის ტურნირზე ჩვენთვის საინტერესო ცვლილება მოხდა 60-შიც, თუმცა აქაც ძველი სახე გაჩემპიონდა - ყაბარდოელი ასლან აბდულინი, რომელსაც ჯერ დიდ ტურნირებზე მედალი არ მოუპოვებია. ვერ გეტყვით, ის როგორ ფორმაშია, ადრე კი ნამდვილად არ იყო იმ დონის ფალავანი, ოლიმპიადაზე რევაზ ლაშხს სერიოზული კონკურენცია გაუწიოს, აი, ევროპაზე მათი შეხვედრა კი გამორიცხულია, რადგან ლაშხი იმ შეჯიბრებას 66-ში იჭიდავებს. ყოველ შემთხვევაში, ადრინდელიდან გამომდინარე, ლაშხისთვის ევროპის ავარელი მედალოსანი ზაურ კურამაგომედოვი უფრო საშიში გვგონია, მაგრამ ამჯერად ის საერთოდ უმედლოდ დარჩა.
ვაჩაძის გარდა, ეს ტურნირი წარუმატებელი აღმოჩნდა ინგუში ოლიმპიური ჩემპიონის, ნაზირ მანკიევისთვისაც (55) - ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონთან, მინგიან სემიონოვთან დამარცხდა, ბრინჯაოსთვის ბრძოლა კი მასპინძელ სერგეი პოპრუშკოსთან დათმო.
სამაგიეროდ, ფავორიტობა დაამტკიცეს ასევე ოლიმპიურმა ჩემპიონებმა - ალექსეი მიშინმა (84) და ხასან ბაროევმა (120). თან - სერიოზული წინააღდეგობების გარეშე.
ამჯერად არ უჭიდავია კიდევ ერთ ოლიმპიურ ჩემპიონს - ყაბარდოელ ასლანბეკ ხუშტოვს (96), ამ წონაში კი ოსმა მსოფლიოს პრიზიორმა რუსტამ ტოტროვმა გაიმარჯვა, რომელმაც ფინალში ნიკიტა მელნიკოვს აჯობა. ისინი შარშან რუსეთის პირველობის ფინალშიც შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ მელნიკოვმა გაიმარჯვა, თუმცა მერე პოლონეთის ტურნირზე ტოტროვმა რევანში აუღო, რითაც მსოფლიოზე წასვლის უფლებაც მიიღო, იქ კი მესამეზე გავიდა.
74-ში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა რომან ვლასოვმა გაიმარჯვა, რომელსაც ალექსანდრ კარელინის აღმზრდელი ვიქტორ კუზნეცოვი ავარჯიშებს. ფინალში მან ამჯერადაც მსოფლიოს პრიზიორ იმილ შარაფეტდინოვს აჯობა, რომელიც შარშან რუსეთის ჩემპიონატის ფინალშიც დაამარცხა. ევროპის პირველობაზე ვლასოვთან შეხვედრა არც კვირკველიას მოუწევს, რადგან ჩვენებური, სავარაუდოდ, იქ არ იჭიდავებს, თუმცა ოლიმპიადის საგზურს თუ მოვიპოვებთ, ლონდონში შეხვედრა ყველა შემთხვევაში ვლასოვთან მოგვიწევს - ძნელი წარმოსადგენია, ის ვინმემ ამოაგდოს ნაკრებიდან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"