"ბერძენ-რომაელები" თურქეთში "ოქროს დიდ პრიზზე" საჭიდაოდ გაემგზავრნენ

AutoSharing Option
საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების სათადარიგო შემადგენლობა წუხელ სტამბოლში გაემგზავრა, სადაც შაბათ-კვირას ვები ემრეს სახელობის "ოქროს დიდი პრიზზე" იჭიდავებს.

მწვრთნელებმა იქ შანსი უფრო ახალგაზრდებსა და დებიუტანტებს მისცეს, თუმცა ნაკრების რამდენიმე ძველი წევრიცაა, რომლებიც ხანგრძლივი ტრავმების შემდეგ ისევ უბრუნდებიან სპორტს.

გუნდის შემადგენლობაში ზურაბ მაჭარაშვილი, გოდერძი დავითაძე (ორივე - 55), გოგიტა გოგიბერაშვილი (60), მამუკა ხოზრევანიძე, უჩა შავაძე (66), გოგა აფრიამაშვილი, შმაგი გულიაშვილი (74), გიორგი ცირეკიძე, მათე სოფაძე (84), მიხეილ ქაჯაია, ამირან ზარნაძე (96) და რევაზ ჭელიძე (120) შედიან.

ხვალ 55, 66, 84 და 120
კილოგრამის ფალავნები იჭიდავებენ, კვირას - 60, 74 და 96-ის წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ ეს ტურნირი "ოქროს დიდი პრიზის" ფინალურ ეტაპზე გასასვლელ ქულებსაც იძლევა, რომელიც წლეულსაც ბაქოში გაიმართება, ოღონდ ამჯერად ოლიმპიადის გამო ივლისიდან სექტემბერში გადაიტანეს.

ნაკრების თავკაცმა ბეგი დარჩიამ ძირითადი ბირთვი 3-5 თებერვალს სოფიაში გასამართი დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის მემორიალისთვის შემოინახა. ეს ტურნირი კაცების ორივე სტილისა და ქალების ჭიდაობაში ტარდება, თუმცა ჩვენგან მხოლოდ ბერძენ-როამელები მიდიან.

დარჩიას გადაწყვეტილებით, სოფიაში ქემალ ხარაბაძე (55), ირაკლი ჭოჭუა (60), პაატა ბაკურიძე (66), მანუჩარ კვირკველია, მანუჩარ ცხადაია, ზურაბ დათუნაშვილი (სამივე - 74), ვლადიმერ გეგეშიძე, რევაზ ნადარეიშვილი (ორივე - 84), სოსო ჯაბიძე, სერგო დიხამინჯია (96), სერგო გოგისვანიძე, გურამ ფერსელიძე (120) იჭიდავებენ.

მოგეხსენებათ, ამ ნაკრებმა ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ლიცენზია მოიპოვა - ცხადაიამ და ახლა ყველაფერს ეს მწარე რეალობა განსაზღვრავს, მთელი გეგმა სალიცენზიო ტურნირებზეა აწყობილი. სწორედ ამას უნდა მივაწეროთ ხარაბაძის 55-ში გამოჩენა - ეს მწვრთნელთა ექსპერიმენტია, იქნებ როგორმე ასე მაინც შეავსონ უმჩატეს წონაში არსებული საკადრო პრობლემები, თორემ ახალგაზრდებში მსოფლიოს პრიზიორი ხარაბაძე აქამდე 60-ში ასპარეზობდა.

სალიცენზიო ტურნირებისთვის ახალი კადრების ძებნითაა გამოწვეული ორ-ორი კაცის წაყვანა მთელ რიგ წონებში - ძველებთან ერთად მწვრთნელი შანსს ახალგაზრდულ ნაკრებში შარშან თავგამოჩენილ ფალავნებსაც აძლევს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული