ქართველმა ბერძენ-რომაელებმა ბულგარეთში 6 მედალი დაისაკუთრეს

AutoSharing Option
შაბათ-კვირას ქართველმა ბერძენ-რომაელებმა კიდევ ორი მედალი მოიპოვეს სოფიაში დამთავრებულ დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის მემორიალზე - ვლადიმერ გეგეშიძე (84) ჩემპიონი გახდა, ქემალ ხარაბაძე (55) - მეორეზე გავიდა. ამდენად, ჩვენი ნაკრები ბულგარეთიდან ექვსი მედლით ბრუნდება - სამივე სინჯის ორ-ორი ჯილდოთი.

ტურნირის პირველ დღეს ჩემპიონი სოსო ჯაბიძე (96) გახდა, მანუჩარ ცხადაია (74) მეორეზე გავიდა, ზურაბ დათუნაშვილი (74) და სანდრო დიხამინჯია (96) კი - მესამეზე.

გეგეშიძემ ბულგარულ არენაზე ოთხი შეხვედრა ჩაატარა. აქედან პირველსა და ფინალურში, შესაბამისად სომეხ ჰრაჩ ჰოვანისიანთან და ბულგარელ ნიკოლაი ბაირიაკოვთან
დამატებითი დრო დასჭირდა, მეორე წრეში მასპინძელ ნიკოლაი დობრევთან ოქმში ტექნიკური მოგება უწერია, ნახევარფინალში კი კიდევ ერთ სომეხს, ტიგრან სამაკიანს 3:0; 1:0 მოუგო. ფინალში ის თავიდან 2:1 დაწინაურდა ბაირიაკოვთან, თუმცა მეორე პერიოდი სუფთად დათმო - 0:6. საბედნიეროდ, დამატებითში იჭიდავა ძლიერად და 4:0 იმარჯვა.

გეგეშიძეს დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა ტრავმები, რასაც მისი აქამდე არსებული წარუმატებლობის ძირითად მიზეზად ასახელებდნენ. იმედია, ეს პრობლემა საბოლოოდ წარსულში დარჩა და მომავალშიც წარმატებით გააგრძელებს გამოსვლას. მას საქართველოს პირველობაზე ტრავმის გამო არ უჭიდავია, ის შეჯიბრება კი ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონმა რევაზ ნადარეიშვილმა მოიგო. ამდენად, წონის ლიდერობაზე სერიოზული პრეტენზიაც განაცხადა, მაგრამ სოფიაში ფავორიტის იმიჯი ვერ გაამართლა - მოლდოველ იური მალაის კი მოუგო ორ პერიოდში 4:0, მაგრამ მეორე შეხვედრა სწორედ ბაირიაკოვთან დათმო. ნადარეიშვილმა მოგებით დაიწყო - პირველ პერიოდში 1:0 იმარჯვა, მაგრამ მომდევნოებში ვერაფერს გახდა და ჯერ 0:1 წააგო, დამატებითში კი 0:3 დამარცხდა. სანუგეშოშიც პირველივე შეხვედრა დათმო თურქ საბან კარატასთან.

ამ წონაში იასპარეზა ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა მანუჩარ კვირკველიამაც, რომელსაც, თავდაპირველი ინფორმაციით, ჩვეულ 74-ში უნდა ეჭიდავა. ის პირველივე წრეში დამარცხდა ირანელ მაჯიდ ალიარიფაიზაბადისთან ძირითად დროში.

ქემალ ხარაბაძე აქამდე 60 კილოგრამში ჭიდაობდა, მაგრამ 55-ში შექმნილი მწვავე საკადრო პრობლემების გამო მწვრთნელებმა მისი ამ წონაში ჩამონაცვლება გადაწყვიტეს. მით უფრო, ფიზიკური მასაც ხელს უწყობს - 60 კილოგრამიც არაა და ბევრის დაკლებაც არ უწევს. ამიტომ მწვრთნელებმა ექსპერიმენტს მიმართეს, რამაც გაამართლა კიდეც - ჩვენი ფედერაციის წარმომადგენლებს თუ ვენდობით, ის ფინალში მსაჯებმა დაჩაგრეს მასპინძელ ალექსანდრ კოსტადინოვთან. მასპინძლებისადმი მსაჯთა მიკერძოება არ გვიკვირს, მაგრამ არაორგანიზებულობით ცნობილმა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ (FILA) კიდევ ერთხელ გაგვაოცა - ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ტურნირის შედეგებში ხარაბაძე რატომღაც სომხეთის წარმომადგენლადაა ჩაწერილი... იმედია, ამ ლაფსუს ჩვენი ფედერაცია მალევე გამოასწორებინებს FILA-ს, თორემ მათ ამის გაკეთება აზრადაც არ მოუვათ.

არ ვიცი, რამდენად კმაყოფილია ხარაბაძის ჭიდაობით ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბეგი დარჩია და დატოვებს თუ არა ისევ ამ წონაში. შედეგიდან გამომდინარე, უნდა დატოვოს, თუმცა ამ შემთხვევაში საკადრო პრობლემა უკვე 60-ში იჩენს თავს. იქ საქართველოს ჩემპიონი ირაკლი ჭოჭუაა, რომელმაც სოფიაში კარგად კი დაიწყო გამოსვლა - ირანელ ბენამ მორადი ბალოოტესარს პირველ პერიოდი 2:0 მოუგო, თუმცა ეს მისი მაქსიმუმი აღმოჩნდა და მომდევნო ორი 0:3; 0:2 წააგო. 31 წლის ჭოჭუა შინაურ ტურნირებში ძლიერად ჭიდაობს, მაგრამ ცუდია, რომ უცხოეთშიც ისე კარგად ვეღარ გამოდის. თუმცა დარჩიას 60-ში არჩევანი მაინც აქვს საქართველოს ვიცე-ჩემპიონ ფირუზ წულუკიძის სახით. ის ქვეყნის პირველობაზე ჭოჭუასთან კი დამარცხდა, მაგრამ ფრიად თვალსასეირო ორთაბრძოლა გაუმართა, რომელშიც საბოლოოდ გამოცდილებამ იმარჯვა.

სოფიაში წარუმატებლად გამოვიდნენ და პირველივე წრიდან გამოვარდნენ ჩვენი ფალავნები მძიმე წონაშიც. გურამ ფერსელიძეც და სერგო გოგისვანიძეც შეჯიბრებაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაებნენ და კარგადაც იასპარეზეს. განსაკუთრებით - ფერსელიძემ, რომელმაც ლატვიელ მარიუს გრიგელისს წმინდად აჯობა. გოგისვანიძემ ამ ეტაპზე მასპინძელ მიროსლავ მეთოდიევის წინააღმდეგობა მესამე პერიოდში დასძლია (საერთო ანგარიშია 5:1), ძირითად ბადეში კი თურქ მომავალ ბრინჯაოს მედალოსან ემინ ოზთურქთან ძირითადშივე წააგო - 0:4. ფერსელიძემ შვედ იოჰან ეურენს თავიდან 1:0 მოუგო, მაგრამ მომდევნოებში 0:3; 0:6 დამარცხდა. ასევე წარუმატებლად გამოვიდა პაატა ბაკურიძეც 66-ში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული