პოლიტიკური ჩემპიონატი და რუსების დანაკლისი

AutoSharing Option
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები უკვე მოსკოვშია. მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატის მასპინძელ ქალაქს ჩვენებმა გუშინ საღამოს მიაშურეს ადრევე გამოცხადებული შემადგენლობით: ლაშა გოგიტაძე (55), რევაზ ლაშხი (60), მანუჩარ ცხადაია (66), მანუჩარ კვირკველია (74), ვლადიმერ გეგეშიძე (84), სოსო ჯაბიძე (96), გურამ ფერსელიძე (120). ბეგი დარჩიას მიერ შერჩეულ გუნდში გაახალგაზრდავების პროცესი თვალშისაცემია - ყველაზე უფროსი 32 წლის კვირკველიაა, დანარჩენები კი ბევრად ახალგაზრდები არიან. თუმცა მათ უმეტესობას ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობის და კონკრეტულად მსოფლიოს პირველობაზე ჭიდაობის დიდი გამოცდილება აქვს. ნაკრებში პირველ სეზონს მხოლოდ გივი კარტოზიას სახელობის
`ოქროს დიდი პრიზის~ წლევანდელი ჩემპიონი გეგეშიძე ატარებს. მსოფლიოს პირველობაზე დებიუტი ექნება ჯაბიძესაც, თუმცა მან ქვეყნის მთავარ გუნდში ერთი მედლის მოპოვება უკვე მოასწრო - ევროპის წლევანდელი პირველობის ბრინჯაოს პრიზიორია. სხვათა შორის, ის ამ ტურნირზე ჩვენი ნაკრების ერთადერთი მედალოსანი იყო. შეიძლება ითქვას, გუნდში მანუჩართა ზეობაა -უდავო ლიდერები ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი კვირკველია და შარშანდელი სეზონის ტრიუმფატორი, ევროპის პრიზიორი და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ცხადაია არიან. სამწუხაროდ, მიზეზთა გამო ამჯერად დარჩიას ნაკრებში სხვა ტიტულოვანი აღარ დარჩა - ევროპის ჩემპიონმა, მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორმა ბადრი ხასაიამ (84) გაუთავებელი ტრავმების გამო ჭიდაობას თავი დაანება, ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონს, ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსან რამაზ ნოზაძეს (96) კი ასევე ტრავმების გამო წლევანდელი სეზონი ლამის მთლიანად გაუცდა. ყოველ შემთხვევაში, ორივე პირველხარისხოვანი ტურნირი გამოტოვა - ევროპის პირველობაც და მსოფლიოსიც. ამდენად, ადრინდელი მრისხანე ტრიო - კვირკველია-ხასაია-ნოზაძე წლეულს საბოლოოდ დაიშალა. ადრე შედეგების უმეტესობა სწორედ ამ სამეულზე მოდიოდა, გაისად კი ნოზაძე ალბათ დაბრუნდება (თუმცა სხვა საკითხია, მოხვდება თუ არა ნაკრებში). იმედია, მათ ადგილს სხვები დაიკავებენ და თაობათა ცვლის პროცესი უმტკივნეულოდ ჩაივლის.

მოსკოვში ჩასულ ჩვენს გუნდს სასიამოვნო სიურპრიზი დახვდება. კონკრეტულად კი ლაშხს - ბოლო საკონტროლო შეხვედრებზე საზარდული დაიჭიმა და ჩემპიონატს გამოაკლდება მისი კონკურენტი, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ისლამ-ბეკ ალბიევი, რომელსაც ევროპის წლევანდელი ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის 2007 წლის ვიცე-ჩემპიონი ზაურ კურამაგომედოვი შეცვლის. ურიგო და ხელწამოსაკრავი არც დაღესტნელი შემცვლელია, მაგრამ ჩეჩენი ამ წონის გამოკვეთილი ლიდერია, რომელმაც სამივე ზემოაღნიშნული ტურნირი ერთ ციკლში ანუ ერთმანეთის მიყოლებით მოიგო და ამ პირველობაზეც უდაოდ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის შესანარჩუნებლად იბრძოლებდა. ალბიევს ტრავმა ხუთი დღის წინ მიუღია, რაც ავბედითი ტრავმა ტომოგრაფიულ გამოკვლევასაც მაშინვე უჩვენებია, მაგრამ აქამდე კიდევ ცდილობდა, ბედს შებრძოლებოდა და გუშინდლამდე ეს ამბავი არც სამწვრთნელო შტაბმა გაახმაურა. `ალბიევი მამაცი ბიჭია და აფასებს გუნდის ინტერესებს. ამიტომ, როცა დარწმუნდა, რომ ვერ შეძლებდა პირველი ადგილისთვის ბრძოლას, თვითონ არ ისურვა ჭიდაობა~ - განაცხადა რუსთა ქართველმა დამრიგებელმა გოგი კოღუაშვილმა. მან ის მიზეზიც განმარტა, თუ რატომ შეაჩერა არჩევანი რუსეთის წლევანდელი პირველობის მესამე პრიზიორ კურამაგომედოვზე და არა ჩემპიონ რუსტამ ხაჩბაროვზე ან ვერცხლის მედალოსან ვიაჩესლავ ჯასტეზე, რომელიც ევროპისა და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორიცაა. კოღუაშვილის თქმით, მათ წააგეს `ოქროს დიდი პრიზის~ ფინალური ტურნირი ბაქოში, კურამაგომედოვმა კი პოლონურ პეტლიასინსკიზე რამდენიმე ძირითად კონკურენტს აჯობა, მესამეზე გავიდა და მისი არჩევანიც ამან განაპირობა.

დავუბრუნდეთ ისევ მსოფლიოს ჩემპიონატს, რომელსაც 6 სექტემბერს სპორტკომპლექს `ოლიმპიისკიში~ ბერძენ-რომაელები გახსნიან - იმ დღეს 55, 66 და 96-ის ფალავნები იჭიდავებენ. მეორე დღეს 60, 84 და 120-ის წარმომადგენლები იასპარეზებენ, 8 სექტემბერს კი ხალიჩაზე ბერძენ-რომაელთაგან ბოლო წონითი კატეგორიის - 74-ის მოჭიდავეებს ვიხილავთ, რომლებსაც ქალებიც შეუერთდებიან - 48 და 51 კილოგრამიანები. 9 სექტემბერი მთლიანად ქალებს ეთმობათ, 10-ში კი ისევ შერეული დღეა - არენაზე მანდილოსნებთან ერთად 55 კილოგრამში მოასპარეზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვაჟებიც გამოვლენ. მომდევნო ორი დღე მთლიანად `თავისუფლებისაა~ - 11-ში 60, 84 და 96-ის ფალავნები ჭიდაობენ, დასკვნით დღეს კი ორთაბრძოლები 66, 74 და მძიმე წონებიშია. წინასწარი შეხვედრები ყველა დღეს იქაური დროით 13 საათზე დაიწყება და 19 საათამდე გაგრძელდება, ფინალები კი 19.30-21.30 შუალედში ჩატარდება. ჩემპიონატის პირდაპირ რეპორტაჟს `როსია-2~ აჩვენებს, თუმცა, მსოფლიოს პირველობების ისტორიაში პირველად, ამჯერად პირდაპირ ეთერს ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია და თავად რუსეთის ფედერაციაც გვთვაზობენ.

მოსკოვი მსოფლიოს ჩემპიონატს 2002 წლის მერე პირველად მასპინძლობს. მაშინ იქ მხოლოდ ბერძენ-რომაელთა პირველობა ჩატარდა - იმ დროს მოჭიდავეთა პირველხარისხოვანი შეჯიბრებები ჯერ კიდევ ცალ-ცალკე ტარდებოდა და `თავისუფალთა~ ანალოგიურ ჩემპიონატს თეირანმა უმასპინძლა, სადაც ლუკა კურტანიძემ (96) პირველად იზეიმა მსოფლიოს ჩემპიონობა. 2002-ში მოსკოვში ჩვენი ბერძენ-რომაელები მთლად ასე ტრიუმფით არ გამოსულან, მაგრამ არც ურიგო შედეგი უჩვენებიათ - ხასაია იმხანად ყველასთვის უძლიერეს მეტოქესთან, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ვარტარეს სამურგაშევთან დამარცხდა და ვერცხლი მოიპოვა, კვირკველიამ კი ნახევარფინალური შეხვედრა მომავალ მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონთან, აზერბაიჯანელ ფარიდ მანსუროვთან დათმო და ბრინჯაოს დასჯერდა. თუმცა ახალგაზრდული გუნდისთვის არც ეს იყო ცუდი შედეგი, რადგან სრულად ადასტურებდა მის ამბიციურობას. ის მომავლის გუნდი იყო და აკი 2002-ის მოსკოვური შედეგი დაედო კიდეც საფუძვლად 2003 წლის ტრიუმფალურ სეზონს - მაშინ ჩვენი ორივე ნაკრები პირად პირველობებში მოპოვებული წარმატებებით გუნდურ ჩათვლაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

პირველხარისხოვან ტურნირს მოსკოვმა ბოლოს 2006 წელს უმასპინძლა, ოღონდ ის ევროპის ჩემპიონატი იყო. მაშინ ჩვენმა ბერძენ-რომაელებმა თითო ვერცხლი (დავით ბედინაძე; 60) და ბრინჯაო (კვირკველია) მოიპოვეს, `თავისუფლები~ კი ორ ბრინჯაოს დასჯერდნენ, რაც გიორგი გოგშელიძისა (96) და ლუკა კურტანიძის (120) ანგარიშზე მოდის.

სსრკ-ს დაშლის მერე საქართველო-რუსეთის ურთიერთობა არასოდეს ყოფილა ჰარმონიული, მაგრამ აგვისტოს ომის შემდეგ ჩვენი მოჭიდავეების ჩასვლა მოსკოვში პრინციპულად განსხვავდება 2002 ან თუნდაც 2006-ის სტუმრობისგან - დღეს ეს საკითხი ორივე მხარისთვის უმაღლესი რანგის პოლიტიკად იქცა. იმდენად აქტუალურ თემად, რომ რუსეთში შესასვლელ ვიზაზე უარი უთხრეს საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ კახა გეწაძეს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ გია ნაცვლიშვილს, რამდენიმე პარლამენტარს და ყველა იმ პირს, ვინც სახელმწიფო სამსახურშია ან რაიმე შეხება აქვს პოლიტიკასთან. როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში უარის მიზეზს არავინ გიკონკრეტებს, მაგრამ, როგორც პირადი საუბრებიდან ირკვევა, მიზეზი მეტწილად იქაური სპეცსამსახურების მითითებაა. გეწაძემ პრობლემის მოგვარება მარტინეტისაც კი სთხოვა, მაგრამ ამაოდ... სულაც არაა გამორიცხული, რუსეთის ხელისუფლებამ ჩემპიონატის ორგანიზატორებსაც პირდაპირ დაავალოს, ყველანაირად ეცადნონ, რომ მოსკოვში საქართველოს ჰიმნი არ აჟღერდეს.

თუმცა მათ ამის მითითება არც სჭირდებათ.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული