დავიჩაგრეთ, ოღონდ, უსუსურობით...

AutoSharing Option
მოლოდინისამებრ, ჩვენმა ბერძნულ-რომაულმა ნაკრებმა ძალიან ცუდად დაიწყო გამოსვლა მოსკოვში, მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე - გუშინ საჭიდაოდ გასული სამი ქართველიდან ორი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა და მხოლოდ მესამემ მოახერხა ერთი ორთაბრძოლის მოგება. ეს ლაშა გოგიტაძემ (55) შეძლო, მანუჩარ ცხადაია (66) და სოსო ჯაბიძე (96) კი ყოველმხრივ ხელმოცარულნი ტოვებენ მოსკოვს.

ვგონებთ, ეს ის შემთხვევაა, როცა მსაჯებს ვერაფერს დავაბრალებთ. დასამალი არაა, რომ ამ ჩემპიონატს დიდი მითქმა-მოთქმა უძღოდა მოსალოდნელ ზეწოლაზე, მსაჯთა მიკერძოებაზე, წილისყრების ჩაწყობაზე... წილისყრამ ცეცხლზე ნავთი მართლაც დაასხა - რუსებს ბევრად იოლი ჯგუფები შეხვდათ. მაგალითად,
როცა მათი ოლიმპიური ჩემპიონი ასლანბეკ ხუშტოვი ნახევარფინალისკენ მიმავალ გზაზე შედარებით სუსტებს ეჭიდავებოდა და ლამის ძალდაუტანებლად იგებდა, ერთ ქვეჯგუფში თავმოყრილი მისი უმთავრესი მეტოქეები თავდაუზოგავ ბრძოლაში ერთმანეთს ხოცავდნენ.

თუმცა, როცა ყველას გვეგონა, რომ რუსები გუშინ სამივე ოქროს მოიპოვებდნენ, მხოლოდ ერთი დაისაკუთრეს, მათმა ლიდერებმა, ოლიმპიურმა ჩემპიონებმა - იმავე ხუშტოვმა და ნაზირ მანკიევმა (55) წააგეს. მართალია, მერე ორივემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მაგრამ არა გვგონია, შინ გამართულ ტურნირზე რუსები ოქროს გარდა სხვა სინჯის მედალმა დააკმაყოფილო და ეს წარმატებად მიიჩნიონ.

ამდენად, ჩვენებურთა წაგებას მსაჯებს ვერ დავაბრალებთ - ვინც ძლიერია და კარგადაც იყო მომზადებული, ცეცხლიც დაანთო ლეიბზე (სხვებს თავი დავანებოთ და სომეხი ევროპის ჩემპიონის, მსოფლიოს ვერცხლისა და ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორ რომან ამოიანის ხუთქულიანი გდება რად ღირდა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ბულგარელ ვენელინ ვენკოვთან) და მოუმზადებელსა თუ შედარებით სუსტ რუსსაც ვერ უშველა ვერაფერმა. შესაბამისად, სპორტკომლექს "ოლიმპიისკიშიც" პირველად არა რუსეთის, არამედ ირანის დროშა აფრიალდა და მათი ჰიმნი გაისმა. ასეთი დასაწყისის მიზეზი უფრო საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ.

55 კგ
ლაშა გოგიტაძე პირველ წრეში ისვენებდა, ჩემპიონატში კი ჩეხ იან ჰოჩკოსთან შეხვედრით ჩაება და ორ პერიოდში იოლადაც აჯობა. მომდევნო შეხვედრამ საკმაოდ ძლიერ ფალავანთან მოუწია - ფინელი იარი იუკა ჰააპამაკი 2009 წლის ევროპის ჩემპიონია და მოსალოდნელიც იყო, უბრძოლველად არავის არაფერს დაუთმობდა. მართალია, მასაც გადაუარა ყოვლისმმუსრავმა ქარბორბალამ სახელად ჰამიდ სორიანმა, რომელიც აგერ უკვე ამდენი წელია, მუდმივად მძვინვარებს ამ წონაში და ყველას ანადგურებს, მაგრამ ჩვენებურს ორ პერიოდში ძალზე იოლად მოუგო.

ამ წონაში ირანელმა სორიანმა მორიგი სპექტაკლი დადგა, თუმცა მას სანახაობრივი მხარის გალამაზებაში ამოიანმაც გვარიანი კომპანიონობა გაუწია. სორიანი ზედიზედ მეხუთედ გახდა ჩემპიონი - 2005 წლიდან მოყოლებული, ყველა პირველობაში გაიმარჯვა, რაც ფანტასტიკური შედეგია. ფინალში კორეელ მეტოქესთან დამატებითი დრო კი დასჭირდა, მაგრამ მისი უპირატესობა მაინც საგრძნობი იყო. ირანელმა ნახევარფინალში ამოიანს აჯობა. შეგახსენებთ, რომ ისინი შარშან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშიც შეხვდნენ ერთმანეთს. შეიძლება ითქვას, ირანელი ბედისწერად ექცა სომეხს.
1. ჰამიდ სორიანი (ირანი), 2. გიუ-ჯინ ჩოი (კორეა). 3. ნაზირ მანკიევი (რუსეთი), რომან ამოიანი (სომხეთი).

66 კგ
გუშინ მოასპარეზე ქართული სამეულიდან ყველაზე მეტად მანუჩარ ცხადაიასი გვეიმედებოდა იმის მიუხედავად, რომ წლეულს ტრავმებმა ძალიან ბევრი გააცდინა. თუმცა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონისგან მთლად შარშანდელი შედეგის გამეორებას თუ არა, გარკვეულ წარმატებას მაინც ველოდით და არა ასეთ ფიასკოს - პირველივე წრეში დამატებით დროში წააგო სომეხ არმან ადიკიანთან. არადა, ჯერ ცხადაია დაწინაურდა, მაგრამ მომდევნო ორი 2:6 დათმო... მას არც სანუგეშო წრეში ჩართვის საშუალება მიეცა, რაკიღა სომეხი აზერბაიჯანელ ევროპის ჩემპიონთან, მსოფლიოს პრიზიორ და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ ვიტალი რაჰიმოვთან დამარცხდა. თუმცა ფინალისკენ გზა ვერც რაჰიმოვმა გაიკვლია, რადგან ნახევარფინალში რუსთა ევროპის ორგზის ჩემპიონ ქართველთან - ამბაკო ვაჩაძესთან წააგო.

გუშინ ეს იყო ერთადერთი წონა, სადაც რუსებმა წარმატებას მიაღწიეს - ფინალში მხოლოდ აქ ჰყავდათ მონაწილე, ქუთაისელი ვაჩაძე კი აგრძელებს რუსული ტიტულების მოხვეჭას - ევროპის ორგზის ჩემპიონის ტიტულს უკვე მსოფლიოს ჩემპიონის წოდებაც დაუმატა. თუმცა ამაში ჩვენთვის კარგად ნაცნობმა ფინალურმა მეტოქემაც დიდად შეუწყო ხელი - სომხური წარმოშობის უკრაინელ არმენ ვარდანიანს 2003 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მანუჩარ კვირკველიამ მოუგო. ფინალური ორთაბრძოლის პირველ პერიოდში ვაჩაძე ჩოქბჯენში ჩადგა, მაგრამ უკრაინელმა ორი ცდიდან ვერც ერთხელ დაატრიალა და პერიოდიც დათმო. მეორეში უკვე თავად ჩადგა ჩოქბჯენში, მაგრამ მეტოქეს შეკვრა არ აცალა, რისთვისაც სავსებით სამართლიანად გაფრთხილებით და ქულით დაისაჯა, ვაჩაძე კი გაიქცა და გამარჯვების აღსანიშნავად რუსთა ნაკრების ქუთაისელ მწვრთნელ გოგი კოღუაშვილს შეახტა.
1. ამბაკო ვაჩაძე (რუსეთი), 2. არმენ ვარდანიანი (უკრაინა), 3. ვიტალი რაჰიმოვი (აზერბაიჯანი), ვასიფ არზიმანოვი (თურქეთი).

96კგ
სოსო ჯაბიძემ ტურნირი მსოფლიოს ჩემპიონთან შეხვედრით დაიწყო და დაასრულა კიდეც - ეგვიპტელი მოჰამედ იბრაჰიმ აბდელფატაჰი მსოფლიოს ჩემპიონია, მაგრამ აქამდე ქვედა წონაში გამოდიოდა, წლეულს კი აქ გადმოვიდა და წარმატებითაც. არადა, ევროპის წლევანდელ პრიზიორი ჯაბიძეს მოგების რეალური შანსიც ჰქონდა, პირველი პერიოდი მოუგო კიდეც, მაგრამ დამატებითში დასანანი შეცდომა დაუშვა და 0:1 დამარცხდა.

მერე შანსი კიდევ რჩებოდა, მაგრამ ეგვიპტელი ამ სეზონში ზედიზედ მეორედ შეასკდა ირანულ ბარიერს - ივლისში ბაქოში, "ოქროს დიდი პრიზის" ფინალში ბაბაკ ჰოსეინ გოლდასტენ გორბანისთან წააგო, ახლა კი მსოფლიოს პრიზიორ ამირ აზიზ ალიაკბართან დამარცხდა. ირანელმა უმძიმესი გზა გაიარა ფინალამდე - ეგვიპტელამდე უზბეკეთის სახელით მოასპარეზე ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ დავით სალდაძესაც მოუგო, მერე კი ფინალისთვის იოლ ჯგუფში "გადანახულ" ხუშტოვსაც გამოუყვანა წირვა. ის სავსებით დამსახურებულად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, ბელარუსი ტსიმაფეი დზეინიცენკა კი ამ წონაში ახალ ლიოდერად ყალიბდება - წლეულს ევროპის ჩემპიონატის ფინალშიც გავიდა, თუმცა იქ მისი მარცხი ხუშტოვთან უფრო მსაჯების დამსახურებაა.

სალდაძეს ცოტა რომ ეყოჩაღა, ხუშტოვს საერთოდ უმედლოდ დატოვებდა. ისინი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში შეხვდნენ ერთმანეთს და პირველ პერიოდში ჩოქბჯენში ხუშტოვი ჩადგა. სალდაძეს სულ მცირე ბიძგი დააკლდა მის დასატრიალებლად, მაგრამ ვერ შეძლო, ამის შემხედვარე უზბეკთა ქართველი თავკაცი, ოლიმპიური ჩემპიონი ალექსანდრე დოხტურიშვილი კი სკამზე ადგილს ვერ პოულობდა. სამაგიეროდ, მეორე პერიოდში ხუშტოვმა ჩოქბჯენიდან გდების ჩინებული გაკვეთილი ჩაუტარა არა მარტო სალდაძეს, მთელ მსოფლიოს - ხელში აყვანილი ფიზიკურად ბევრად მძიმე მეტოქე ჯერ ორქულიანზე გადააგდო, მერე კი ასევე ხელში აყვანილი პირდაპირ ბეჭებით დასცა ლეიბზე და წმინდა მოგება მიითვალა, სალდაძემ კი ზედიზედ მეორედ წააგო ბრინჯაოსთვის ბრძოლა მსოფლიოზე.
1. ამირ აზიზ ალიაკბარი (ირანი), 2. ტსიმაფეი დზეინიჩენკა (ბელარუსი), 3. ასლანბეკ ხუშტოვი (რუსეთი), ჯიმი ლიდბერგი (შვედეთი).

დღეს "ოლიმპიისკში" მორიგი ქართული ტრიო იჭიდავებს - რევაზ ლაშხი (60), ვლადიმერ გეგეშიძე (84) და გურამ ფერსელიძე (120). ლაშხი პირველივე წრიდან ჩაებმება ჩემპიონატში - თურქ აბდულსამეტ უგურლის ხვდება. გეგეშიძე სომხეთსი რუსეთიდან გადასულ დენის ფოროვს დაეჭიდება, ფერსელიძე - სერბ მილოშ სპასიჩს.






მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული