ეს წონითი კატეგორია მისთვის უცხო არაა, თუმცა არც მშობლიურია. ამიტომ მედალი წარმატებად უნდა ჩავუთვალოთ, მით უფრო, რომ სხვა ჯილდო არც გვაქვს. მაგრამ დასანანია ის შეცდომა, რომლითაც ჩვენებურმა ფინალი დათმო რუსთა მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონ რომან ვლასოვთან.
ეს ცხადაიასთვის წაგებული მესამე ფინალია - 2009 და 2011 წლებში მსოფლიოს პირველობაზე დათმო გადამწყვეტი შეხვედრები. ამიტომ კარგად გვესმის მისი გაწბილება და
პირიქით, ჩვენი სურვილია, მომავალში ბევრად უფრო დაკვირვებით იჭიდაოს, ასე გაუმართლებლად აღარ გარისკოს და, საერთოდ, ფიზიკურ-ტექნიკური თვალსაზრისით უკეთ მოემზადოს. კულუარებში მას მწვრთნელები ისედაც საყვედურობენ, ჩქარი ხარ და ვერ დადინჯდიო, რაც უნდა გამოასწოროს.
იქნებ ცხადაიას მესამე პერიოდი ისედაც წაეგო, რადგან ფინალში მეტოქედ ძლიერი ფალავანი ჰყავდა - საქმე მხოლოდ მის ტიტულში როდია. მწვრთნელიც რომ ბევრს ნიშნავს, არახალია და ვლასოვი თვით სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ალექსანდრ კარელინის აღმზრდელი ვიქტორ კუზნეცოვის შეგირდია. უბრალოდ, დასანანია, როცა მეორე პერიოდს 1:0 იგებდა, ბოლოს რატომ გარისკა და რატომ სცადა უკუგდება.
მართალია, ამ პერიოდში ის ერთადერთი ქულაც ამ ილეთით მოიპოვა, მაგრამ მანამდე რამდენჯერმე ვერ გააკეთა; იმ საბედისწერო მომენტშიც მეტოქე თითქოს ხელიდან გაუსხლტა, ანუ გდება ვერ იყო კარგად დამუშავებული; თავისი ქულის დროს ვერც დაატრიალა, ანუ ფიზიკურადაც ვერ იყო სათანადო ფორმაში... ერთი სიტყვით, ფანდი მთლად კარგად ვერ ჰქონდა მომზადებული და ამიტომ იყო რისკი, თორემ ტექნიკური ჭიდაობის წინააღმდეგნი კი არ ვართ.
მით უფრო, დრო ისედაც იწურებოდა და ლეიბის გარეთაც რომ გაესროლა მეტოქე (ისედაც ხაზთან იდგნენ უკვე), ამითაც იხეირებდა. სამწუხაროდ, ბრძოლის ჟინით ატანილმა ცხადაიამ ყველაზე ცუდი ვარიანტი აირჩია - უკუგდება მოინდომა, მაგრამ ბოლომდე ვერ გადაისროლა მეტოქე, რომელმაც იოლად დაუხურა გდება და იქით მოიპოვა ქულა. ამით ანგარიში გათანაბრდა, მაგრამ ბოლო ქულის პრინციპით გამარჯვება ვლასოვს დარჩა. მას პირველი პერიოდი მოგებული ჰქონდა - ცხადაიამ იქაც იბრძოლა, მაგრამ რუსი უფრო მობილიზებულ-მომზადებული ჩანდა.
ფინალამდე ჩვენებური სერიოზული გართულებების გარეშე მივიდა - გერმანელ ფაბიან იანიცკის, ავსტრიელ ფლორიან მარჩელს, ფრანგ ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიადის მედალოსან კრისტოფ ჟენოს და ამ შეჯიბრების მომავალ ბრინჯაოს პრიზიორს, ლიტველ ალექსანდრ კაზაკევიჩს ძირითად დროში მოუგო.
დანარჩენები
ჩვენი გუნდის სხვა წევრებიდან დამამშვიდებელში ირაკლი ჭოჭუა (60), ვლადიმერ გეგეშიძე (84) და გურამ ფერსელიძე (120) გადავიდნენ. როგორც ვივარაუდეთ, ჭოჭუა მეოთხედფინალში იოლად გავიდა და იქ გამოვარდა - მომავალ ფინალისტთან, ბულგარელ ივო ანგელოვთან წააგო, სანუგეშოში კი რუს ასლან აბდულინთან დამარცხდა.
გეგეშიძემ ფრანგ მსოფლიოს ჩემპიონ მელონინ ნოუმონვის 9:1 კი მოუგო და მერეც გაიარა ერთი წრე, მაგრამ ისევ ბულგარელთან, ოღონდ უკვე მომავალ გამარჯვებულთან, მსოფლიოს ჩემპიონ ჰრისტო მარინოვთან დათმო ორთაბრძოლა. სანუგეშოში პირველივე შეხვედრა წააგო უნგრელ ვიქტორ ლორინცთან. ფერსელიძე ერთი წრის გავლის შემდეგ თურქთა მომავალ ჩემპიონ რიზა კაიალააპთან დამარცხდა, სანუგეშოში კი სომეხთა მომავალ ბრინჯაოსმედალოსან იური პატრიკეევთან დათმო შეხვედრა. სხვათა შორის, რუსეთიდან გადაბირებულმა პატრიკეევმა მერე კიდევ ერთი ქართველი, ოღონდ ბელარუსთა სახელით მოჭიდავე იოსებ ჩუგოშვილიც გამოთიშა შეჯიბრებას.
55-ში საექსპერიმენტოდ ჩამონაცვლებული ქემალ ხარაბაძე პირველივე წრეში ბელარუს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ელბეკ ტოჟიევთან მარცხით გამოეთიშა ტურნირს. ევროპის პრიზიორმა სოსო ჯაბიძემ ბელარუსთა ევროპის ჩემპიონსა და მსოფლიოს ვერცხლისმედალოსან ტსიმაფეი დზეინიჩენკას კი მოუგო, მაგრამ რუსთა მსოფლიოს პრიზიორ რუსტემ ტოტროვთან წააგო და მერე ვერც სანუგეშოში გადავიდა.
ამ წონაში აზერბაიჯანს ბრინჯაოს მედალი მოუტანა შალვა გადაბაძემ. ეს მისთვის მეორე ევროპული ბრინჯაოა, თუმცა პირველზე ბევრად მნიშვნელოვანი და გარდამტეხი. საქმე ისაა, რომ 84-იდან გადმონაცვლების შემდეგ მას ჩავარდნა ჰქონდა, რაც აზერბაიჯანელებსაც მოსწყინდათ და შარშან მსოფლიოზე წაგების შემდეგ ჩვენებური, პრაქტიკულად, გამოუშვეს საქართველოში. თუმცა მისი ღირსეული შემცვლელი არ ჰყავთ და ამ ტურნირისთვის ისევ უხმეს. გადაბაძემაც გაუმართლათ იმედები.
ევროპის ჩემპიონმა რევაზ ლაშხმა, რომელიც ასევე ზედა წონაში - 66-ში ჭიდაობდა, პირველივე შეხვედრა დათმო ხორვატ დომინიკ ეტლინგერთან. რაც დრო გადის, ხორვატული ბარიერი სულ უფრო დაუძლეველი გვიხდება, თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანს, სხვა არასაჭიდაო ქვეყნებთანაც გაგვიჭირდება.
ამ ჩემპიონატით ცოტა ძნელია ძალთა რეალური ბალანსის განსაზღვრა, რადგან ოლიმპიადისა თუ სალიცენზიო ტურნირების გამო ბევრი ლიდერი არ ჭიდაობდა, მაგრამ საერთო დონის გათანაბრების ტენდენცია კიდევ ერთხელ დაადასტურა - ოქროს მედლები სულ სხვადასხვა ქვეყანაზე გადანაწილდა, მათ შორის კი, ბევრისთვის მოულოდნელად, გერმანია და განსაკუთრებით, სლოვაკეთიც მოხვდნენ.
საკმაოდ წარმატებით იჭიდავეს ბალტიისპირელებმა, სკანდინავიელებმა, მასპინძელმა სერბებმა; ძალიან მოუმატეს ჩვენმა მეზობელმა სომხებმა, ხოლო აზერბაიჯანელებმა ზედა წონებში არსებული ჩავარდნები ამოავსეს... სამწუხაროდ, ამ ფონზე ჩვენს ნაკრებში კრიზისი ისევ გრძელდება. იმედია, სალიცენზიო ტურნირებამდე ვითარება ცოტათი მაინც გამოსწორდება, თუმცა იქამდე ცოტა დრო რჩება - ერთ თვეზე ცოტა მეტი, გუნდს კი მხოლოდ ერთი ლიცენზია მოეძევება.
კვარცხლბეკი
55 კგ. 1. ელჩინ ალიევი (აზერბაიჯანი), 2. პეტერ მოდოსი (უნგრეთი), 3. ფატიჰ უცუნცუ (თურქეთი), ალექსანდრ კოსტადინოვი (ბულგარეთი), 11. ქემალ ხარაბაძე (საქართველო).
60 კგ. 1. იშტვან ლევაი (სლოვაკეთი), 2. ივო ანგელოვი (ბულგარეთი), 3. დავორ სტეპანეკი (სერბეთი), ასლან აბდულინი (რუსეთი), 7. ირაკლი ჭოჭუა (საქართველო).
66 კგ. 1. ფრენკ სტაბლერი (გერმანია), 2. გეორგიან კარპენი (რუმინეთი), 3. ოვე მატიას გიუნტერი (შვედეთი), ისლამ-ბეკ ალბიევი (რუსეთი), 12. რევაზ ლაშხი (საქართველო).
74 კგ. 1. რომან ვლასოვი (რუსეთი), 2. მანუჩარ ცხადაია (საქართველო), 3. ალექსანდრ კაზაკევიჩი (ლიტვა), არსენ ჯულფალაკიანი (სომხეთი).
84 კგ. 1. ჰრისტო მარინოვი (ბულგარეთი), 2. დამიან იანიკოვსკი (პოლონეთი), 3. ვიქტორ ლორინცი (უნგრეთი), ჟან ბელენიუკი (უკრაინა), 7. ვლადიმერ გეგეშიძე (საქართველო).
96 კგ. 1. არტურ ალექსანიანი (სომხეთი), 2. მინდაუგას ეზერსკისი (ლიტვა), 3. შალვა გადაბაძე (აზერბაიჯანი), სერგეი რუტენკო (უკრაინა), 10. სოსო ჯაბიძე (საქართველო).
120 კგ. 1. რიზა კაიალააპი (თურქეთი), 2. ხასან ბაროევი (რუსეთი), 3. იევჰენი ორლოვი (უკრაინა), იური პატრიკეევი (სომხეთი), 10. გურამ ფერსელიძე (საქართველო).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"