ალექსანდრ კარელინს თბილისი მონატრებია

AutoSharing Option
ამ დღეებში საქართველოს ჭიდაობის ფედერაციას საპატიო სტუმარი ჰყავს რუსეთიდან - სამგზის ოლიმპიური, მსოფლიოს 9-გზის და ევროპის 12-გზის ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალექსანდრ კარელინი.

ის ორი დღეა, რაც გვეწვია თბილისში და თავდაპირველად გავრცელდა ხმა, რომ საქართველო-რუსეთის სარაგბო მატჩზე იყო ჩამოსული, მაგრამ ეს ხმები თავად სტუმარმა უარყო - რაგბი საერთოდ არ მაინტერესებს, თბილისში 25 წელიწადი არ ვყოფილვარ, აქ ჩამოსვლა ძალიან მინდოდა და რაკი ამ დღეებში მეცალა, გადავწყვიტე, გწვეოდითო.

შეიძლება ითქვას, კარელინის სპორტულ ბიოგრაფიაში თბილისი გამორჩეული ქალაქია - თურმე ყოფილი საბჭოთა კავშირის პირველობა უფროსებში
პირველად აქ მოუგია. ეს წარმატება მისი ლეგენდარული კარიერის დასაწყისად იქცა, რადგან საბჭოთა კავშირის ნაკრების კარი სწორედ ჩვენთან გაეხსნა.

ორი დღის განმავლობაში ლეგენდარული სპორტსმენი მთელ საჭიდაო ოჯახს შეხვდა - ძირითად დროს ფედერაციაში ატარებდა, სადაც თავადაც ვარჯიშობდა და ადგილობრივ ფალავნებს სავარჯიშო გაკვეთილიც ჩაუტარა, შეხვდა ვეტერან მოჭიდავეებს, ფედერაციისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობას... ის 17 მარტს გაფრინდება მოსკოვში.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჭიდაობას სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი სულ სამი ჰყავს - კარელინი, ასევე რუსთა ჩეჩენი ბუვაისა საიტიევი თავისუფალ ჭიდაობაში და ბელარუსი ალექსანდრ მედვედი ისევ თავისუფალ ჭიდაობაში.

ამათგან საიტიევი სექტემბრის ბოლოს იყო საქართველოში, როცა სტამბოლში ჩატარებული მსოფლიოს პირველობიდან სამშობლოში დაბრუნება საქართველოს გავლით გადაწყვიტა და ორი დღის ნაცვლად ერთი კვირით დარჩა აქ, ახლა კარელინიც გვესტუმრა და ბარემ სრული კომპლექტისთვის მედვედი საგანგებოდ მოვიწვიოთ ამ საჭიდაო ქვეყანაში.

ამ დღეებში ალექსანდრ კარელინი არაა ჩვენი ფედერაციის ერთადერთი სტუმარი - თბილისში იმყოფებიან გერმანიის ნაკრების ქართველი წევრი თავისუფალ ჭიდაობაში, ევროპის მრავალგზის მედალოსანი დავით ბიჩინაშვილი (84) და ევროპის რამდენიმეგზის ვიცე-ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი ამირან კარტანოვი (55) საბერძნეთიდან.

ისინი სალიცენზიო ტურნირებისთვის ემზადებიან და ჩვენს ნაკრებთან ერთად სურთ შეკრების გავლა. 37(!) წლის ბიჩინაშვილი ჯერ კიდევ ახალგაზრდა წავიდა საქართველოდან 1995 წელს და 2003-მდე უკრაინაში ჭიდაობდა, მერე კი გერმანიაში გადაინაცვლა და დღემდე იმათ ღირსებას იცავს. მისი საქართველოში ჩამოსვლა არ გვიკვირს, ადრეც ხშირად მომზადებულა აქ, მაგრამ ცოტა მოულოდნელია, კარტანოვი რომ მშობლიური ვლადიკავკაზის ნაცვლად თბილისში გვესტუმრა.

ის წარმოშობით ვლადიკავკაზელია და იქიდანაა გადასული საბერძნეთში. ძალიან კარგი, თუ ქართულ საჭიდაო სკოლას ასე აფასებს, მაგრამ უცხოეთში გადასული ოსი მოჭიდავეები, როგორც წესი, სამშობლოში ემზადებიან. 36 წლის კარტანოვს 2008 წლის მერე არ უჭიდავია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული