ახალგაზრდა "ბერძენ-რომაელები" - რიგაში

AutoSharing Option
24-25 მარტს რიგაში ფრეინდელფელდსის ხსოვნის ტურნირი ტარდება ახალგაზრდა მოჭიდავეთა შორის, რომელშიც საქართველოს ბერძენ-რომაელთა ნაკრები ასეთი შემადგენლობით გამოვა: გიზო მელაძე (50), რამაზ სურმანიძე, ნიკა ცეცხლაძე (ორივე - 55), ამირან შავაძე, ხვიჩა ჭითავა (60), გიორგი დავითაია, ფირუზ წულუკიძე (66), ლაშა გობაძე, თორნიკე ძამაშვილი (74), დავით ჩაკვეტაძე, რობერტ ქობლიაშვილი (84), იაკობ ქაჯაია, ბექა ქურცაძე (96), შოთა გოგისვანიძე, ლევან არაბული, ზურაბ გედეხაური (სამივე - 120).

როგორც ვხედავთ, ახალგაზრდული ნაკრების თავკაცმა ვლადიმერ ადეიშვილმა აქცენტი საქართველოს ჩემპიონატის მედალოსნებზე გააკეთა - უმეტეს წონებში ფინალისტები წაიყვანა, თუმცა რიგ
შემთხვევებში კორექტივების შეტანაც მოუხდა. ასეთ წონებში ფინალისტი იმ მესამე პრიზიორმა შეცვალა, რომელმაც ბრინჯაოსმედალოსანთა შეხვედრა მოიგო. ადეიშვილს რიგაში ზაზა სილაგაძე დაეხმარება, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი თემურ ყაზარაშვილი კი ტურნირზე მსაჯადაა მიწვეული.

ფრეიდენფელდსის მემორიალზე ჩვენგან თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიც გამოვა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ მის შემადგენლობას: ბექა ბუჯიაშვილი (50 კგ), ლაშა ტალახაძე, ოთარ გოგავა (55), ლევან ქელეხსაშვილი, ლაშა ბიტარიშვილი (60), კონსტანტინე ხაბალაშვილი (66), ჯუმბერ ყველაშვილი (74), სანდრო ამინაშვილი, ლევან გოგრიჭიანი (84), გიორგი მეშვილდიშვილი, ომარ გუსოშვილი (96), გენო პეტრიაშვილი (120). გუნდის თავკაცმა ნუგზარ სხირელმა აქცენტი აქაც საქართველოს პირველობის მედალოსნებზე გააკეთა.

ჩვენები რიგაში შარშანაც გამოვიდნენ ორივე სახეობაში და ახლანდელთაგან რამდენიმე მაშინაც ჭიდაობდა. განსაკუთრებით - "ბერძენ-რომაელებში", თორემ "თავისუფალთა" გუნდი მას შემდეგ ლამის მთლიანად შეიცვალა.

ამათ მხოლოდ ერთი ეყოლებათ მაშინდელი მონაწილე - ლაშა ტალახაძე, რომელიც შარშან ჩემპიონი გახდა, ოღონდ - 50-ში, წელს კი 55-ში გამოვა. "ბერძენ-რომაელთაგან" შარშან რიგაში წულუკიძემ, დავითაიამ, ქობლიაშვილმა და გოგისვანიძემ იასპარეზეს. სხვათა შორის, ოთხივემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ნაკრების საერთო მონაგარი კი 4 ოქრო, 1 ვერცხლი და 5 ბრინჯაოა; "თავისუფლებმა" კი 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო ირგუნეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული