ქართველ ახალგაზრდა მოჭიდავეთა მედლების ცვენა რიგაში

AutoSharing Option
ამ უქმეებზე რიგაში დამთავრდა ფრეინდელფელდსის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ახალგაზრდა მოჭიდავეთა შორის (ბიჭები, გოგოები).

საქართველოდან მხოლოდ ბიჭები გამოდიოდნენ ორივე სტილში და წარმატებითაც იასპარეზეს.

"თავისუფლებში" 13-იდან უკლებლივ ყველამ მედალი მოიპოვა, ბერძენ-რომაელებში კი 17 მონაწილიდან მხოლოდ 1 დარჩა უმედლოდ.

საინტერესოა, რომ ორივე გუნდმა 6-6 ოქროს მედალი წამოიღო სამშობლოში, სხვა სინჯის მედლებში კი მცირე უპირატესობა ბერძენ-რომაელთა მხარესაა - მათ წილად 4 ვერცხლი და 6 ბრინჯაო მოდის, "თავისუფლებზე" - 3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.

ბერძენ-რომაელთაგან ჩემპიონები ზურაბ სანიკიანი (50), რამაზ სურმანიძე (55), გიორგი დავითაია (66),
თორნიკე ძამაშვილი
(74), რობერტ ქობლიაშვილი (84) და ლევან არაბული (120) გახდნენ; ვიცე-ჩემპიონობა გიზო მელაძემ (50), ხვიჩა ჭითავამ (60), იაკობ ქაჯაიამ (96) და შოთა გოგისვანიძემ (120) მოიპოვეს; ბრინჯაოს მედლები კი ნიკა ცეცხლაძეს (55), ამირან შავაძეს (60), ფირუზ წულუკიძეს (66), ლაშა გობაძეს (74), დავით ჩაკვეტაძეს (84) და ბექა ქურცაძეს (96) ერგოთ.

"თავისუფალთა" ტურნირი ბექა ბუჯიაშვილმა (50), ლევან ქელეხსაშვილმა (60), ზურაბ იაკობაშვილმა (66), სანდრო ამინაშვილმა (84), ომარ გუსოშვილმა (96) და გენო პეტრიაშვილმა (120) მოიგეს; ლაშა ტალახაძემ (55), ლაშა ბითარაშვილმა (60) და გიორგი მეშვილდიშვილმა (96) მხოლოდ ფინალური შეხვედრები დათმეს და ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ; მესამე პრიზიორები კი ოთარ გოგავა (55), კონსტანტინე ხაბალაშვილი (66), ზურაბ ყველაშვილი (74) და ლევან გოგრიჭიანი (84) გახდნენ.

როგორც ვხედავთ, რამდენიმე წონაში ქართული ფინალიც გაიმართა. მათგან უმეტესობაში საქართველოს პირველობის ფინალები განმეორდა, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ძველი შედეგით დასრულდა, თუმცა იყო საპირისპირო მაჩვენებელიც.

ასე მაგალითად, სანიკიანმა მაშინაც მოუგო მელაძეს, როგორც ქელეხსაშვილმა - ბიტარაშვილს. სამაგიეროდ, გუსოშვილმა რევანში აუღო მეშვილდიშვილს, ვინც ქვეყნის პირველობის აღმოჩენად იქცა.

სამწუხაროდ, ტურნირის მიმდინარეობაზე ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის არაორგანიზებულობის გამო ვერაფერს გეტყვით და არ ვიცით, წინასწარ შეხვედრებშიც შეხვდნენ თუ არა ჩვენები ერთმანეთს, მაგრამ შეგახსენებთ, რომ სურმანიძე, შავაძე, წულუკიძე, გობაძე, ჩაკვეტაძე, ქაჯაია, არაბული, ბუჯიაშვილი, ტალახაძე, იაკობაშვილი, ყველაშვილი, ამინაშვილი და პეტრიაშვილი ქვეყნის ჩემპიონები არიან.

სავარაუდოდ, რიგაში რამდენიმე მათგანი კონკურენტებსაც შეხვდებოდა, მაგრამ ამაზე გუნდების თბილისში დაბრუნების შემდეგ თუ შევიტყობთ. თუმცა როგორც უნდა განვითარებულიყო მოვლენები, თუნდაც მხოლოდ ზემოთქმული ნაკრებში კონკურენციის ზრდის ნიშანია.

საინტერესოა ორივე გუნდში მძიმე წონებში ნაჩვენები შედეგებიც. პეტრიაშვილისგან ჩემპიონობას ნამდვილად ველოდით და მისასალმებელია, რომ ფავორიტის იმიჯი გაამართლა. აი, არაბულმა კი მორიგი სიურპრიზი შემოგვთავაზა - ახალგაზრდებში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გოგისვანიძე დაამარცხა.

შესაძლოა, გოგისვანიძე ჯერ არცაა ფორმაში, რადგან იმ გამარჯვების შემდეგ ტრავმები აწუხებდა და ძალიან ბევრი გაუცდა. არაბულმა ქვეყნის პირველობაც დამაჯერებლად მოიგო, სადაც ფინალში ზურაბ გედეხაურს აჯობა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონ გურამ გედეხაურის შვილია. რიგაში მხოლოდ ის დარჩა უმედლოდ, რითაც გული არ უნდა გაიტეხოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული