ვლადიმერ ადეიშვილი შარშანდელის გამეორებას იმედოვნებს

AutoSharing Option
მკითხველმა უკვე იცის, ჩვენი ახალგაზრდა მოჭიდავეები როგორი წარმატებით გამოვიდნენ რიგაში ჩატარებულ ფრეინდელფელდსის სახელობის საერთაშორისო ტურნირში - უკლებლივ ყველა მონაწილე მედლით დაბრუნდა.

"თავისუფლები" 14 მოჭიდავით იყვნენ წასულნი, ბერძენ-რომაელები - 16-ით და ოცდაათივემ ჯილდო მოიპოვა. აქვე უნდა ვთქვათ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზით გაპარულ უზუსტობაზე - ვწერდით, რომ ბერძენ-რომაელები რიგაში 17 ფალავნით გამოვიდნენ, რომელთაგანაც უმედლოდ მხოლოდ ზურაბ გედეხაური დარჩაო. ამ შემთხვევაში ოფიციალურად მოწოდებულ გუნდის შემადგენლობას ვეყრდნობოდით, თუმცა, თურმე გედეხაური ლატვიაში არ წასულა.

შეგახსენებთ, რომ ბერძენ-რომაელთაგან ჩემპიონები ზურაბ სანიკიანი (50), რამაზ სურმანიძე (55), გიორგი დავითაია
(66), თორნიკე ძამაშვილი (74), რობერტ ქობლიაშვილი (84) და ლევან არაბული (120) არიან; ვიცე-ჩემპიონობა გიზო მელაძემ (50), ხვიჩა ჭითავამ (60), იაკობ ქაჯაიამ (96) და შოთა გოგისვანიძემ (120) მოიპოვეს; ბრინჯაოს მედლები კი ნიკა ცეცხლაძეს (55), ამირან შავაძეს (60), ფირუზ წულუკიძეს (66), ლაშა გობაძეს (74), დავით ჩაკვეტაძეს (84) და ბექა ქურცაძეს (96) ერგოთ.

"თავისუფალთა" ტურნირი ბექა ბუჯიაშვილმა (50), ლევან ქელეხსაშვილმა (60), ზურაბ იაკობაშვილმა (66), სანდრო ამინაშვილმა (84), ომარ გუსოშვილმა (96) და გენო პეტრიაშვილმა (120) მოიგეს; ლაშა ტალახაძემ (55), ლაშა ბითარაშვილმა (60) და გიორგი მეშვილდიშვილმა (96) მხოლოდ ფინალური შეხვედრები დათმეს და ვერცხლის მედალს დასჯერდნენ; მესამე პრიზიორები კი ოთარ გოგავა (55), კონსტანტინე ხაბალაშვილი (66), ზურაბ ყველაშვილი (74) და ლევან გოგრიჭიანი (84) გახდნენ.

ჩვენები უკვე დაბრუნდნენ სამშობლოში. ამჯერად განვლილ შეჯიბრებაზე ბერძენ-რომაელთა ნაკრების თავკაც ვლადიმერ ადეიშვილს ვესაუბრეთ, რომელიც რთული ამოცანის წინაშე დგას - არ დათმოს შარშან მოპოვებული პოზიციები, როცა მისმა გუნდმა 2-2 ოქრო-ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვა.

- თავდაპირველად ტურნირის სიძლიერეზე ვთქვათ, თორემ 16-ივე მოჭიდავისგან მედლის მოპოვება იმდენად სასიამოვნო მოულოდნელობაა, ეჭვი შეჯიბრების სისუსტეზე ჩნდება...
- 19 ქვეყანა მონაწილეობდა, თუმცა არ ვიტყვი, რომ უძლიერესი ტურნირი იყო. უფრო საშუალო დონის შეჯიბრებებში გადის, მაგრამ დასაწყისში ზუსტად ასეთ სტარტს ვარჩევ და მერე თანდათან ვაძლიერებ დატვირთვებს.

ეს ჩემეული მეთოდია და ყოველწლიურად ასე ვაკეთებ - ვიწყებ სუსტით, შემდეგ შედარებით უკეთესზე მიმყავს, ბოლოს კი ძლიერ შეჯიბრებაზე ვაჭიდავებ. რიგაში რუსები, აზერბაიჯანელები, ყოფილი პოსტსაბჭოთა სივრცის კიდევ რამდენიმე ქვეყანა არ გამოდიოდა. ძირითადად, არასაბჭოური ევროპის გუნდები ასპარეზობდნენ - პოლონელები, გერმანელები და სხვა ისეთი ნაკრებები, რომლებსაც კარგი ფალავნები მოეპოვებათ. ერთი სიტყვით, დასაზვერად კარგი ტურნირია.

- თუმცა ყველაზე მედალი დაგეგეგმათ, ალბათ, ცოტა თამამი ოცნება იქნებოდა...
- ცხადია, ყველა ფალავნისგან მედლის მოპოვებას ვინ იფიქრებდა! თან ბევრგან საქართველოს ჩემპიონები დამარცხდნენ, ანუ მათ მოადუნეს ყურადღება. ეტყობა, იფიქრეს, რადგან საქართველოს ჩემპიონები გახდნენ, მაინც წავლენ ევროპის პირველობაზეო, თუმცა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენს ნაკრებში ასე არ ხდება.

აქ მთელი მოსამზადებელი ციკლის განმავლობაში უნდა შეინარჩუნო სტაბილურობა. იმედია, რიგაში მარცხი მათთვის კარგი გაკვეთილი იქნება. არც იმას გამოვრიცხავ, რომ საქართველოს პირველობის ფინალში წაგებულებმაც მოუმატეს მას შემდეგ, ანუ მათთვის ის წაგება აღმოჩნდა ჭკუის სასწავლი და სტიმულის მიმცემი გაკვეთილი. ქვეყნის პირველობის შემდეგ გუნდმა შეკრებაც გაიარა და ეროვნულ ნაკრებთან ერთადაც ივარჯიშა. ეტყობა, ამან ზოგზე სასიკეთოდაც იმოქმედა და მოუმატეს.

- შედეგიდან გამომდინარე, შეგირდთა გამოსვლით უკმაყოფილო არ უნდა იყოთ, თუმცა თაობათა ცვლაც შეგეხოთ და ბევრი ახალი კადრიცაა. პრაქტიკულად, ახალი ნაკრები იქმნება და როგორი შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე ამ გუნდმა?
- რიგაში ორი გუნდი მყავდა წაყვანილი - საქართველოს პირველობის ფინალისტები. ისე მოხდა, რომ ქვეყნის ჩემპიონთა უმეტესობა დამარცხდა, რითაც კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ. თუმცა ქვეყნის ვიცე-ჩემპიონთა გამარჯვებაც სასიამოვნოა. ქვეყნის ჩემპიონთაგან მხოლოდ დავით სანიკიანმა გაიმარჯვა 55-ში და კიდევ ლევან არაბულმა - მძიმე წონაში.

საქართველოს ჩემპიონთაგან რიგაში ზოგმა ვერ იყოჩაღა, თუმცა ჩვენებთან არ დამარცხებულან. მაგალითად, 96-ში იაკობ ქაჯაიამ ლიტველთან გამოუცდელობით წააგო. ის ჭაბუკებიდანაა გადმოსული და ახალგაზრდებში ასპარეზობის გამოცდილება აკლია. ამ ორ ასაკს შორის კი დიდი სხვაობაა. თან ჩემი დაკვირვებით, ჭაბუკებიდან გადმოსულებს 2-3 სეზონი სჭირდებათ შედეგისთვის, პირველივე წელს ვერავინ აღწევს წარმატებას.

- ვთქვათ, საქართველოს ჩემპიონატს რომ ადარებდით, იყო ბიჭების ჭიდაობაში პროგრესი ან - პირიქით? თუ იგივე დონე აჩვენეს?
- კონკურენტებთან დამარცხებულ ჩემპიონებს თუ არ ჩავთვლით, სხვებში ნამდვილად საგრძნობი პროგრესი იყო. მაგალითად, 66-ში -გიორგი დავითაიას, 74-ში - თორნიკე ძამაშვილს, 84-ში - რობერტ ქობლიაშვილს. დავითაიამ ფირუზ წულუკიძეს აუღო რევანში, ძამაშვილმა - ლაშა გობაძეს.

84-ში ქვეყნის ჩემპიონი დავით ჩაკვეტაძე გახდა, რომელიც უფრო გამოცდილია, მაგრამ რიგაში ქობლიაშვილმა უფრო დამაჯერებლად იჭიდავა.

ერთმანეთს არ შეხვედრიან, მაგრამ ქობლიაშვილმა ძალიან იოლად მოუგო იმ ბელარუს მეტოქეს, ვისთანაც ჩაკვეტაძე დამარცხდა.

პრეტენზიები ყველა იმ ფალავანთან მაქვს, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატზე მოპოვებული ფავორიტის სტატუსი ვერ გაამართლა. ეს მათ ადგილზეც ვუთხარი, თუმცა მოვლენათა ასეთი შეტრიალებაც ზრდის კონკურენციას, რაც კარგია - ახლა ყველა წონაში 2-2 ანგარიშგასაწევი ფალავანი გვყავს. წინ კიდევ ორი საერთაშორისო ტურნირია და შანსი ყველას მიეცემა.

- მძიმე წონაში ეროვნულ ნაკრებში სერიოზული საკადრო კრიზისია, ამ დროს კი თქვენთან კონკურენცია იზრდება. ამ წონაზე რას იტყვით?
- არაბულმა ბოლო ხანებში მოუმატა, რაც მისასალმებელია. ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, რომ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონობისთვის მზადაა, მაგრამ პროგრესი ნამდვილად არის.

გოგისვანიძეს ტრავმის გამო ძალიან ბევრი დრო გაუცდა და ახლაც სულ რაღაც ორი კვირის განახლებული ჰქონდა ვარჯიში. ოღონდ ჯერ მხოლოდ ფიზიკურად ემზადებოდა, ლეიბზე კი ნავარჯიშები არც ჰქონდა. ამდენად, ძალისმიერი ვარჯიშიდან პირდაპირ წავიყვანეთ ტურნირზე, რადგან იმდენი გაცდენის შემდეგ საშეჯიბრო პრაქტიკა სჭირდებოდა.

ამ შემთხვევაში შედეგი მეორეხარისხოვანი იყო. უფრო ის გვაინტერესებდა, ტრავმა თუ მოირჩინა და ბოლომდე გამოჯანმრთელდა. ტურნირმა დაგვანახა, რომ ფორმაში არ იყო, მაგრამ ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოგვარებულია. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მას ისევ პირველ ნომრად განვიხილავთ, თუმცა წინ კიდევაა ტურნირები დარჩენილი.

- ანუ იმედოვნებთ, რომ შარშანდელ ფორმას დაიბრუნებს?
- ძალიან გვეიმედება. მას ხერხემალზე სერიოზული პრობლემები ჰქონდა, თუმცა იმკურნალა და ბოლომდე გამოჯანმრთელდა, რაც ამ შეჯიბრებამაც დამანახა.

- შარშანაც კარგი გუნდი გყავდათ და კარგ შედეგსაც მიაღწიეთ. კონკურენცია წლეულსაც დიდია, თუმცა ხომ არ ფიქრობთ, რომ შარშან უფრო მეტი იყო?
- კონკურენცია წლეულსაც რომ დიდია, ეს პირველივე ტურნირმა დაადასტურა. ვიმედოვნებ, შედეგიც ისეთივე იქნება, როგორსაც შარშან მივაღწიეთ.

- ევროპისა და მსოფლიოს პირველობებისთვის როგორი გეგმით მოემზადებით?
- 25-28 აპრილს ბაქოში გამოვალთ "აზერბაიჯანის ფედერაციის თასზე", სადაც გაფართოებულ შემადგენლობას წავიყვან - 2-2 გუნდს კიდევ დავამატებ რამდენიმე ისეთ მოზარდს, ვინც საგაისოდ გადმოვა ჩვენს ნაკრებში. მინდა, ისინი აქედანვე შეეჩვიონ აქაურ დატვირთვებს. მაისში თურქულ იზმირში გამოვალთ. ბოლოს კი გვინდა, კიდევ ერთხელ გამოვიდეთ ბაქოში, "პრეზიდენტის თასზე". ეს შეჯიბრება შარშან ჩაატარეს გუნდური პრინციპით და წლეულსაც აპირებენ, თუმცა ჯერ მიწვევა არ მიგვიღია.

გუნდური ტურნირი გვაწყობს იმდენად, რომ მოიგებს თუ წააგებს, ყველა მოჭიდავეს 4-5 შეხვედრის ჩატარება გარანტირებულად უწევს და ჩვენც დაკვირვების მეტი საშუალება გვეძლევა.

- ერთობლივი შეკრებები თუ გექნებათ უცხოეთში ან - ადგილზე?
- ორი დღის წინაც დამირეკეს სომხებმა - აქ უნდათ ჩამოსვლა, მაგრამ მე არ მიმაჩნია ეს საჭიროდ. თუმცა ამ საკითხზე ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია, მაგრამ გუნდის გაშიფვრას ასე ცალკე ვარჯიში მირჩევნია.

- ალბათ, წლეულსაც გაგრძელდება შარშანდელი მიდგომა, როცა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე სხვადასხვა შემადგენლობა აჭიდავეთ...
- ამას წლეულსაც ვაპირებთ, რადგან ჩვენი მთავარი მიზანი მაინც ეროვნული ნაკრებისთვის კადრების გაზრდაა. ცხადია, შედეგიც გვაინტერესებს, მაგრამ მთავარია, რაც შეიძლება გავაფართოვოთ კონკურენცია და ვინც კი გამოჩნდება პერსპექტიული, ყველას მივცეთ თავის გამოჩენის საშუალება.

წლეულს ძალიან კარგია ის ფაქტი, რომ ევროპიდან მსოფლიომდე დროც მეტი მექნება მოსამზადებლად. შარშან ამ ტურნირებს შორის სულ რაღაც ორკვირიანი შუალედი იყო, წლეულს კი ევროპა 19-24 ივნისს ტარდება ზაგრებში, მსოფლიო - 4-9 სექტემბერს ტაილანდურ პატაიაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული