ბერძენ-რომაელები - მინუს ერთი

AutoSharing Option
ერთი წონის გარდა, ყველგან გაირკვა საქართველოს ბერძენ-რომაელთა ნაკრების შემადგენლობა, რომელიც 20-22 აპრილს სოფიაში ევროპის სალიცენზიო ტურნირში იასპარეზებს: გოდერძი დავითაძე (55), ფირუზ წულუკიძე (60), ზურაბ დათუნაშვილი (74), რევაზ ნადარეიშვილი (84) და სერგო გოგისვანიძე (120).

ჯერჯერობით ღიად მხოლოდ 96 კილოგრამი რჩება, სადაც მწვრთნელები სპორტსმენთა მცირე ტრავმების მოშუშებას და იმ კვირის ბოლოს გასამართ საკონტროლო შეხვედრებს ელოდებიან.

ამ წონაში სამი კანდიდატია - ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური ვერცხლისმედალოსანი რამაზ ნოზაძე, ირაკლი ქაჯაია და ახალგაზრდებში ევროპის ბრინჯაოსმედალოსანი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი სანდრო დიხამინჯია.

მწვრთნელები ლიდერებს, ძირითადად,
ბულგარული შეჯიბრებიდან ზუსტად ერთ კვირაში გასამართი ჩინეთის ტურნირისთვის ინახავენ. ამჯერად კი შანსი ახალგაზრდებს მისცეს - 20-წლამდელებში დიხამინჯიას იდენტური შედეგების მომპოვებელ დათუნაშვილს, ამავე ასაკში საქართველოს ჩემპიონს, უფროსებში კი ქვეყნის ვერცხლისმედალოსან წულუკიძეს, ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონ ნადარეიშვილს, საქართველოს ვიცე-ჩემპიონ დავითაძეს და ქვეყნის პრიზიორ გოგისვანიძეს მისცეს.

აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა სამეულსაც, რომელიც სოფიაში იმავე სალიცენზიო ტურნირში გამოვა: ევროპის ვიცე-ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55), ქვეყნის პრიზიორი ზურაბ იაკობაშვილი (66) და ოლიმპიური პრიზიორი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი გოგშელიძე (96). სოფიაში ლონდონის ოლიმპიადის საგზურებს მხოლოდ ფინალისტები მიიღებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული