დუშეთში, გუნდის საწვრთნელ შეკრებაზე გამართული საკონტროლო შეხვედრების შედეგად ეს უფლება საქართველოს ექს-ჩემპიონმა, ახალგაზრდებში ევროპის ბრინჯაოსა და მსოფლიოს ვერცხლის მედალოსანმა სანდრო დიხამინჯიამ (96) მოიპოვა.
საკონტროლო შეხვედრებში დიხამინჯია, ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური ვერცხლის პრიზიორი რამაზ ნოზაძე და ირაკლი ქაჯაია მონაწილეობდნენ.
ნოზაძემ ქაჯაიას კი მოუგო, მაგრამ დიხამინჯიასთან წააგო. ვეტერანს მოსამზადებელი პერიოდი არ ეყო, თუმცა შემდგომშიც თუ ასე გააგრძელა, ოლიმპიურ გუნდში მოხვედრის რეალური შანსი აქვს.
ამ
მწვრთნელები კმაყოფილნი არიან საქმისადმი მისი მიდგომით და შემართებით. ეგ კი არა, ბოლო დღეებში თურმე ფეხის კუნთის დაჭიმვასაც არ შეუშინდა და მაინც ივარჯიშა. ოღონდ ეგაა, ძველი კონდიციების დასაბრუნებლად ამჯერად დრო არ ეყო, მაგრამ ვარჯიშს თუ არ მოუკლებს, წონის ლიდერობის დაბრუნებაც შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ სხვა წონებში სოფიაში ლიცენზიების მოსაპოვებლად გოდერძი დავითაძე (55), ფირუზ წულუკიძე (60), ზურაბ დათუნაშვილი (74), რევაზ ნადარეიშვილი (84) და სერგო გოგისვანიძე (120) იჭიდავებენ.
ჯერჯერობით ჩვენი გუნდის აქტივში ერთადერთი საგზურია, რომელიც შარშან მსოფლიოს პირველობაზე მანუჩარ ცხადაიამ (66) მოიპოვა.
სოფიაში ყოველ წონაში ორ-ორი ლიცენზია გაიცემა, ანუ მის მოსაპოვებლად ფინალში გასვლაა აუცილებელი. როგორც ვხედავთ, ჩვენი გუნდის თავკაც ბეგი დარჩიას ბულგარეთში, ძირითადად, ახალგაზრდული შემადგენლობა მიჰყავს, ლიდერებს კი 27-29 აპრილს ჩინურ ტაიუანში გასამართი მსოფლიოს სალიცენზიო შეჯიბრებისთვის ინახავს.
იქ წონაში სამ-სამი საგზური გაიცემა, ანუ მას ფინალისტები ავტომატურად მიიღებენ. მესამე ადგილზე გასულები კი ერთმანეთში იჭიდავებენ და ლონდონშიც მათ შორის გამარჯვებული წავა. ჩვენი ნაკრების ხელმძღვანელობა ახალგაზრდებზე დაყრდნობით ორ კურდღელს იჭერს - სათადარიგო ფალავნებსაც გამოსცდის და ისეთ შანსს აძლევს, რაც მათთვის დიდი სტიმულია. ხოლო, თუ მათგან რომელიმე ლიცენზიასაც მოიპოვებს, მთლად უკეთესი.
აქვე შეგახსენებთ, რომ სოფიაში ანალოგიური სახის შეჯიბრება თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა და ქალთა შორისაც იმართება.
ჩვენს "თავისუფალთა" ნაკრებს სამი საგზური დარჩა მოსაპოვებელი. საამისოდ ბულგარეთში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55), ზურაბ იაკობაშვილი (66) და გიორგი გოგშელიძე (96) მიდიან.
ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ზაზა თურმანიძეც ძირითად ტურნირად ჩინეთს განიხილავს, თუმცა როგორც ვხედავთ, ორი გამოკვეთილი ლიდერი - ხინჩეგაშვილი და გოგშელიძე მაინც მიჰყავს, რადგან მათ სატურნირო პრაქტიკა აკლიათ.
მოგეხსენებათ, ხინჩეგაშვილმა ევროპის ჩემპიონატი გამოტოვა, გოგშელიძემ კი იჭიდავა, მაგრამ ადრევე გამოვარდა.
ბულგარეთში პირველად "თავისუფლები" გაემგზავრებიან - 18 აპრილს, ბერძენ-რომაელები კი 19-ში წავლენ. ორივე ნაკრებმა დუშეთში გაიარა შეკრება, რაც სალიცენზიო ტურნირის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"