სალიცენზიო ტურნირი: ულიცენზიოდ სხვებიც არიან, ჩვენ ჩვენი ვიკითხოთ

AutoSharing Option
24 აპრილს ქართველი მოჭიდავეები ჩინეთში მიდიან, სადაც 27-29 აპრილს ქალაქ ტაიუანში მსოფლიოს სალიცენზიო შეჯიბრებაში გამოვლენ.

"თავისუფალთაგან" იქ მხოლოდ ოთარ თუშიშვილი (66) იასპარეზებს, რადგან დანარჩენ წონებში უკვე გავინაღდეთ საგზურები; ბერძენ-რომაელთა ნაკრები კი ძირითადი შემადგენლობის ხუთი კაცით იქნება წარმოდგენილი: ლაშა გოგიტაძე (55), რევაზ ლაშხი (60), ვლადიმერ გეგეშიძე (84), სოსო ჯაბიძე (96) და გურამ ფერსელიძე (120).

მოგეხსენებათ, უკვე დამთავრდა რეგიონული სალიცენზიო ტურნირები. ახლა კი მსოფლიოსი იწყება - ამ შეჯიბრებიდან ერთი კვირის თავზე ბოლო სასაგზურე ტურნირი ჰელსინკში გაიმართება. ამ ორ სტარტს შორის ის განსხვავებაა,
რომ ჩინეთში ყოველ წონაში სამი საგზური გაიცემა, ფინეთში - მხოლოდ ორი. ჩინეთში ლიცენზიებს ფინალისტები ავტომატურად მიიღებენ, ბრინჯაოსმედალოსნები კი საგზურისთვის ერთმანეთში იჭიდავებენ.

იმედია, ჩინეთში ჩვენი "თავისუფალთა" ნაკრები ბოლო საგზურსაც გაინაღდებს, თუმცა ეს არ იქნება იოლი - ამ წონაში ჯერაც ულიცენზიოდ არიან ინდოელი მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი სუშილ კუმარი, თურქი ოლიმპიური ჩემპიონი რამაზან შაჰინი, უკრაინელი ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიადის მედალოსანი ანდრეი სტადნიკი...

ძლიერი კონკურენტი გამოაკლდა ლაშხს - აზერბაიჯანელმა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა ჰასან ალიევმა, რომელსაც ჯერაც ვერ მოუნელებია ევროპის შარშანდელი პირველობის ნახევარფინალში ჩვენებურთან მარცხი, სოფიაში არ იჭიდავა და ჩინეთისთვის ემზადებოდა, თუმცა ბულგარეთში მის ნაცვლად წასულმა კამრან მამედოვმა ლიცენზია მოიპოვა და ტაიუანში ალიევის წასვლა საჭირო აღარაა.

აქვე გეტყვით, რომ ლიცენზიების მოპოვება სხვა გუნდებში მოჭიდავე ქართველებსაც უჭირთ - ჯერაც უსაგზუროდ რჩებიან ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონი რუსეთიდან ამბაკო ვაჩაძე (66), აზერბაიჯანელ ბერძენ-რომაელთა ევროპის მედალოსანი შალვა გადაბაძე (96) და ამავე სტილში ბელარუსთა ევროპის მედალოსანი იოსებ ჩუგოშვილი (120), ბერძენთა ევროპის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში ემზარიოს ბედინიდისი (84; ემზარ ბედინეიშვილი) და სხვები...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული