ბეგი დარჩიამ ოლიმპიური ნაკრები გამოაცხადა

AutoSharing Option
უახლოეს უქმეებზე, ანუ ივნის-ივლისის მიჯნაზე, დორტმუნდში ვაჟ მოჭიდავეთა შორის "დიდი პრიზის" ტურნირი გაიმართება, თუმცა ჩვენგან მასში მონაწილეობას მხოლოდ ბერძენ-რომაელები მიიღებენ.

საქართველოს ნაკრები ამ დილით გაფრინდა გერმანიაში, სადაც მთავარმა მწვრთნელმა ბეგი დარჩიამ რევაზ ლაშხი (60), მანუჩარ ცხადაია, ზურაბ დათუნაშვილი (74), ვლადიმერ გეგეშიძე (84), სოსო ჯაბიძე (96) და გურამ ფერსელიძე (120) წაიყვანა.

დარჩია უკვე არც მალავს, რომ სწორედ ესაა ოლიმპიური გუნდი, ანუ ლონდონშიც ეს ფალავნები იჭიდავებენ, თუმცა ამაში დამალული არც აქამდე იყო რამე.

უბრალოდ, მწვრთნელი უკვე ოფიციალურად ადასტურებს, რომ კონკურენცია ყველა წონაში
დასრულდა და ოლიმპიელები საბოლოოდ გამოვლინდნენ. არსებითად, გასარკვევიც მხოლოდ 74 კგ წონის საკითხი იყო, სადაც სავსებით სამართლიანად ლონდონში გამოსვლის უფლება დათუნაშვილმა მოიპოვა.

როგორც ხედავთ, 74-ში გერმანიაშიც ორი კაცი გვეყოლება. დათუნაშვილი, ცხადაია, დროებით ჭიდაობს იქ - მწვრთნელები ამ ეტაპზე წონას არ აკლებინებენ, თორემ ოლიმპიადაზე 66-ში გამოვა.

ამჟამად ის 71 კილოგრამია, სხვებს კი უმნიშვნელო წონა, თითო-ოროლა კილოგრამი აქვთ დასაკლები თამაშებამდე.

ეს გუნდი ვარსკვლავთა სიმრავლით აშკარად ჩამორჩება პეკინში ნაჭიდავებს, სადაც დარჩიამ მსოფლიოს სამი ჩემპიონი ჩაიყვანა - დავით ბედინაძე (60), მანუჩარ კვირკველია (74) და რამაზ ნოზაძე (96). ახლა გუნდში ასეთი კაშკაშა ვარსკვლავები არ არიან.

გუნდის ექვსივე წევრი ოლიმპიადის დებიუტანტია. ამჟამინდელ გუნდში ლაშხი ევროპის ჩემპიონია, ცხადაია - მსოფლიოს ორგზის და ევროპის წლევანდელი ვერცხლისმედალოსანი, ჯაბიძე - ევროპის ბრინჯაოსპრიზიორი, დანარჩენებს კი ზურგს ჯერ მხოლოდ ახალგაზრდებში მოპოვებული წარმატებები უმაგრებს, ხოლო უფროსებში ახლა ცდილობენ შედეგის მიღწევას.

ალბათ, წამყვან ქვეყნებს შორის მთლიანად დებიუტანტთა გუნდიც დიდი იშვიათობაა, ჩვენებში კი ყველაზე გამოუცდელი, ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი და ევროპის პრიზიორი დათუნაშვილია -მას აქამდე პირველხარისხოვან ტურნირზე არასოდეს უჭიდავია და ყველაზე მთავარით, ოლიმპიადით იწყებს.

თუმცა დაწყებასაც გააჩნია - ჩვენი გუნდიდან ლონდონშიც სწორედ ის იჭიდავებს პირველად და მთელი სასტარტო მღელვარება მასზე გადაივლის. ის 5 აგვისტოს იასპარეზებს, ლონდონში კი დარჩიასთან ერთად 2-ში გაფრინდება.

გერმანიაში მიმავალმა გუნდმა გუშინ თბილისში, ფალავანთა კლუბში ივარჯიშა, თუმცა ყველამ - ინდივიდუალური გრაფიკით, რაც მათი სადღეისო მდგომარეობის სპეციფიკითაა გამოწვეული - ზოგმა მხოლოდ ირბინა; უმეტესობამ ლეიბზეც ივარჯიშა, სადაც ასევე განსხვავებულად დაიტვირთა; ზოგი საუნაში აკონტროლებდა საკუთარ წონას.

ვარჯიშის დასასრულს მათთან მსოფლიოს ჩემპიონი მიხეილ სალაძე მივიდა და ოლიმპიადის წინ მეტად საჭირო რჩევა-დარიგებები მისცა. "შრომა არასოდეს იკარგება. ამიტომ თუ გულმოდგინედ ივარჯიშებთ, წარმატებასაც მოიპოვებთ.

სულ ათი წელიწადი გაქვთ იმისთვის, რომ ხალხის სიყვარული დაიმსახუროთ და ეს დრო მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ" - უთხრა მან მომავალ ოლიმპიელებს.

მსოფლიოს უმეტესი ქვეყნებისთვის დორტმუნდის ტურნირი სასტარტოა ოლიმპიადისთვის მოსამზადებელ გზაზე, როგორც ბოლო უქმეებზე პოლონურ რაციზბორში გამართული პეტლიასინსკის მემორიალი. ამიტომ მოსალოდნელია, რომ გერმანიაში ძლიერი შემადგენლობა შეიკრიბება.

მაგალითად, არაა გამორიცხული, ლაშხი იქ ისევ შეხვდეს თავის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ჰასან ალიევს აზერბაიჯანიდან, რომელიც ერთ-ერთია იქაურთა თურქი მწვრთნელის, სალეხ ბორას ორკაციან გუნდში, ხოლო აზერბაიჯანელ "თავისუფალთა" დაღესტნელი თავკაცი საიპულა აბსაიდოვი 74-ში ოლიმპიადაზე დავით ხუციშვილის შესაძლო მეტოქის გამოვლენას სულაც იქ აპირებს.

30 ივნისს 60, 66, 84 და 96 კილოგრამის ფალავნები იჭიდავებენ ორივე სახეობაში, დანარჩენები კი 1 ივლისს იასპარეზებენ.

გერმანიაში გამგზავრებამდე ბეგი დარჩიას მცირე კომენტარი ვთხოვეთ გუნდის ამჟამინდელ მოსამზადებელ ფორმასა და ოლიმპიადისთვის მოსამზადებელ გეგმაზე.

- გასაგებია, რომ ამ ეტაპზე გუნდი ვერ იქნება ფორმაში, მაგრამ არის კი ნაკრები იმ კონდიციაში, რაც სადღეისოდ მოეთხოვება? მიდის მზადება გეგმაზომიერად და შეუფერხებლად?
- გუნდის მომზადებით კმაყოფილი ვარ, რადგან შეესაბამება ამ ეტაპისთვის საჭირო მოთხოვნებს, ფორმაში კი ოლიმპიადისთვის შევალთ. სპორტსმენებში აშკარად იგრძნობა მონდომება და ადრინდელთან შედარებით, გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა.

- გერმანული ტურნირისგან რას ელოდებით?
- ამ ეტაპზე სატურნირო სტარტი აუცილებელი იყო, რადგან თუ არ ვიჭიდავებდით, ბოლო შეჯიბრებიდან ოლიმპიადამდე სამთვიანი შუალედი გამოგვივიდოდა.

ამიტომ ამ შეჯიბრებას ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად განვიხილავთ და შედეგს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ. მთავარია, ბიჭებმა სატურნირო პრაქტიკა მიიღონ.

მჯერა, მოინდომებენ და საოლიმპიადოდ საჭირო დონეს მიაღწევენ - ამის წინაპირობა არის. იმის მიუხედავად, რომ გუნდში თაობათა ცვლა მოხდა და წინა ოლიმპიადაზე უფრო ძლიერი შემადგენლობა გვყავდა - მაშინ მსოფლიოს სამი ჩემპიონი ირიცხებოდა, მოტივაცია ახლა გაცილებით მეტია და შანსებიც იზრდება. იგრძნობა, რომ ბიჭებს შედეგი სწყურიათ. მათ ბევრი აქვთ დასამტკიცებელი, მოსაპოვებელი, რაც ჟინს, მისწრაფებას ზრდის.

- ჯანმრთელობის მხრივ ხომ არ გაქვთ პრობლემები?
- მხოლოდ ჯაბიძეს აწუხებს მცირე ტრავმა - ფეხის კუნთი ჰქონდა დაჭიმული და ბოლო შეკრება სრული დატვირთვით ვერ გაიარა. დანარჩენები ჯანმრთელად არიან, ტრავმირებული არავინაა და ოლიმპიადისთვის მთელი დატვირთვით ემზადებიან.

- დასასრულს, თამაშებისთვის მზადების დარჩენილ ეტაპზეც გვითხარით...
- გერმანიიდან მინსკში წავალთ ერთობლივ შეკრებაზე, სადაც, ჩემი ინფორმაციით, მასპინძლები ოთხი შემადგენლობით დაგვიხვდებიან.

იქნებიან ასევე - სომხები, ლიტველები, ფრანგები და ყაზახები. 10 დღე დაგვრჩება დასკვნითი შეკრებისთვის, რომელიც შეიძლება ისევ მინსკში გავიაროთ. თავდაპირველად საქართველოში კი ვგეგმავდით და ეს არც ახლაა გამორიცხული, მაგრამ მინსკის ვარიანტიც განიხილება. ეს საკითხი მოგვიანებით გაირკვევა.

დებიუტანტთა გუნდი - დორტმუნდში (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული