ევროპის ჭაბუკთა პირველობაზე გადახალისებული გუნდებით

AutoSharing Option
17-22 ივლისს პოლონური კატოვიცე ჭაბუკ მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.

ჩვენი ნაკრების მწვრთნელებმა უკვე დაასახელეს იქ წასაყვანი შემადგენლობა. საამისოდ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ თამაზ ბენდიანიშვილს ორ წონაში საკონტროლო შეხვედრის დანიშვნა დასჭირდა.

საბოლოოდ ამ გუნდში შმაგი თოდუა (42), გიორგი პასიკაშვილი (46), გიორგი ლეჟავა (50), ლევან მურცხვალაძე (54), ედუარდ ნიკოლიშვილი (58), ტარზან მაისურაძე (63), ომარ გურჯიძე (69), გიორგი ჩხარტიშვილი (76), ირაკლი მწითური (85) და ბექა კახეთელიძე (100) შევიდნენ.

აღსანიშნავია, რომ წლეულს ორივე ნაკრები ლამის ერთიანად გადახალისდა. ამ გუნდში შარშანდელი შემადგენლობიდან
გურჯიძე, ჩხარტიშვილი და პასიკაშვილი დარჩნენ, ოღონდ ეს მაშინ 42-ში ჭიდაობდა.

ამათგან გურჯიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ჩხარტიშვილმა კი მსოფლიოზე ბრინჯაო მოიპოვა. ევროპის პირველობაზე გუნდის მთლიანი მონაგარი თითო ოქრო-ბრინჯაო და ორი ვერცხლია.

ბერძენ-რომაელთა დამრიგებელ ვაჟა კრავეიშვილს შემადგენლობის შესარჩევად საკონტროლო შეხვედრები არ დასჭირვებია, არჩევანი კი შემდეგ ფალავნებზე შეაჩერა: თემურ შავაძე (42), რამაზ ზოიძე (46), ირაკლი შავაძე (50), გიორგი ხუჭუა (54), თემურ კვაჭაძე (58), მურთაზ ჩაბრავა (63), ნუკრი შავაძე (69), ნიკა გავაშელი (76), ნიკოლოზ კახელიშვილი (85), ზვიად პატარიძე (100).

ამ გუნდში შარშანდელებიდან მხოლოდ დარჩიძე შემორჩა და მაშინ ისიც 42-ში ასპარეზობდა, თუმცა დიდ წარმატებებს მიაღწია - ევროპაზე მესამე იყო, მოგვიანებით კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

საერთოდ, ეს ბათუმელი ბიჭი უნიკალური მოვლენაა - ლამის პარალელურად გამოდის ჭიდაობის ორივე სახეობაში.

მან ჭიდაობა სულაც "თავისუფალში" დაიწყო, მაგრამ მერე ბერძნულ-რომაულმა გადასძალა. წლეულს ორივეში გახდა საქართველოს ჩემპიონი, მაგრამ როცა საქმე არჩევანზე მიდგა, კვლავაც ბერძნულ-რომაული აირჩია, რადგან აქ ზურგს უკვე მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც უმაგრებს. ამ გუნდმა შარშანდელ ევროპირველობაზე ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაო მოიპოვა.

ევროპის პირველობაში თავდაპირველად "თავისუფლები" ჩაებმებიან. ჩვენები იქ 15 ივლისს, ბერძენ-რომაელები კი 18-ში წავლენ.

აღსანიშნავია, რომ ამ გუნდს, კრავეიშვილსა და ზაზა ჯიბლაძესთან ერთად, მწვრთნელად ახლო წარსულის ცნობილი ფალავანი, მსოფლიოს ჩემპიონი დავით ბედინაძეც მიჰყვება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
დარჩიძე არა ეგ რამაზ ზოიძეა
გიო
18:59 14-07-2012
0
დარჩიძე არა ზოიძე ეგ პატარა ბიჩი
0

სიახლეები პოპულარული