"ლელოს" სტუმარი - გურამ საღარაძის სოლო პარტია

AutoSharing Option
ლონდონის ოლიმპიურ ხალიჩაზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა, რევაზ ლაშხმა (60 კგ) და მანუჩარ ცხადაიამ (66 კგ) ვერცხლი და ბრინჯაო დაიმსახურეს, წარმატებით იასპარეზეს თავისუფლებმაც - 55 კილოში ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და 120-ში დავით მოძმანაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს, დავით მარსაგიშვილმა (84 კგ) - ბრინჯაო.

განვლილ პაექრობებზე შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ სახელოვან ქართველ ფალავანს, ორგზის მსოფლიოს ჩემპიონსა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორ გურამ საღარაძეს, რომელიც 10 აგვისტოს რედაქციაში გვესტუმრა.

- ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა ყველა სპორტსმენისთვის საოცნებოა, იქ მოპოვებული ჯილდო კი - სანუკვარი, ამიტომაც ათლეტები
მთელი ოთხი წლის განმავლობაში მონდომებით ემზადებიან მსოფლიო ფესტივალზე გამოსასვლელად.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყნების უმრავლესობათა თავმოყვარეობა და მოტივაცია ერთობ გაიზარდა და მხოლოდ მონაწილეობას არ ჯერდებიან. დიდი სპორტის გეოგრაფია გაფართოვდა, ფაქტობრივად, ნაკლებად ჩანან აშკარა ფავორიტები და აუტსაიდერები. ეს თითქმის სპორტის ყველა სახეობას ეხება; მათ შორის - ჭიდაობასაც.

უწინ მედლებს საბჭოთა კავშირთან ერთად უმთავრესად ირანი, თურქეთი, ბულგარეთი, იაპონია და ამერიკა ინაწილებდნენ, დღეს ჯილდოებზე პრეტენზიას აფრიკის ქვეყნების წარმომადგენლებიც აცხადებენ, სადაც ჭიდაობა არასდროს ყოფილა ტრადიციული.

ძალიან გაახალგაზრდავდა ასაკიც. ნაღდი ჭიდაობა 17 წლისამ დავიწყე და მხოლოდ 7 წლის შემდეგ მოვხვდი ოლიმპიურ თამაშებზე, როცა მსოფლიოს ჩემპიონატებზე ასპარეზობის საკმაო გამოცდილება მქონდა. ლონდონში კი რა ქნა 20 წლის ლაშა შავდათუაშვილმა - "მივიდა, ნახა, გაიმარჯვა".

- ჩვენს "კლასიკოსებს" თუ ჰქონდათ მსგავსი წარმატების შანსი?
- ისეთი ბიჭები გვყავს, ორ-სამ მედალს ნამდვილად ველოდი. თანაც უმაღლესი სინჯის ჯილდოსაც. გამოცდილი მწვრთნელის - ბეგი დარჩიას ხელმძღვანელობით მართლაც მოიპოვეს ორი მედალი, თუმცა შეიძლებოდა, მეტიც ყოფილიყო.

ლადო გეგეშიძეს არბიტრებმა მკერდიდან ჩამოგლიჯეს მედალი. მთელი ჩვენი დელეგაცია ფეხზე უნდა დამდგარიყო, უსამართლობას რომ არ ეზეიმა...

უსიამოვნო ფაქტის მიუხედავად, გეგეშიძემ გული არ უნდა გაიტეხოს. ახალგაზრდა კაცია, მომავალი წინ აქვს. მჯერა, მთელ მსოფლიოს უფრო გააზრებული და ეფექტური ჭიდაობით დაუმტკიცებს, რომ ლონდონის ოლიმპიურ ხალიჩაზე უსამართლოდ დაჩაგრეს.

რევაზ ლაშხსა და მანუჩარ ცხადაიას შეეძლოთ, უკეთესი სინჯის მედლები მოეპოვებინათ, მაგრამ შანსი ხელიდან გაუშვეს. დათუაშვილისებურად, უფრო აგრესიული ჭიდაობა იყო საჭირო.

რატომ მოსწონდათ გულშემატკივრებს ვახტანგ ბალავაძის, მირიან ცალქალამანიძის, ვლადიმერ რუბაშვილისა და სხვა სახელოვან ქართველ ფალავანთა ჭიდაობა? იმიტომ რომ მათი პაექრობები იყო წარმტაცი სანახაობა - ესთეტიკურ სიამოვნებას გვრიდა მაყურებელს.

ყოველივეს მიუხედავად, მათ არასდროს ავიწყდებოდათ სიფრთხილე. აბა, თუნდაც ლონდონის ოლიმპიადაზე რამდენი ორთაბრძოლა დავთმეთ საკუთარ ფანდზე წამოგებით? ეს ბიჭები საკუთარმა გაუფრთხილებლობამ იმსხვერპლა.

საერთოდაც მინდა ვთქვა, რომ ჭიდაობაში წესების ხშირმა ცვლამ ეს სახეობა გააფერმკრთალა. დგომში ფანდები, ფაქტობრივად, არ კეთდება. მოჭიდავეები დროის გასვლას, ჩოქბჯენსა თუ ბურთულის ამოღებას ელოდებიან. ასეთი რამ კი გულშემატკივარს სპორტის ამ ვაჟკაცური სახეობისადმი ინტერესს უკარგავს.

მართალი გითხრათ, ძალიან მომწონს ძიუდოს დროის რეგლამენტი: 5 წუთი, ფრის შემთხვევაში პლუს 3 წუთი ოქროს ქულამდე. ვფიქრობ, ჭიდაობა უფრო ეფექტური გახდება.

- რადგან ძიუდოზე ჩამოაგდეთ სიტყვა, იქნებ ჩვენი კიმონოიანების ლონდონში გამოსვლაზეც გვითხრათ რამე.
- კიდევ ერთხელ მინდა შევაქო ლაშა შავდათუაშვილი. მაგარი ბიჭია, ენერგიით აღსავსე, ქართული ილეთებით გაჯერებული თავბრუდამხვევი ფანდებით გააოგნა მეტოქეები. ბოლო დროს იშვიათად მინახავს ასე აგრესიულად მოჭიდავე ფალავანი.

ამ ბიჭს იმ შეკრებებსა და შეჯიბრებებში, რომლებზეც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ატარა ოლიმპიელი ძიუდოისტები, მონაწილეობა, ფაქტობრივად, არ მიუღია. ამიტომაც გამოიყურებოდა ასე ხალასად - სხვებივით გადაღლა ვერ მოასწრო.

ოდითგანვე ცნობილია, რომ ქართველი მოჭიდავეები ზედმეტ დატვირთვებს ვერ იტანენ, იოლად იფიტებიან. ქართველ ძიუდოისტებს ზომიერად რომ ევარჯიშათ, ოლიმპიადის წინ აღმა-დაღმა არ ეფრინათ და მეორეხარისხოვან ტურნირებში არ ეჭიდავათ, შესაძლოა, უკეთესი შედეგები ჰქონოდათ.

- ბატონო გურამ, თქვენ ვლადიმერ გეგეშიძის მაგალითი მოიყვანეთ. თქვენ დროს თუ ხდებოდა ასე აშკარა დაჩაგვრა?
- მეტსაც გეტყვით, მელბურნში გიორგი სხირტლაძე ჩემპიონად გამოაცხადეს, ერთი საათის შემდეგ ტიტული სხვას მიაკუთვნეს. თუნდაც 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე უნგრელი პოიაკისა და რომან რურუას ფინალური შეხვედრა ავიღოთ.

- თურქ ისმაილ ოგანსაც ხომ არ გაიხსენებთ?
- პირველად 1963 წელს სოფიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე შევხვდი. მაშინ ის რომის ოლიმპიადის მეორე პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატების ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელი იყო. რომ გაოფლიანდა, ხელს ვერ ვავლებდი, რადგან ტანზე ზეთის თხელი ფენა ჰქონდა წასმული.

მსაჯს რამდენჯერმე მივანიშნე. მანაც პირსახოცით გააწმენდინა ტანი, მაგრამ შენიშვნა არ მიუცია. არც იმისთვის გაუფრთხილებია, რომ მეტოქე ჭიდაობას გაურბოდა. ოგანს იმის იმედი ჰქონდა, რომ ვინმესთან წავაგებდი და ჩემთან ფრედ დამთავრებული შეხვედრით ჩემპიონი გახდებოდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ყველა შეხვედრა მოვიგე, თურქი ქულებით დამარცხდა ბულგარელ პეტკო დერმენჯიევთან და მესამე ადგილზე გავიდა. მე კი პირველად მოვიპოვე მსოფლიოს ჩემპიონობა.

სამაგიეროდ, ოგანმა 1964 წელს ტოკიოს თამაშებზე მაჯობა ეშმაკობით. მაშინაც ჩვენი შეხვედრა ფრედ დამთავრდა. რადგანაც ორივეს ერთნაირი საჯარიმო ქულები გვქონდა, ოლიმპიური ოქროს ბედი სასწორმა გადაწყვიტა - მეტოქე ჩემზე 700 გრამით მსუბუქი აღმოჩნდა და ჩემპიონობაც მას ხვდა. ვერცხლის მედალი მე მერგო.

- "მაზანდარანელ ვეფხვთან" თქვენი შერკინება ლეგენდად დარჩა.
- 1962 წელს ირანის თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ტრიუმფით გაიარეს მოსკოვი და მინსკი. ოლიმპიურმა და მსოფლიოს ჩემპიონმა იმამ ალი ჰაბიბიმ საკავშირო ნაკრების წევრი გარსევან ნებიერიძე დაამარცხა. თბილისში ირანელის წინააღმდეგ ვახტანგ ბალავაძეს უნდა ეჭიდავა, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა ჰაბიბიმ, მაგრამ ბატონი ვახტანგი მაშინ შეუძლოდ იყო და ხალიჩაზე გასვლა ვერ შეძლო.

საკავშირო ნაკრების მწვრთნელმა მითხრა, ირანელს თუ დაამარცხებ, სოფიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე წაგიყვანო. ორთაბრძოლის მოსაგებად მოტივაცია მომემატა. ეტყობა, "მაზანდარანელი ვეფხი" არ ელოდა ახალგაზრდა უცნობი მეტოქისგან აქტიურ შეტევებს და ზედიზედ 6 ქულა ავართვი. მერე და მერე გამიძნელდა. ძლივს ვსუნთქავდი. ჰაბიბი თანდათან წამომეწია. ძლივს მომისწრო გონგის ხმამ. გამარჯვებას იმით მივხვდი, რომ მაყურებელთა ყიჟინამ ლამის ჭერი ახადა თბილისის ცირკს.

- საქართველოში ჭიდაობის დღევანდელ მდგომარეობაზე რას იტყვით?
- თამამად და გულახდილად შემიძლია ვთქვა - ჭიდაობა ჩვენთან ფეხზე დგას. ლონდონში მიღწეული წარმატებებიც ამის დასტურია. თითქოს დაფინანსებაც არა აქვთ ურიგო, მაგრამ სპორტის ამ სახეობას მეტი ყურადღება სჭირდება.

უპირველესად, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ინფრასტრუქტურაა ძირფესვიანად შესაცვლელი.

ძიუდოისტებს დიღომში შესანიშნავი სარბიელი მოუწყვეს, ოლეგ იაძის დიდი მცდელობით სამბისტებმა ვაკეში შესანიშნავ ბაზას გამოკრეს ხელი. აი, ჩვენი ფალავანთა კლუბი კი დღევანდელ გაზრდილ მოთხოვნილებებს ვეღარ აკმაყოფილებს. ქართველმა ფალავნებმა საერთაშორისო სარბიელზე მიღწეული გამარჯვებებით დიდი ხანია, დაიმსახურეს - თბილისში ჭიდაობის სასახლე ჰქონდეთ.

რამდენჯერმე ვიყავი დაღესტანში. იქ თითქმის ყველა აულშია თანამედროვე კეთილმოწყობილი დარბაზები, რომლებშიც დილიდან საღამომდე არ წყდება ყიჟინა. დიდ ქალაქებში კი თანამედროვე საჭიდაო ცენტრები აქვთ.

თეირანში არის ერთი დიდი სახლი უჩვეულო მრგვალი ფორმის, "ზურ-ხანე" ჰქვია, სპეციალურად მოჭიდავეებისა და ძალოსნებისთვის აშენებული. ჩვენი ფალავნები და, უპირველესად, ეროვნული საუნჯე - ქართული ჭიდაობაც მსგავსი პატივის ღირსია.

- ოლიმპიელთა ჯილდოებზეც გვინდა გკითხოთ...
- კარგია, როცა სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, ოლიმპიადის მედალოსანი სათანადოდ დააჯილდოვოს. ოღონდ აქაც ზომიერებაა საჭირო.
თანაც ამ პრემიების შესახებ სპორტსმენებმა ოლიმპიადამდე დიდი ხნით ადრე უნდა იცოდნენ, რომ შეჯიბრების წინ ფსიქოლოგიურ წნეხად არ დააწვეთ. ახალგაზრდა, ძალაუნებურად ფულზე იწყებს ფიქრს და "ქილა ერბოს" არაკისა არ იყოს, ყველაფერი წყალში არ ჩაგვეყაროს...

ვისარგებლებ შემთხვევით და ვლადიმერ ხინჩეგაშვილსა და მის მწვრთნელებს მივულოცავ ოლიმპიურ ვერცხლს. მჯერა, რომ ჩვენი თავისუფალი სტილით მოჭიდავეები კიდევ ორ-სამ ჯილდოს დაიმსახურებენ (შენიშვნა: ინტერვიუ ჩაწერილია 10 აგვისტოს).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მთლიანად ვეთანხმები ქართული სპოტის ამ დიდებულ ვეტერანს. მეტი გააზრებული ყურადღება და მეტი შედეგები იქნება. მადლობთ ბატონო გურამ სამაყო და გასახარი ამბების გახსენებისა და ნამდვილათ საყურადღებო წინადადებებისათვის.
gizog
12:20 13-08-2012
0
თუ ამ ექსპერტს დავიჯერებთ - ქარტველ მოჭიდავეებს წარმატებული ოლიმპიადა ქონდათ.
საინტერესოა, სხვა ექსპერტები რას ფიქრობენ.
0

სიახლეები პოპულარული