ტაილანდური გამოცდა ახალგაზრდა ქართველი ბერძენ-რომაელებისთვის

AutoSharing Option
4 სექტემბერს ტაილანდურ პატაიაში ახალგაზრდა მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება, რომელსაც ბერძენ-რომაელები გახსნიან.

მთავარი მწვრთნელის, ვლადიმერ ადეიშვილის გადაწყვეტილებით, პლანეტის პირველობაში ჩვენი ნაკრები ასეთი შემადგენლობით გამოვა: ბაჩანა ფუტკარაძე (50), ნიკა ცეცხლაძე (55), ფირუზ წულუკიძე (60), გიორგი დავითაია (66), თორნიკე ძამაშვილი (74), რობერტ ქობლიაშვილი (84), იაკობ ქაჯაია (96), შოთა გოგისვანიძე (120).

4 სექტემბერს 50, 60, 74 და 96-ის ფალავნები იჭიდავებენ. ჩვენი გუნდის დებიუტანტი ფუტკარაძე პირველ შეხვედრას ჩინელ ჰაიბინ ფანგთან გამართავს. მასთან წარმატების შემთხვევაში კი მეოთხედფინალში ყაზახ აშკარ სალტებაიევსა და უკრაინელ ვასილ სიმონენკოს შორის
გამარჯვებულს შეხვდება.

ნახევარფინალში ჩვენებურის სავარაუდო მეტოქეთა შორისაა რუსი ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი არტურ ლაბაზანოვი, თუმცა, შეიძლება ითქვას, ფუტკარაძეს წილისყრამ გაუმართლა, რადგან ფავორიტთა უმეტესობა ბადის ქვედა მხარესაა: თურქთა ევროპის წლევანდელი ჩემპიონი ტოლგაჰან კარატასი, რომელიც ამ ასაკში მსოფლიოს შარშანდელი პრიზიორიცაა; ასევე მსოფლიოს შარშანდელი ახალგაზრდული პირველობის ბრინჯაოს სომეხი მედალოსანი რუდიკ მკრტიჩიანი; წლევანდელი ევროპირველობის მესამე პრიზიორები, ებრაელი ანდრეი ცარიუკი და აზერბაიჯანელი მურატ ბაზაროვი... ჩვენებურს გაუმართლა იმ მხრივაც, რომ ბადის ზედა ნაწილშია ანუ ერთი შეხვედრით ნაკლებს ჩაატარებს.

ფუტკარაძისგან განსხვავებით, გამართლებას ვერ დავარქმევთ წულუკიძის წილისყრას - პირველ წრეში შედარებით სუსტ და უტიტულო უკრაინელ რომან გაიდუკს კი ხვდება, მაგრამ მომდევნოში სავარაუდო მეტოქედ ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანდელი უზბეკი ჩემპიონი ბობირბეკ ზაილობიდინოვი ჰყავს.

ეს უზბეკი ჯერ კიდევ შარშანდელიდან გვახსოვს ცუდად - მაშინ მსოფლიოზე ქემალ ხარაბაძეს გადაუკეტა ოქროსკენ მიმავალი გზა და ბრინჯაოს დააჯერა. ვინძლო წულუკიძე ამ ბარიერს დაძლევს, შესაძლოა, მეოთხედფინალში ისევ თურქ ენეს ბასარს შეხვდეს, ვისაც წლეულს ევროპის პირველობაზე აჯობა.

წულუკიძის მხარეს წლევანდელი ევროპირველობიდან ნაცნობი კიდევ ერთი მეტოქეა - აზერბაიჯანელი როვშან ტაგიევი, რომელიც ხუმარა ბედმა პირველივე წრეში სომეხ ვაზგენ ხაჩატრიანთან დააწყვილა.

ჩვენებურის მხარესაა რუსი ფალავანიც, ოღონდ იქაურებმა ევროპის წლევანდელ ჩემპიონ არტურ სულეიმანოვს ზაურ კაბალოევი ამჯობინეს. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ რუსები ლიდერებს ყოველთვის მსოფლიოსთვის ინახავენ, ანუ კაბალოევი ერთ-ერთი ფავორიტი იქნება.

ძამაშვილის პირველი მეტოქე შვეიცარიელი დამიან დიჩეა. ამ წყვილში გამარჯვებული მაროკოელ ზაკარია ლამგამაჰსა და უკრაინელ ალექსანდრ კუხტას შორის მოგებულს შეხვდება, რომელმაც ევროპის წლევანდელ პირველობაზე ლაშა გობაძე დაგვიმარცხა.

ძამაშვილის მხარეს მოხვდნენ ევროპის წლევანდელი მესამე პრიზიორები, პოლონელი არკადიუს მარცინ კულინიჩი (ეს მსოფლიოს შარშანდელი ბრინჯაოსმედალოსანიცაა) და აზერბაიჯანელი შამილ ერტუგანოვი.

აგრეთვე ის ფალავნები, რომლებსაც ამათ დამამშვიდებლის ფინალში აჯობეს, შესაბამისად, გერმანელი პასკალ აისელე და თურქი ისმაილ კოცასლანი. სამაგიეროდ, ცხრილის ზედა მხარეს არიან ევროპის წლევანდელი პირველობის ფინალისტები - რუსი ჩემპიონი ისლამ ჩარაევი და ბელორუსი კაზბეკ კილოუ.

ევროპის წლევანდელი მესამე პრიზიორი ქაჯაია პირველ წრეში მასპინძელ ანუჩა იოსპაიანს ხვდება. ჩვენებური დასაწყისში არც ევროპიდან ნაცნობ მეტოქეებს დაეჭიდება და არც - ევროპული პორველობის სამეულში შესულ ქვეყნებს, თუმცა იმათგან თურქეთმა და ნორვეგიამ (ქაჯაია ევროპაზე მათ წარმომადგენელთან დამარცხდა ნახევარფინალში) მონაწილეები შეცვალეს. მხოლოდ რუსებს ჰყავთ კონტინენტის გამარჯვებული მუსა ევლოევი, მაგრამ ისიც ცხრილის ზედა მხარესაა.

აქვე შეგახსენებთ, რომ შარშან მსოფლიოს პირველობაზე ჩვენებმა 5 მედალი - 2-2 ოქრო-ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვეს. მაშინ მსოფლიოს ჩემპიონები რევაზ ნადარეიშვილი (84) და ზემოხსენებული გოგისვანიძე გახდნენ, სანდრო დიხამინჯია (96) და ლონდონის ოლიმპიადაზე ნაჭიდავები ზურაბ დათუნაშვილი (74) ფინალში დამარცხდნენ, ბრინჯაო კი ხარაბაძემ მოიპოვა.

ამასობაში საბოლოოდ დაზუსტდა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა. ნუგზარ სხირელმა მსოფლიოს ბრინჯაოსა და ევროპული ვერცხლის მფლობელი ლაშა ტალახაძე (55), კონსტანტინე ხაბალაშვილი (66), ევროპის წლევანდელი პირველობის ბრინჯაოს მედალოსანი ჯუმბერ ყველაშვილი (74), გიორგი მეშვილდიშვილი (96) და ჭაბუკებში მსოფლიოს ვიცე და ევროპის ჩემპიონი, ახალგაზრდებში მსოფლიოს მესამე პრიზიორი გენო პეტრიაშვილი (120) ადრევე შეიყვანა გუნდში.

მწვრთნელმა ორ წონაში საკონტროლო შეხვედრით გაარკვია მონაწილე - 60 კილოგრამში ლაშა ბიტარაშვილმა ლევან ქელეხსაშვილს აჯობა, 84-ში ლევან გოგრიჭიანმა - სანდრო ამინაშვილს. არადა, ქელეხსაშვილმაც და ამინაშვილმაც საქართველოს პირველობის ფინალში მოუგეს კონკურენტებს და წლეულს ევროპაზეც მათ იჭიდავეს.

50 კილოგრამში გაურკვევლობას ბექა ბუჯიაშვილის პირადი წონა ქმნიდა - თუ დაიკლებდა, ტაილანდშიც წავიდოდა; თუ არადა, გზას კონკურენტს დაუთმობდა. ბუჯიაშვილმა შეძლო ზედმეტი კილოგრამების დაკლება და პატაიაშიც ის იჭიდავებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული