პლანეტის ვიცე-ჩემპიონი გუნდის დებიუტანტი თორნიკე ძამაშვილი (74) გახდა, ბრინჯაოს მედალი კი იაკობ ქაჯაიამ (96) მოიპოვა.
ძამაშვილი ფინალში ოთხი მოგებით გავიდა, რომელთაგანაც პირველი სამი ძირითად დროში მოიპოვა - პირველივე წრეში შვეიცარიელ დამიან დიჩეს 1:0; 1:0 სძლია, უკრაინელ ალექსანდრ კუხტას (ამან წლევანდელ ევროპირველობაზე ლაშა გობაძე დაგვიმარცხა) ასევე ორ პერიოდში ერთი ქულით მეტი აართვა და ჯამში 3:0 მოუგო, სომეხ კარაპეტ ჩალიანს კი ძირითადი დროის თითო
ჩვენებურს დამატებითი დრო მხოლოდ ნახევარფინალში დასჭირდა თურქ ევროპის შარშანდელ ვიცე-ჩემპიონ ისმაილ კოცასლანთან.
აქ თავიდან ძამაშვილი დაწინაურდა - 2:0, მაგრამ მეორე პერიოდი ამავე ანგარიშით დათმო, თუმცა იქნებ თურქისთვის იქვე წაგება აჯობებდა, რადგან ქართველი ყველაზე უფრო დამაჯერებელი სწორედ იმ დამატებით დროში იყო - ეს გადამწყვეტი პერიოდი 5:0 მოიგო.
ფინალში ძამაშვილის მეტოქე ბელარუსთა წლევანდელი ევროპის ვერცხლის მედალოსანი კაზბეგ კილოუ აღმოჩნდა, რომელმაც 2:0; 1:0 იმარჯვა.
ვერ გეტყვით, ძამაშვილი თურქთან ბრძოლამ გადაღალა თუ სხვა რამე იყო წაგების მიზეზი. არც კილოუა სუსტი მეტოქე (თან ეგ ჩრდილო კავკასიელია, ყაბარდოელი და დიდი შანსია, ასაკიც გადაკეთებული ჰქონდეს), მაგრამ ქართველ მოჭიდავეებს ბოლო შეხვედრის წაგება უსიამოვნო ტრადიციად ექცათ.
სამწუხაროდ, ეს ყველა ასაკში ასეა - ჭაბუკებიდან დაწყებული, უფროსებით დამთავრებული, ძალიან დიდია ისეთი წაგების პროცენტი, როცა წინასწარ შეხვედრებში კარგად გამოდიან, ფინალში კი, როცა ისვენებენ და, წესით, ძალებს უნდა იკრებდნენ, პირიქით, სუსტად ჭიდაობენ.
ამაზე ხაზგასმით ძამაშვილს კი არ ვსაყვედურობთ, ვშიშობთ, ქართულ ჭიდაობას ახალი სენი ხომ არ მოეძალა, რომელსაც თუ არ ვუმკურნალეთ, იმავე ძამაშვილსაც და სხვებსაც მომავალშიც არაერთხელ აზარალებთ.
ევროპის წლევანდელი ბრინჯაოს მედალოსანი ქაჯაია არა ასე დასკვნით ეტაპზე, არამედ ტურნირის შუაწელში - მეოთხედფინალში დამარცხდა გერმანელ პეტერ ოელერთან. გერმანელი მერე ფინალში კი გავიდა, მაგრამ აქამდე რამე ტიტულებით არ გამოირჩეოდა.
თან არც ჩვენებურის შემდეგ ჰყოლია ძლიერი საჭიდაო ქვეყნების ფალავნები მეტოქეებად (უკრაინელსა და ლიტველს მოუგო), საშიშ მოწინააღდეგედ რომ მიგვეჩნია.
ამის მიუხედავად, ქაჯაიას 2:0; 2:0 მოუგო. მანამდე ჩვენებურმა უპრობლემოდ დაამარცხა მასპინძელი ანუჩა იოსპაიანი (2:0) და ეგვიპტელი ელსაიდ მუსტაფა ჰამდი (3:0). ჩვენდა საბედნიეროდ, გერმანელი ფინალში გავიდა და ქაჯაიაც სანუგეშოში გადავიდა.
იქ ჯერ ირანელ სამან აბას ნოოროზის ორი პერიოდის ჯამში 5:0 სძლია, დამამშვიდებლის ფინალში კი უკრაინელ სამირ ვოლოშანინს (ნახევარფინალში გერმანელმა ამას აჯობა) ორ პერიოდში 2:0 მოუგო.
აღსანიშნავია, რომ ამ წონებში შარშანაც მედლები გვქონდა, ოღონდ მაშინ ორივე ვერცხლი იყო, რომლებიც ზურაბ დათუნაშვილმა (74) და სანდრო დიხამინჯიამ (96) მოიპოვეს.
4 სექტემბერს პატაიაში კიდევ ორი ჩვენებური ჭიდაობდა, მაგრამ წარუმატებლად. კიდევ ერთი დებიუტანტი - ბაჩანა ფუტკარაძე (50) პირველივე წრეში დამარცხდა ჩინელ ჰაიბინ ფანგთან და გავარდა. ფირუზ წულუკიძემ (60) უკრაინელ რომან გაიდუკს კი აჯობა, მაგრამ მერე ყირგიზ ურმატბეკ ამატოვთან წააგო და ესეც ისე გავარდა, სანუგეშოში ვერ გადაერთო.
6 სექტემბერს პატაიაში მორიგი ქართული ოთხეული იასპარეზებს: ნიკა ცეცხლაძე (55), გიორგი დავითაია (66), რობერტ ქობლიაშვილი (84) და შოთა გოგისვანიძე (120).
ევროპის შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი ცეცხლაძე იინდოელ სურენდერ სურენდერს ხვდება. დავითაია ტურნირში მეორე წრიდან ჩაებმება და ავსტრიელ სტეფან სტაიგლის შეხვდება, მასთან წარმატების შემთხვევაში კი, შესაძლოა, ევროპის წლევანდელ ხორვატ ჩემპიონ დომინიკ ეტლინგერს დაეჭიდოს, რომელიც ბადეში მის მეზობლადაა.
ევროპის წლევანდელი ბრინჯაოს მედალოსანი ქობლიაშვილი პირველ წრეში ყირგიზ ამან ტოხტოგონოვს დაეჭიდება, ხოლო თუ მეორე წრეში გავა, იქ გერმანელ დენის მაქსიმილიან კუდლასა და ბელარუსის სახელით მოჭიდავე გოგა გაგნიძეს შორის მოგებულს შეხვდება.
ვნახოთ, შეგვინარჩუნებს თუ ვერა ამ წონაში ქობლიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს, რომელიც შარშან ნადარეიშვილმა მოგვიტანა.
120 კილოგრამი შარშანაც ერთ-ერთი კოზირი იყო ჩვენი და ტაილანდშიც ასე იქნება - აქ შოთა გოგისვანიძე მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის დაცვას შეეცდება. ამას ის კორეელ ჯი-ეუნგ პარკთან შეხვედრით დაიწყებს, ამ წყვილის მომდევნო მეტოქეს კი უზბეკ შერზოდ აკბაროვისა და ბერძენ სოტირიოს პაპარასის შერკინება გაარკვევს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"