შოთა გოგისვანიძემ მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობაზე ვერცხლი მოიპოვა

AutoSharing Option
ტაილანდურ პატაიაში 5 სექტემბერს დასრულდა ახალგაზრდა ბერძენ-რომაელთა მსოფლიოს ჩემპიონატი. ბოლო დღეს ჩვენი ნაკრების მონაგარი კი მხოლოდ ერთი ვერცხლია - მძიმეწონოსანი შოთა გოგისვანიძე ძალზე ახლოს იყო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებასთან, მაგრამ ფინალური პაექრობა უნგრელ ბალინტ ლამთან დათმო.

უნგრელი ევროპის წლევანდელი მესამე პრიზიორია, იმ ტურნირის ძირითადი ბადიდან კი ლევან არაბულმა გამოაგდო, რომელიც მერე ასევე ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ამდენად, ჩვენი ნაკრების მონაგარი მსოფლიოს პირველობაზე 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაოა. 4 სექტემბერს პლანეტის ვიცე-ჩემპიონი თორნიკე ძამაშვილი (74) გახდა, იაკობ ქაჯაია (96) კი მესამეზე გავიდა.

ქუთაისელი გოგისვანიძისთვის ეს პირველი ოფიციალური შეჯიბრება იყო ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ - მსოფლიოს შარშანდელ პირველობაზე გამარჯვება მისთვის მთლად ფეხბედნიერი ვერ გამოდგა, რადგან ერთმანეთის მიყოლებით ასტკივდა წელი, მხარი, ფეხი და ლამის მთელი სეზონი გაუცდა.

პატაიაში ფინალამდე მან სამი შეხვედრა მოიგო დიდი უპირატესობით - კორეელ ჯი-ეუნგ პარკთან, უზბეკ შერზოდ აკბაროვთან და ჩინელ ვანანგ ჭანგთან.

სამწუხაროდ, 5 სექტემბერს სხვა ჩვენებურები - ნიკა ცეცხლაძე (55), გიორგი დავითაია (66) და რობერტ ქობლიაშვილი (84) ისე გავარდნენ, სანუგეშოშიც ვერ გადავიდნენ.

6 სექტემბერს პატაიაში ჩვენი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიც გაფრინდება ასეთი შემადგენლობით: ბექა ბუჯიაშვილი (50), ლაშა ტალახაძე (55), ლაშა ბიტარაშვილი (60), კონსტანტინე ხაბალაშვილი (66), ჯუმბერ ყველაშვილი (74), ლევან გოგრიჭიანი (84), გიორგი მეშვილდიშვილი (96), გენო პეტრიაშვილი (120).

”თავისუფლები” 8-9 სექტემბერს იჭიდავებენ, ჩვენებიდან საასპარეზოდ გასვლა კი პირველებს ბუჯიაშვილს, ბიტარაშვილს, ყველაშვილსა და მეშვილდიშვილს მოუწევთ.

ასევე იხილეთ:
ახალგაზრდა ქართველი ბერძენ-რომაელების ვერცხლ-ბრინჯაოს დასაწყისი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული