მუხრან ვახტანგაძის სახელობის ტურნირის ისტორია დაიწყო

AutoSharing Option
ბათუმში 27 სექტემბერს დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონის, სიდნეის ოლიმპიადის პრიზიორ მუხრან ვახტანგაძის სახელობის პირველი საერთაშორისო ტურნირი ახალგაზრდა ბერძენ-რომაელთა შორის.

მასში, ქართველების გარდა, ინდოეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის გუნდები მონაწილეობენ; თურქები კი, წინასწარი შეთანხმების მიუხედავად, არ ჩამოვიდნენ.

საბოლოოდ ტურნირში 70-ზე მეტი მოჭიდავე მაინც მოგროვდა. სტუმართაგან ჩვენი უშუალო მეზობლები საკმაოდ ძლიერი გუნდებით ჩამოვიდნენ, რამაც შეჯიბრების ხარისხიც აამაღლა. 27 სექტემბერს განსაკუთრებით წარმატებით სომხებმა იჭიდავეს, რომლებმაც რამდენიმეჯერ გაგვამწარეს, თუმცა აზერბაიჯანსაც ასპროცენტიანი შედეგი აქვს - მათგან მხოლოდ ერთმა იჭიდავა და ჩემპიონი გახდა.

როგორც ბათუმში მყოფმა საქართველოს ჭიდაობის
ფედერაციის ხელმძღვანელებმა გვითხრეს, შეჯიბრება კარგადაა ორგანიზებული. შეგახსენებთ, რომ ესაა ერთ-ერთი ტურნირი იმ ორიდან, რომელიც საქართველოდან საერთაშორისო ფედერაციის კალენდარშია შეტანილი (მეორე ასევე მსოფლიოს ჩემპიონ თემურ ყაზარაშვილის სახელობის ჭაბუკთა ტურნირია).

ახალი ტურნირის ორგანიზებულად ჩატარებაზე დიდადაა დამოკიდებული, მომავალშიც შეიტანენ თუ არა საერთაშორისო კალენდარში. არადა, მსგავსი რანგის შეჯიბრებები ჰაერივით გვჭირდება და ამიტომაც მისასალმებელია ორგანიზატორთა მონდომება.

ტურნირში უძლიერესი შემადგენლობით არც ჩვენები გამოდიან - მწვრთნელებმა ევროპა-მსოფლიოზე ნაჭიდავები ფალავნების უმეტესობა დაასვენეს. ალბათ, გასაკვირიც არაა, წონებში მონაწილეთა უმეტესობას მასპინძლები თუ შეადგენდნენ. მაგალითად, 60 კილოგრამში მხოლოდ ქართველები ჭიდაობდნენ, 50-ში უცხოელთაგან კი ერთი სომეხი იყო...

50 კილოგრამში ყველაზე უკეთ გიზო მელაძემ იასპარეზა და პირველობა მოიპოვა. სამაგიეროდ, საკმაოდ სუსტად გამოვიდა საქართველოს ჩემპიონი და ევროპაზე ნაჭიდავები დავით სანიკიანი - პირველივე წრეში ძირითად დროში დამარცხდა მომავალ ფინალისტ იური ლომაძესთან. მართალია, მერე დამამშვიდებელში ირაკლი კოვზირიძეს კი აჯობა და მესამეზე გავიდა, მაგრამ ევროპირველობაზე ბრინჯაოსთვის ნაჭიდავები ფალავნისთვის არა გვგონია, ეს მაქსიმუმი იყოს. მელაძემაც ძირითადში მოიგო სამივე ორთაბრძოლა - გიორგი მამულაძესთან, ირაკლი სვანაძესთან და ფინალში ლომაძესთან.

60 კილოგრამში სომხურ-აზერბაიჯანული ფინალი ვიხილეთ, რომელიც ფრიად დაძაბულიც გამოდგა. აზერბაიჯანელებმა გუშინდელი დღის ის ერთადერთი ოქროც აქ მოიპოვეს - მურად მამედოვმა ტარონ დუმოიანი დაამარცხა. სომეხმა პირველ წრეში ამ წონაში ჩვენი ლიდერი ბაჩანა ფუტკარაძე 2:0; 1:0 დაამარცხა, მერე კი მირზა შავაძეს 5:0; 1:0 მოუგო.

ფუტკარაძემ დამამშვიდებლის ფინალში შავაძეს 2:0; 1:0 აჯობა და ბრინჯაოს დაეუფლა. ამავე სინჯის მეორე მედალიც საქართველოს დარჩა - გიორგი ჯაფარიძემ მოიპოვა. მან პირველ წრეში ინდოელი სიტანდერ კუმარი 7:0; 2:0 დაამარცხა, მერე კი ფიცხელი ბრძოლა გამართა ლაშა ებილაშვილთან. ამ შეხვედრის ბედი დამატებით დროში გადაწყდა. იქამდე კი საქმე ებილაშვილმა მიიყვანა, როცა პირველი პერიოდის 2:4-ზე წაგების შემდეგ მეორეში 1:0 იმარჯვა.

დამატებითში ჯაფარიძის უპირატესობა კვლავ დიდი იყო - 4:0 მოიგო. ის მესამე წრეში თავიდან მამედოვსაც უგებდა - 2:0, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და მომდევნოები მინიმალური ანგარიშით, 1:0 დათმო. შედეგად ფინალში მამედოვი გავიდა, ჯაფარიძემ კი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ჯუმბერ წუწუნავას მოუგო.

74-ში სამმა ქართველმა ვერაფერი მოუხერხა ორ სომეხს და ოქრო-ვერცხლი მათ დაუთმო. წრიულად მიმდინარე შეჯიბრება სამველ ჰოვსეპიანმა დაუმარცხებლად გაიარა, არმენ აკოფიანი კი მხოლოდ ამასთან დამარცხდა.

96 კილოგრამში 4 მონაწილე იყო და ყველა ქართველი. აქ გამოვიდა ჭაბუკებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი ლაშა გობაძე, რომელიც ადრე 74-ში გამოდიოდა.

მან მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმო, როცა პირველ წრეში დამარცხდა ამ წონაში ნაკრების ერთ-ერთ კანდიდატ ბექა ქურცაძესთან - 0:3; 0:1. ქურცაძეს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერც სხვებმა - გიორგი კურტანიძემ და ზაურ უტიაშვილმა გაუწიეს. ის დამსახურებულად გახდა ჩემპიონი, რაც გასაკვირი სულაც არაა.

28 სექტემბერს ტურნირში დანარჩენი ოთხი წონითი კატეგორიის წარმომადგენლები იასპარეზებენ. იმედია, ჩვენები კიდევ უფრო მეტი წარმატებით იჭიდავებენ.

კვარცხლბეკი.
50 კგ. 1. გიზო მელაძე; 2. იური ლომაძე; 3. ირაკლი შავაძე, დავით სანიკიანი (ოთხივე - საქართველო).
60 კგ. 1. მურად მამედოვი (აზერბაიჯანი); 2. ტარონ დუმოიანი (სომხეთი); 3. ბაჩანა ფუტკარაძე, გიორგი ჯაფარიძე (ორივე - საქართველო).
74 კგ. 1. სამველ ჰოვსეპიანი; 2. არმენ აკოფიანი (ორივე - სომხეთი); 3. ნუკრი შავაძე, გოგა ვაჩინაძე (ორივე - საქართველო).
96 კგ. 1. ბექა ქურცაძე; 2. ლაშა გობაძე; 3. გიორგი კურტანიძე, ზაურ უტიაშვილი (ოთხივე - საქართველო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული