ჩვენი მეზობლები სულ 3 ფალავანით ჩავიდნენ ბათუმში და სამშობლოში ასპროცენტიანი შედეგით ბრუნდებიან - სამივე ჩემპიონი გახდა.
თუ 27 სექტემგბერს ოქროს ჭაბუკებში ევროპის ვიცე და მსოფლიოს ჩემპიონი მურად მამედოვი (60) დაეუფლა, ბოლო დღეს ანალოგიური წარმატებას ზუსტად მამედოვის მსგავსი ტიტულების მფლობელმა კარიმ ჯაფაროვმა (55) და ამილ აჰმედოვმა (66) მოიპოვეს.
28
შეგახსენებთ, რომ უცხოელთაგან შეჯიბრებაში ინდოეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის გუნდები გამოდიოდნენ, ამდენად, სასიამოვნოა, რომ მედალი სამივე მათგანმა მოიპოვა.
ჩვენი ნაკრები ტურნირში უძლიერესი შემადგენლობით არ გამოდიოდა - ლიდერთა უმეტესობა მიზეზთა გამო აკლდა, ბევრმა კი ზედა წონაში იჭიდავა. თუმცა 55-ში პირველი ნომერი ჭიდაობდა - ნიკა ცეცხლაძე, ევროპის შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი. მან პირველ წრეში 6:0; 6:1 გიორგი ხუჭუა დაამარცხა, თუმცა მერე ზემოხსენებულ ჯაფაროვთან წააგო.
ამავე წონაში გამოვიდა ჭაბუკთა ნაკრების უპირობო ლიდერი, 50 კილოგრამში ევროპის წლევანდელი ჩემპიონი, მსოფლიოს ოქრო-ვერცხლის მფლობელი რამაზ ზოიძეც. მან პირველ შეხვედრაში ახალგაზრდებში წლევანდელი ევროპირველობის მონაწილე რამაზ სურმანიძე დამაჯერებლად დაამარცხა, მაგრამ ასაკით პატარა მაინც დაიჩაგრა - უკვე მეორე შეხვედრაში მომავალმა ფინალისტმა თემურ შავაძემ ორი პერიოდის ჯამში 8:1 მოუგო.
შავაძე ახალი სახეა ამ წონაში, მან ნახევარფინალში ლევან ქავთარაძესაც აჯობა, მაგრამ ფინალში ვერც ის გახდა რამეს ჯაფაროვთან - 3:6; 0:2.
66 კილოგრამში ჩვენი ნაკრების რამდენიმე გამოცდილი წევრი მოგროვდა - წლევანდელი სეზონის ლიდერი გიორგი დავითაია, მურთაზ ჩაბრავა, გელა ბოლქვაძე, ამირან შავაძე, ფირუზ წულუკიძე, გიორგი ჩხარტიშვილი... მათ უახლოეს წლებში სხვადასხვა წონებში ევროპა-მსოფლიოს მედლებიც მოუპოვებიათ, თუმცა აზერბაიჯანელ აჰმედოვთან მაინც ვერაფერს გახდნენ.
84 კილოგრამში დავით ჩიტაძემ გაიმარჯვა, რომელმაც ფინალში ბექა კანდელაკი დაამარცხა. ჩიტაძეს ფინალში გასასვლელად ერთი შეხვედრის გამართვა დასჭირდა, სადაც გიორგი დარჩია უპრობლემოდ დაამარცხა, კანდელაკმა კი სომეხ ჰარუთინ მიქაელიანსა და ლევან ყუფარაშვილს აჯობა. ფინალური შეხვედრის ბედი დამატებით დროში გადაწყდა - სამივე პერიოდი ერთნაირი ანგარიშით, 1:0 დასრულდა.
მძიმე წონაში ახალგაზრდული ნაკრების ქუთაისელმა კანდიდატმა ზვიად პატარიძემ ზემოხსენებული ინდოელი კალირამანი 3:1; 4:1 დაჯაბნა.
ქვედა წონებიდან ანაცვლებულმა ფალავნებმა, კერძოდ, 74-ში ევროპის წლევანდელმა ვიცე-ჩემპიონმა თორნიკე ძამაშვილმა და კიდევ ერთმა ქუთაისელმა, სულხან ბუიძემ ამ წყვილს ჯეროვანი წინააღდეგობა ვერ გაუწია.
კვარცხლბეკი
55 კგ. 1. კარიმ ჯაფაროვი (აზერბაიჯანი); 2. თემურ შავაძე; 3. ნიკა ცეცხლაძე, ლევან ქავთარაძე (სამივე - საქართველო).
66 კგ. 1. ამილ აჰმედოვი (აზერბაიჯანი); 2. დავით გოგიძე; 3. გელა ბოლქვაძე, ფირუზ წულუკიძე (სამივე - საქართველო).
84 კგ. 1. დავით ჩიტაძე; 2. ბექა კანდელაკი; 3. გიორგი დარჩია, ლევან ყუფარაშვილი (ყველა - საქართველო).
120 კგ. 1. ზვიად პატარიძე (საქართველო); 2. ჰანიმანტე კალირამანი (ინდოეთი); 3. თორნიკე ძამაშვილი, სულხან ბუიძე (ორივე - საქართველო).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მუხრან ვახტანგაძის სახელობის ტურნირის ისტორია დაიწყო