სალაძის სახელობის ჭაბუკთა ტურნირმა კავკასია შემოიკრიბა

AutoSharing Option
თბილისმა უკვე მეთორმეტედ უმასპინძლა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონ მიხეილ სალაძის სახელობის ჭაბუკთა ტურნირს (1994-96 წლებში დაბადებულნი). ოღონდ ამჯერად, ადრინდელისგან განსხვავებით, მასში სომხეთისა და აზერბაიჯანის გუნდებიც გამოდიოდნენ. თანაც, სომხები უძლიერესი გუნდით ჩამოვიდნენ და აკი სამშობლოში ოთხი ოქროთი ხელდამშვენებულნიც დაბრუნდნენ, რასაც სხვა სინჯის ჯილდოებიც დაუმატეს. ერთ წონაში სულაც სომხური ფინალი გაიმართა, სხვა შემთხვევაში კი მასპინძლებთან ბრძოლაში იმარჯვეს. აზერბაიჯანელებს მთლად ასეთი ძლიერი გუნდი არ ჰყავდათ და უმედლოდ დარჩნენ, თუმცა ბრინჯაოსთვის ოთხმა იქაურმა იჭიდავა.

ცხადია, შეჯიბრებაში მასპინძლებიც ოპტიმალური შემადგენლობით გამოვიდნენ და ტურნირიც მეტად ძლიერი
გამოდგა - 200-მდე მოზარდი ჭიდაობდა. თუმცა ჩვენი გუნდის ოპტიმალურობაზე ლაპარაკი ამ ეტაპზე ძალზე პირობითია, რადგან ასაკობრივი ნაკრებები ყოველწლიურად განიცდიან თაობათა ცვლას და ჯერ არც ამათი შემადგენლობაა გარკვეული. ეს შეჯიბრებაც საგაისო სეზონისთვის გუნდის დაკომპლექტების გზაზე პირველი ნაბიჯი იყო - ჭაბუკები კიდევ გამართავენ რამდენიმე ტურნირს და საბოლოო შემადგენლობაც ამის შემდეგ დადგინდება. გაისად ამ ასაკის ფალავნებს მეტად მნიშვნელოვანი სეზონი ელოდებათ - ევროპის პირველობასთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატიც ტარდება. შესაძლოა, შავი ზღვის აუზის თამაშებიც გაიმართოს. სწორედ ამიტომაა საჭირო რაც შეიძლება მეტი შეჯიბრება.

სალაძის წლევანდელ ტურნირს ამ უქმეებზე გლდანის ოლიმპიური რეზერვების ცენტრმა უმასპინძლა. ბუნებრივია, თავად სალაძეც დაესწრო, ხოლო დედაქალაქის მერიის სპორტის სამსახურმა მისი სახელობის საგანგებო თასი დააწესა. ეს ჯილდო 100 კილოგრამში გამარჯვებულ ბექა კანდელაკს სალაძემ გადასცა.

ამ ტურნირზე ორი ახალი სკოლაც გამოჩნდა - ონისა და ჭიათურის, სადაც ბერძნულ-რომაული სტილის ჭიდაობა ახლა იდგამს ფეხს. მისასალმებელია მათი წარმომადგენლების მედალოსნებში მოხვედრა.

კვარცხლბეკი.
42 კგ. 1. გიზო მელაძე (ხულო), 2. იური შავაძე, 3. გიორგი ბახტაძე (ორივე - აჭარა), გიორგი კურტანიძე (სართიჭალა).
46 კგ. 1. ბაკურ გოგოლი (სენაკი), 2. გიორგი მელია (სამტრედია), 3. ბექა ბალანჩივაძე (წყალტუბო), ალბერტ ვარდანიანი (სომხეთი).
50 კგ. 1. კარენ ასლანიანი (სომხეთი), 2. ედნარ შავაძე (აჭარა), 3. ტარონ დუმოიანი (სომხეთი), გიორგი დილებანიძე (ხულო).
54 კგ. 1. რუბენ ნაზარიანი (სომხეთი), გელა ბოლქვაძე (აჭარა), 3. გიორგი ტოტიკაშვილი (გარდაბანი), გიორგი ღარიბიანი (სომხეთი).
58 კგ. 1. ვაზგენ ხაჩატურიანი, 2. ავიკ გრიგორიანი (ორივე _ სომხეთი), 3. ლაშა ებელაშვილი, ნიკა მამარდაშვილი (ორივე _ გარდაბანი).
63 კგ. 1. შალვა ხაჩიძე (ბორჯომი), 2. სურენ ნაზარიანი, 3. ტიგრან პოღოსიანი (ორივე _ სომხეთი), იონა ფირცხალავა (წყალტუბო).
69 კგ. 1. სარგის ქოჩარიანი (სომხეთი), 2. ბესიკ ჩუბინიძე (ჭიათურა), 2. გიორგი ჩხარტიშვილი (ოზურგეთი), დავით სადოიანი (თბილისი).
76 კგ. 1. ლაშა გობაძე (აჭარა), 2. კარენ არგანიანი (სომხეთი), 3. ნიკა გავაშელი (თბილისი), ირაკლი კოვზირიძე (წყალტუბო).
85 კგ. 1. გიორგი მდინარაძე (ოზურგეთი), 2. კუკური კირცხალია, 3. თამაზ ლონდარიძე (ორივე -თბილისი), გიგა ქოქოლაძე (აჭარა).
100 კგ. 1. ბექა კანდელაკი (თბილისი), 2. ბექა კახეთელიძე (ონი), 3. თემურ კაპანაძე (ქუთაისი), თორნიკე ბაბუნაშვილი (წყალტუბო).


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული