მორიგი უსიამოვნება ქართულ სპორტში: FILA-მ გურამ ფერსელიძე დასაჯა!

AutoSharing Option
ქართულ სპორტში მორიგი უსიამოვნო ამბავია, მორიგი დისკვალიფიკაცია - ამჯერად ჭიდაობა 6 თვით აუკრძალეს საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების ლიდერს მძიმე წონაში გურამ ფერსელიძეს, ხოლო ჩვენი ჭიდაობის ფედერაციას ჯარიმად 12 ათასი შვეიცარიული ფრანკი დაეკისრა.

დისკვალიფიკაციის მიზეზი ასაკის გადაკეთება და ამის შედეგად სპორტსმენის კარიერაში თავჩენილი ორი პასპორტია.

მოგეხსენებათ, ასაკის გადაკეთების მანკიერ პროცესს საქართველომ რამდენიმე წლის წინ ბრძოლა გამოუცხადა, რის გამოც სპორტსმენებს პასპორტების შეცვლის ნება დართეს. აი, სწორედ ამან დაღუპა ფერსელიძე, რადგან ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) ბაზაში მის გრაფაში ორი - ძველი და ახალი პასპორტის
მონაცემები აღმოჩნდა, რამაც, ბუნებრივია, უმალ "იყვირა".

ფერსელიძეს 1994 წელს ბულგარულ ალბენაში ჩატარებული ევროპის პირველობა "ამოუქექეს", სადაც სწორედ ძველი, ასაკგადაკეთებული პასპორტით იასპარეზა და VIII ადგილზე გავიდა.

ამ დარღვევისთვის მას გაუუქმეს ის შედეგი (ვითომ მედალი ჩამოართვეს), რასაც ზემოხსენებული 6-თვიანი დისკვალიფიკაცია და ფინანსური სასჯელი მოჰყვა. ამ ჯარიმის გადახდის მექანიზმი ასეთია - თუ მას ქვეყანა პირველ დიდ ტურნირამდე არ გადაიხდის, იმ შეჯიბრებაზე მის გუნდს არ დაუშვებენ.

ბედის ირონიით, ასეთი პირველი ასპარეზობა გაისად, 19-24 მარტს თბილისში გასამართი ევროპის ჩემპიონატია და ვიქონიოთ იმედი, ის უჩვენოდ არ ჩაივლის. თუმცა თავად თანხა პრობლემად კი რჩება - ჩვენს ფედერაციას ამდენი ფული არ გააჩნია და საკითხავია, ვინ გადაიხდის მას? არადა, გადახდის აუცილებლობაზე ზემოთ მოგახსენეთ.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში იმედოვნებენ, რომ გადახდის შემთხვევაში ფერსელიძეს დისკვალიფიკაციას შეუმცირებენ და ევროპის პირველობაზე გამოსვლის ნებასაც დართავენ, თორემ ეს ვადა აპრილში გაუდის და კონტინენტის ჩემპიონატში ვერ იჭიდავებს.

მოკლედ, ვითარება არცთუ სახარბიელოა, მაგრამ ამის უკან კიდევ უფრო საგანგაშო ტენდენციები იმალება.

მაგალითად, ასე ხომ ნებისმიერ ჩვენს სპორტსმენს შეიძლება მიადგნენ და ყველა მედალი ჩამოართვან დისკვალიფიკაციის თანხლებით? არის რაიმე მექანიზმი მსგავსი სცენარისგან თავდასაცავად?

როგორც ჭიდაობის ფედერაციაში გვითხრეს, რამდენიმე ფალავანზე უკვე იყო მსგავსი მცდელობა, თუმცა საქმე სასჯელამდე არ მისულა, მაგრამ სამომავლოდ სადაა გარანტია? თავის დროზე პასპორტი ხომ ლამის ყველამ შეცვალა!

უცნაურია - ჩვენ მანკიერებას, გაყალბებას, უკანონობას ვებრძვით და ამისთვის რატომ უნდა დავისაჯოთ? პირიქით რომ გაგვეკეთებინა, ანუ რეალური ასაკი გაგვეყალბებინა, კიდევ მესმის დასჯა, მაგრამ ჩვენ ხომ უკანონობა გამოვასწორეთ!

ეს ნამდვილი ანომალიაა იმის გათვალისწინებით, რომ ლამის მთელი მსოფლიო გადაკეთებული ასაკით ჭიდაობს და იმათ არავინ სჯის, ჩვენ კი სამართლიანობისთვის დაგვაჯარიმეს!

ისიც უცნაურია, FILA-ს ახლა რომ გაახსენდა ფერსელიძის ძველი პასპორტი, როცა ის რამდენიმე წელიწადია, ახალი პასპორტით ჭიდაობს. საინტერესოა, ხომ არაა ეს ფულის შოვნის ჩვეულებრივი შანტაჟის მეთოდი? დაგვეთანხმებით, 12 000 შვეიცარიული ფრანკი არაა ცოტა თანხა და FILA მის საშოვნელად რატომ იტყვის უარს ასეთ მეთოდზე?

როგორც ზემოთ გითხარით, ჩვენ კანონიერების დაცვისთვის ვისჯებით, როცა სხვებს იმავე სახის უკანონობისთვის არავინ ეხება.

აქ აუცილებლად ჩნდება ერთი კითხვა, რაც კულისებში კარგა ხანია, გაისმის - რატომ ვისჯებით მაინცდამაინც ჩვენ? ეგებ ვინმე შემოგვედავოს, რა ვიცით, რომ სხვებს არ სჯიან და იქნებ უცხოელებსაც მისცეს დისკვალიფიკაციაო. ასეთი ინფორმაცია არსად გახმაურებულა და გვეეჭვება, პრეცედენტი არსებობდეს, რადგან საქართველოს გარდა, არავის მოუთხოვია თავისი სპორტსმენებისთვის გაყალბებული პასპორტების შეცვლა.

აქედან გამომდინარე, FILA-ს ბაზაში არც პასპორტთა ზემოხსენებული სხვაობა აღმოჩნდებოდა, უამისოდ კი, არა გვგონია, FILA-ს უცხოელთა რეალური ასაკის გამოკვლევა დაეწყო. არადა, ვიმეორებთ - იმავე FILA-ში თუ სხვა საერთაშორისო ფედერაციებში ყველამ იცის, რომ ასაკს იკეთებენ, მაგრამ ეს იმდენად ფართოდ გავრცელებული მოვლენაა, ვერ ებრძვიან.

არადა, მის არსებობას ადასტურებდნენ, მაგალითად, თბილისში ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე ჩამოსული FILA-ს დელეგატები; ამ თემაზე უცხოელთა აღშფოთება პირადად მომისმენია ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე...

2009 წელს თბილისში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე მძიმე წონის ფინალისტთა დანახვაზე თურმე FILA-ს ბიუროს წევრმა, სახელოვანი ივან იარიგინის მეუღლე ნატალია იარიგინამ თავისი ქვეყნის - რუსეთის წარმომადგენელ ალან ხუგაევის დანახვაზე თავი ვერ შეიკავა და ჩაილაპარაკა, ეს რაა - მამისა და შვილის შეხვედრააო, იმდენად უფროსი ჩანდა ის გიორგი საკანდელიძესთან შედარებით.

სამწუხაროდ, საქმე ასეთი აღშფოთების იქით არ მიდის, თუმცა პრობლემის აქტუალურობას ისიც ადასტურებს, რომ სპორტის მმართველმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა რეალური ასაკის დასადგენად სისხლის ანალიზები შემოიღეს.

სამწუხაროდ, ეს ძვირად ღირებული პროცედურაა და ჯერ ფართოდ ვერ მოიკიდა ფეხი, თუმცა გარკვეულ შეჯიბრებებში ტარდება.

დამაინც - დავუბრუნდეთ ისევ ზემოხსენებულ კითხვას: რატომ ისჯებიან მაინცდამაინც ქართველი სპორტსმენები? იქნებ ჭორაობა გამოგვდის, მაგრამ უკვე წლებია, ისევ და ისევ კულისებში იმაზეც ლაპარაკობენ, რომ ჩვენებს საერთაშორისო ფედერაციებში გვარიანი ვალები დაუგროვდათ და ამიტომ გადაგვეკიდნენო.

საერთაშორისო ფედერაციების ნაწილი და უპირველესად FILA ქარვასლად რომ გადაიქცა, სადაც ლამის ყველა მედალი წინასწარ იყიდება, ჩვენც არაერთხელ დაგვიწერია. როგორც ამბობენ, იმ გაჭირვების წლებში ამ ვაჭრობაში ჩაბმას ჩვენებიც ცდილობდნენ, მაგრამ მაშინდელი ქრონიკული უფულობის გამო "პოსლეზე" ვაჭრობდნენ, რის გამოც ვალები დაუგროვდათ.

სხვათა შორის, როცა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გოჩა ძასოხოვი იყო, მას ბლომად საჩუქრები (ფულზე ვერაფერს გეტყვით - ლაპარაკია მხოლოდ ნივთებზე) ჩაჰქონდა FILA-ში და იმ დროს შედარებით დალაგდა ურთიერთობა ლოზანასთან.

თუმცა შევეშვათ ვარაუდებს და ყველაზე ცუდი ფერსელიძის დისკვალიფიკაციაა. ბოლო წლებში მან მოირჩინა გულთან დაკავშირებული პრობლემები (თურმე მისი დატვირთვა არც შეიძლებოდა, ისე ვარჯიშობდა), ლეიბზე დაბრუნებულმა კი საოცარი პროგრესი გვაჩვენა - ჩინებულად დაამუშავა უკუგდებები და წონაში ერთ-ერთ მრისხანე მეტოქედ იქცა.

ლონდონის ოლიმპიადაზე ბრინჯაოსთვისაც იჭიდავა, მაგრამ წონის თურქ ლიდერ რიზა კაიაალპთან დამარცხდა და მეხუთეზე დარჩა.

ვიმედოვნებდით, გაისად ის კიდევ უფრო მოუმატებდა, მაგრამ დისკვალიფიკაცია თუ არ შეუმცირეს, ეს უთუოდ დაასვამს დაღს მის კარიერას. ფერსელიძე ვერც 23-25 დეკემბერს დაგეგმილ საქართველოს ჩემპიონატში იჭიდავებს, რადგან დისკვალიფიკაცია შიდა შეჯიბრებებზეც ვრცელდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თენგიზ გაჩეჩილაძე ლონდონიდან: სად არის FILA-ს სამართალი...
წაგებულის შემობრუნება - როგორ უნდა მოვემზადოთ შეჯიბრებისთვის
ქართველები ოლიმპიადაზე: მოპოვებული ვერცხლი და წართმეული ბრინჯაო [+VIDEO]
ლონდონი-2012. ლიცენზიანტები: გურამ ფერსელიძე ოლიმპიადას იმედიანად უყურებს
მარიხუანას კვალი - ირაკლი ცირეკიძის დოპინგ-სკანდალის დეტალები
მკითხველის კომენტარები / 3 /
კაცო უსამართლობა რაა რიი ამაშI გაყალბება იყო და სასჯელი შEსაბამისიაა იმაზე კია რ ამბობს ვინმე ცუდიაა რო გამოასწორეთო და ეხა რო აღარაა ... მართლა ყველაპერსს ნუ უკირკიტებტ ვინც დააარღვევს ის უნდა დაისაჯოს რამდენადაც გულდასაცყვეტი არ იკოსს :)
0
საინტერესოა რამდენი წლისაა ეგ კაცი?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული