ქართველი ბერძენ-რომაელები ასტანაში ოპტიმალური შემადგენლობით გამოვლენ

AutoSharing Option
15 ნოემბერს, საღამოს, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ასტანაში გაფრინდა, სადაც 17-18 ნოემბერს სპორტკლუბ "დაულეტის" დარბაზში "ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თასზე" იჭიდავებს.

ამ ტურნირს დაახლოებით 15-წლიანი ისტორია აქვს, რომელიც ფრიად პოპულარულ შეჯიბრებად დააარსეს - უმაღლეს რანგში გადიოდა, თუმცა ორ წელიწადში შეწყდა. ახლა კი ისევ აღადგინეს.

ჩვენები "პრეზიდენტის თასზე" იმთავითვე გამოდიოდნენ, მისი შეწყვეტის პირობებში კი მინსკში გადაინაცვლეს, სადაც ყოველწლიურად იმართება ოლიმპიური ჩემპიონი ოლეგ კარავაევის მემორიალი.

ის გუნდური პრინციპით ტარდება, რასაც პირადთან შედარებით ის უპირატესობა აქვს, რომ მოიგებს თუ წააგებს, სპორტსმენს 4-5 შეხვედრის
გამართვა (გააჩნია, რამდენგუნდიან ქვეჯგუფში მოხვდება) გარანტირებულად უწევს, ანუ საშეჯიბრო პრაქტიკას ყველა ვარიანტში იღებს.

შედეგად, მწვრთნელებსაც მეტი შანსი ეძლევათ შეგირდებზე დასაკვირვებლად. პირადში საქმე სულ სხვაგვარადაა და ასე მყარი გარანტიები არ არსებობს - შეიძლება, კარგადაც იყო მომზადებული, მაგრამ პირველივე წრეში არ გაგიმართლოს, შემთხვევით წააგო და ისე გავარდე, სხვა შანსი არც მოგეცეს.

ამჯერად ვითარება შეიცვალა და იმის მიუხედავად, რომ მინსკში კარავაევიც ამავე რიცხვებში ტარდება, ჩვენებმა მაინც ყაზახეთი არჩიეს.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბეგი დარჩიამ იქ შემდეგი ფალავნები იახლა: რევაზ ლაშხი (60), უჩა შავაძე (66), მანუჩარ ცხადაია, ზურაბ დათუნაშვილი (ორივე - 74), ვლადიმერ გეგეშიძე (84), სოსო ჯაბიძე (96) და სერგო გოგისვანიძე (120).

როგორც ვხედავთ, მწვრთნელმა ლამის ოპტიმალურ შემადგენლობას უხმო - ლიდერებიდან მხოლოდ მძიმე წონაში ვერ გამოდიან დისკვალიფიცირებული გურამ ფერსელიძე და ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი, ტრავმამოშუშებული შოთა გოგისვანიძე. სხვა მხრივ კი, ახალგაზრდა შავაძისა და სერგო გოგისვანიძის გარდა, ყველა ლონდონის ოლიმპიადის მონაწილეა.

შეგახსენებთ, რომ იქ ლაშხი მეორეზე, ცხადაია კი მესამეზე გავიდა. ამით ჩვენი ეროვნული ნაკრები ახალი სეზონისთვისაც იწყებს მზადებას - ოლიმპიადის შემდეგ მისი ლიდერები პირველ შეჯიბრებას ატარებენ.

როგორც ვხედავთ, ცხადაია ამჯერადაც 74-ში გამოდის, ანუ ეს წონა ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას მიიპყრობს. მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიურ ჩემპიონ მანუჩარ კვირკველიასგან ამ წონის ლიდერობა ახალგაზრდა დათუნაშვილმა გადაიბარა, რომელსაც ლონდონში ცუდად არ უჭიდავია, მაგრამ მაინც უმედლოდ დარჩა.

ცხადაია უკვე დიდი ხანია, 74-ში ლამობს გადასვლას და ეჭვიც არავის ეპარება, რომ ახალ ოლიმპიურ ციკლში საბოლოოდ შეიცვლის წონას.

ადრე 74-ში გადაბარგების მცდელობა წარუმატებელი გამოდგა, რადგან კვირკველიასთან ვერაფერს გახდა.

დათუნაშვილს შარშან საქართველოს პირველობის ფინალში დამაჯერებლად კი მოუგო, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ დიდი საჭიდაო პოტენციალის მქონე და სწრაფად მზარდი 21 წლის კონკურენტი მას იოლად რამეს დაუთმობს.

პირიქით - რიო დე ჟანეირომდე დარჩენილ ოთხ წელიწადში დრო 27 წლის ცხადაიას წინააღმდეგ იმუშავებს.

თუმცა ოლიმპიადამდე ევროპისა და მსოფლიოს პირველობებიცაა, ხოლო თავად ხობელი ფალავანი მიჩვეულია სიძნელეებთან ბრძოლას.

ამიტომ გვჯერა, ოლიმპიადამდე მას კიდევ ვიხილავთ მრავალ პირველხარისხოვან ტურნირში, თუმცა ამ ახალ, სავარაუდოდ, მწვავე პაექრობაში ასტანური "პრეზიდენტის თასი" პირველი დაპირისპირებაა, რაც მის მნიშვნელობას აორმაგებს.

წინასწარი მონაცემებით, "პრეზიდენტის თასზე", ჩვენს გარდა, რუსეთის, ბელორუსის, ინდოეთის, ირანის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის ნაკრები გამოვა - სულ 13 გუნდი 11 ქვეყნიდან.

3 გუნდით იქნებიან თავად ყაზახები, თუმცა კი შესუსტებული შემადგენლობით - ოლიმპიადაზე ნაჭიდავები გუნდიდან მხოლოდ მსოფლიოს შარშანდელი ვერცხლის და შარშანწინდელი ბრინჯაოსმედალოსანი, ლონდონში ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დამარცხებული ალმატ კებისპაევი (60) იქნება; სხვები კი, ყაზახეთის ჭიდაობის ფედერაციის საიტის ცნობით, ტრავმების გამო ვერ იასპარეზებენ.

საიტი სხვებზე მეტ ყურადღებას მსოფლიოს შარშანდელ მესამე პრიზიორ მურმახან ტინალიევს (96) უთმობს, რომელმაც ოლიმპიადაზე მძიმე წონაში იჭიდავა და გვაუწყებს, რომ ის ბოლომდე ვერ გამოჯანმრთელდა.

ასტანაში არც ლონდონში ყაზახთა ერთადერთი ბერძენ-რომაელი მედალოსანი, ბრინჯაოს მფლობელი და ჩვენთვის აგრერიგად ავადსახსენებელი დანიალ გაჯიევი (84) იასპარეზებს. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ ავარელმა მოუგო ბრინჯაოსთვის შეხვედრა მეტად საეჭვო ვითარებაში გეგეშიძეს, ანუ ამჯერად ჩვენებურს მასთან რევანშის შანსი არ მიეცემა.

სხვა გუნდების შემადგენლობაზე ისაა ცნობილი, რომ რუსთა ღირსებას პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონი, მსოფლიოს მესამე პრიზიორი ნაზირ მანკიევი (60) დაიცავს.

როგორც მონაწილე გუნდების ჩამონათვალში შეამჩნევდით, ასტანაში ბელორუსებიც ჩადიან. საინტერესოა, რომ კარავაევის ტურნირში ყაზახებიც გამოდიან, სადაც ძირითადად ახალგაზრდებით დაკომპლექტებულ მეოთხე ნაკრებს აგზავნიან.

ჭიდაობის ქომაგს ტურნირის პირდაპირ ეთერში ხილვა ყაზახეთის ჭიდაობის ფედერაციის საიტზე - wrestling.kz-ზე შეეძლება. 17-ში 55, 66, 84 და 120-ის ფალავნები იჭიდავებენ, 18-ში კი - დანარჩენები.

ამით ჩვენი ნაკრები წლევანდელი სეზონის უცხოურ ნაწილს დაამთავრებს და მთლიანად გადაერთვება დეკემბრის ბოლოს გასამართი საქართველოს ჩემპიონატისთვის მზადებაზე, სადაც ყველა ლიდერმა უნდა იჭიდავოს. ყოველ შემთხვევაში, წინასწარი მონაცემები ასეთია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული