საქართველოს პირველობა: "არენამ" ამჯერად ბერძენ-რომაელებს უხმო

AutoSharing Option
ამ უქმეებზე სპორტკომპლექს "არენაში" ბერძენ-რომაელები საქართველოს ჩემპიონატს ატარებენ. ეს ტურნირი იქით კვირაში უნდა გამართულიყო, თუმცა რამდენიმე დღით გადმოსწიეს.

როგორც "თავისუფალთა" ანალოგიურ შეჯიბრებაში, აქაც ყველა წამყვანი ფალავანი გამოვა. ნაკრების მთავარ მწვრთნელ ბეგი დარჩიას თქმით, ჩემპიონატს ტრავმების გამო მხოლოდ მძიმეწონოსანი გურამ ფერსელიძე და ვლადიმერ გეგეშიძე (84) გამოტოვებენ.

საბედნიეროდ, ფერსელიძის დისკვალიფიკაციის ამბავი "ჰეფი ენდით" დასრულდა. შეგახსენებთ, რომ მას საერთაშორისო ფედერაციამ 6-თვიანი დისკვალიფიკაცია მისცა, ჩვენი ფედერაცია კი 12 ათასი შვეიცარიული ფრანკით დააჯარიმა.

მიზეზი ორი პასპორტი იყო ანუ, როცა სპორტსმენმა გადაკეთებული პირადობა გამოცვალა და ნამდვილით
დაიწყო ჭიდაობა, მონაცემთა ბაზაში მის სახელზე ორი პასპორტი აღმოჩნდა.

ამის საფუძველზე დაჯარიმება იმთავითვე აბსურდული ჩანდა - ისე გამოვიდა, კაცი სამართლიანობის აღდგენისთვის დაისაჯა.

როგორც დარჩიამ გვითხრა, სათანადო წერილობითი განმარტების შემდეგ პრობლემა ამოიწურა - ფერსელიძეს დისკვალიფიკაცია მოეხსნა, ფედერაციას - ჯარიმა, თუმცა თავად სპორტსმენი დაშავდა და ქვეყნის პირველობას გამოაკლდა.

დარჩიას თქმით, ტრავმა არაა სერიოზული ანუ ხელვაჩაურელ ფალავანს დიდი დრო არ გაუცდება. მთავარი ისაა, რომ ფერსელიძეს მარტში თბილისში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატში ჭიდაობა შეუძლია, ღმერთმა დაიფაროს და ისევ ტრავმა თუ არ შეუშლის ხელს.

რაც შეეხება გეგეშიძეს, მას ფეხის ძველი ტრავმა აწუხებს.

დარჩიას თქმით, ამ დუეტის გარდა საქართველოს ჩემპიონატში უკლებლივ ყველა წამყვანი ფალავანი გამოვა ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ რევაზ ლაშხისა (60) და ბრინჯაოს მედალოსან მანუჩარ ცხადაიას (66) ჩათვლით, ოღონდ ეს უკანასკნელი ამჯერად 74-ში იჭიდავებს.

მას ზედა წონაში გადასვლა აქამდეც სურდა და შინ თუ გარეთ ხშირად უჭიდავია იქ, წლეულს 74-ში ევროპის ვიცე-ჩემპიონიც გახდა, თუმცა ოლიმპიადამდე წონის ოფიციალურად შეცვლა, მიზეზთა გამო, ვერ მოახერხა, ახლა კი საბოლოოდ გადაწყვიტა იქ გადასვლა.

არადა, ჩემპიონატში ამ წონის ბოლოდროინდელი ლიდერი, ლონდონის ოლიმპიადის მონაწილე ზურაბ დათუნაშვილიც გამოდის, მისი და ცხადაიას პაექრობა კი, უდავოდ, საინტერესო იქნება.

შეგახსენებთ, რომ ისინი შარშან საქართველოს პირველობის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ ცხადაიამ ძირითადად გამოცდილების ხარჯზე საკმაოდ დამაჯერებლად მოუგო კონკურენტს.

ვნახოთ, რა მოხდება ამჯერად.

ქვეყნის პირველობაში გამოვა ლონდონის ოლიმპიადის კიდევ ერთი მონაწილე, ევროპის ბრინჯაოს მედალოსანი სოსო ჯაბიძე (96), უკლებლად იქნებიან ახალგაზრდულ ასაკში თავგამოჩენილი ფალავნებიც, მძიმე წონაში კი ისევ ვიხილავთ ქუთაისელი ძმების, 20-წლიანებში მსოფლიოს ჩემპიონ შოთა გოგისვანიძისა და სერგო გოგისვანიძის პაექრობას.

22 დეკემბერს "არენაში" 55, 66, 84 და 120-ის წარმომადგენლები იჭიდავებენ, დანარჩენები კი 23-ში იასპარეზებენ. შეხვედრები 12 საათზე დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული