მინსკი გამოირიცხა, ალუშტა?

AutoSharing Option

როგორც თავისუფალი, ასევე ბერძნულ-რომაული სტილის ნაკრებებმა დაამთავრეს შეკრება სომხეთის მაღალმთიან კურორტ წახკაძორში და თბილისში დაბრუნდნენ. ეს იყო საბაზო შეკრება, რომელიც ძირითადად საერთო ფიზიკურ მომზადებას ეთმობოდა. მართალია, იშვიათად ლეიბზეც ვარჯიშობდნენ, მაგრამ მხოლოდ მსუბუქი დატვირთვით, მთავარი მიზანი კი ფიზიკური კონდიციების ამაღლება იყო. წახკაძორის ყოველმხრივ მოწესრიგებულ ბაზაზე მხოლოდ ჩვენები ვარჯიშობდნენ, თუმცა მათთან ერთად სომხეთის ნაკრების რამდენიმე წევრიც ემზადებოდა. ეს ბაზა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს არსებობდა და ერთ-ერთი მთავარი მოსამზადებელი ცენტრიც იყო. სომხებმა იქაურობა ხელუხლებლად შეინარჩუნეს და დღესაც ისეთი ბაზაა, სადაც სპორტსმენებს ვარჯიშისთვის

ყველანაირი პირობებს უქმნიან. ამიტომ არცაა გასაკვირი, ორივე ნაკრების თავკაცები - ზაზა თურმანიძეც და ბეგი დარჩიაც ძალზე კმაყოფილები რომ არიან.

წახკაძორით ნაკრებებმა მსოფლიოს პირველობისთვის მიზანმიმართული მზადება დაიწყეს. დარჩენილი პერიოდი ორ შეკრებას და თითო ტურნირს მოიცავს, თუმცა არაა გამორიცხული, ზოგ-ზოგიერთები დამატებით კიდევ ერთ შეჯიბრებაში გამოიყვანონ.

ჩვენი გუნდებისთვის უახლოესი მოსამზადებელი ღონისძიება 16-18 ივლისს ბაქოში გასამართი `ოქროს დიდი პრიზის~ ფინალური ტურნირია. იქ 16-ში ~თავისუფლები~ ჭიდაობენ, 17-ში - ქალები, ბოლო დღე კი ბერძენ-რომაელებს დაეთმობათ. ასეთი კალენდარის გამო `თავისუფლები~ ბაქოში ბერძენ-რომაელებზე ორი დღით ადრე გაემგზავრებიან. მოგეხსენებათ, აქ მონაწილეობა ლიმიტირებულია - სპორტსმენმა საკვალიფიკაციო ტურნირებში უნდა მოიპოვოს ეს უფლება, ქვეყანას კი თითო წონაში სამი კვოტა ეძლევა. თან, ლიმიტის დაცვა სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში სოლიდური ფულადი ჯარიმაა დაწესებული. არადა, მონაწილეობაზეც საკმაოდ დიდი გადასახადია - კაცზე 100 დოლარი და მეტი (გააჩნია სპორტსმენთა რაოდენობას). რაფაელ მარტინეტიმ ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია რომ წარმატებულ ქარვასლად აქცია, არაერთხელ გვითქვამს და ეს ტურნირიც ამის დასტურია. ბუნებრივია, ნებისმიერი ფედერაცია შეჯიბრებების მომრავლებას უნდა ესწრაფოდეს.

გასაგებია მარტინეტის სურვილიც, რომ `ოქროს დიდი პრიზი~ გავლენიან და წონად შეჯიბრებად აქციოს, მაგრამ საეჭვო არავისთვისაა, რომ ამხელა გადასახადი კომერციულ მიზნებს ემსახურება და ძალზე მძიმე ტვირთად აწვება ჩვენნაირ უფულო ფედერაციებს. ქართველები იქ ორივე ნაკრებში დაახლოებით 40-კაციანი გუნდით გამოვლენ და, ცხადია, საკმაოდ დიდი გადასახადი გამოგვდის. ალბათ, ამ გადასახადის გამოა საერთაშორისო ფედერაცია ასეთ დათმობაზეც რომ მიდის - თუ რომელიმე ნაკრებს უკვე ლიცენზირებული მოჭიდავე დაუშავდა, მისი შეცვლის უფლებას აძლევს, მაგრამ არამც და არამც არ უზღუდავს კვოტას.

`თავისუფალთაგან~ ბაქოში ჭიდაობის უფლება ამ ფალავნებმა მოიპოვეს: ბესარიონ გოჩაშვილი, ლაშა ლომთაძე, ამირან ელბაქიძე (55), მალხაზ ქურდიანი, მალხაზ ზარქუა, გიორგი ბალიაშვილი (60), შალვა მუზიაშვილი, პაატა ნოზაძე, გოგა ხუჭუა (66), გელა საღირაშვილი, ოთარ ურატაძე, მარადი ზოიძე (74), დავით მარსაგიშვილი, არჩილ ქიტიაშვილი, თორნიკე სვანიძე (84), გიორგი გოგშელიძე, ბელდუხ გავაშელიშვილი, დაჩი ქერაშვილი (96), ლევან ბერიანიძე, დავით მოძმანაშვილი, კობა კერესელიძე (120), ბერძენ-რომაელთა ტურნირში კი ლაშა გოგიტაძე, ზურაბ კეკელიძე, მინდია წულუკიძე (55), რევაზ ლაშხი, გოგა გოგიბერაშვილი (60), ანტონ მამაგეიშვილი, მუხრან მაჭუტაძე, საჩინო დავითაია (66), გიორგი ცირეკიძე, გენადი გოგიშვილი, შმაგი გულიაშვილი (74), ვლადიმერ გეგეშიძე, აკაკი ჯოხაძე (84), ვასილ იმერლიშვილი, იოსებ ჯაბიძე, სერგო ნინუა (96), ოთარ ბოლქვაძე, გურამ ფერსელიძე, სერგო გოგისვანიძე (120) იჭიდავებენ. თუმცა ახლავეა ცნობილი, რომ ამ სიებში რამდენიმე მონაწილე შეიცვლება. ამის მიზეზი ორია - ტრავმები და ახალგაზრდული ნაკრების ინტერესები. ახალგაზრდებმა ახლახან მოილიეს ევროპის ჩემპიონატი (ბერძენ-რომაელები სულაც დღეს ბრუნდებიან ბულგარეთიდან, სადაც ეს ტურნირი გაიმართა), მაგრამ მსოფლიოს საჭიდაო სამყაროში გამეფებული უთავბოლობის გამო რამდენიმე დღეში - 20-25 ივლისს ბუდაპეშტში უკვე მსოფლიოს პირველობა ელით.

ამიტომ იქ წასასვლელი ხალხი ბაქოში ვერ იჭიდავებს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ჯერ ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელებსაც არ გადაუწყვეტიათ, ვინ წაიყვანონ უნგრეთში. თუმცა ცხადია, ამ შემთხვევაში პირველ ადგილზე მათი ინტერესები დადგება და ამას არც ეროვნულის თავკაცები ეწინააღმდეგებიან. ასე, მაგალითად: ბეგი დარჩიამ მინდია წულუკიძის შემცვლელად უკვე დაასახელა გიორგი გვენეტაძე, მაგრამ მას შემდეგ, რაც წულუკიძემ ევროპის ჩემპიონატი წააგო - მეხუთეზე გავიდა, იქნებ, ეს გეგმებიც არიოს. თუმცა ახალგაზრდულის თავკაც ვლადიმერ ადეიშვილს ამ წონაში ევროპის შარშანდელ ჩემპიონზე უკეთესი არც ჰყავს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მაინც მან უნდა თქვას.

დარჩიამ ასევე ადრე განაცხადა, რომ დავითაიას ევროპის შარშანდელი პრიზიორი და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი მანუჩარ ცხადაია შეცვლიდა. დავითაიამ ევროპაზე ვერცხლი კი მოიპოვა, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს ცვლილება მაინც ძალაში დარჩება. არ ვიცი, წაიყვანს თუ არა მას ადეიშვილი მსოფლიოზე, მაგრამ, ალბათ, ორივე მწვრთნელი და ფედერაციაც ყველაფერზე მაღლა ცხადაიას ინტერესს დააყენებენ - ტრავმის გამო მას ისედაც ბევრი გაუცდა და საშეჯიბრო პრაქტიკა აკლია, ბაქოში კი ამ დეფიციტის აღმოფხვრის შანსი ეძლევა. ის მსოფლიოს პირველობისთვის ემზადება და გასაგებია, რომ ყველანაირად დაეხმარებიან.

კიდევ უფრო გაურკვეველი მდგომარეობაა `თავისუფალთა~ ნაკრებში. უპირველესად, მარსაგიშვილის ირგვლივ. როგორც ირკვევა, ახალგაზრდულის თავკაცი ნუგზარ სხირელი მისი თბილისის ტურნირზე ჭიდაობის წინააღმდეგიც ყოფილა და ევროპირველობაზე განცდილ მარცხს ამით ხსნის. ის შეგირდის ბაქოში ჭიდაობასაც სასტიკად ეწინააღდეგება და თურმანიძეც მის შემცვლელად ბექა ჭელიძეს ასახელებს. გაურკვეველია ბერიანიძის საკითხიც - სხირელს ჯერ არ გადაუწყვეტია, მსოფლიოზე ის წაიყვანოს თუ მისი კონკურენტი გიორგი საკანდელიძე, რომელიც ახლახან ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი გახდა. ôსხირელის თქმით, ის შეგირდებს შეკრებაზე დააკვირდება და გადაწყვეტილებასაც ამის შემდეგ მიიღებს, მანამდე კი ორივე შეგირდის თავისთან ყოფნა სურს და ბერიანიძის ბაქოში წასვლასაც ამიტომ ეწინააღმდეგება.

ამ პრობლემების გარდა, არის ტრავმებით გამოწვეული ცვლილებებიც. მაგალითად, ბერძენ-რომაელი გულიაშვილი აპენდიციტის უმძიმესი ოპერაციების შემდეგ ვარჯიშს ჯერაც არ შესდგომია და მის ნაცვლად ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია იჭიდავებს. მსოფლიოს შარშანდელი პირველობის შემდეგ ტურნირებისგან ისიც ისვენებს და საშეჯიბრო პრაქტიკა აკლია, ახლა კი მსოფლიოს წლევანდელი პირველობისთვის ემზადება, რომელსაც 6-12 სექტემბერს მოსკოვი უმასპინძლებს.

არაა გამორიცხული, ბაქოს ტურნირამდე გუნდებში კიდევ მოხდეს გარკვეული ცვლილებები, აი, ამ შეჯიბრების შემდეგ კი გაირკვევა, ვის ექნება სატურნირო პრაქტიკის დეფიციტი და ვის დასჭირდება დამატებით შეჯიბრებაზე ჭიდაობა. ბერძენ-რომაელებს ასეთად პოლონეთის ტურნირი აქვთ შეგულებული. სავარაუდოდ - `თავისუფლებსაც~, თუმცა ესენი თავიდან ესპანეთზეც ლაპარაკობდნენ. საერთოდ, მსოფლიოს პირველობისთვის მზადების გამო, ივლისი და განსაკუთრებით - აგვისტო საერთაშორისო ტურნირებით ღარიბია. თუმცა, სადაც უნდა წავიდნენ ჩვენები, ერთი რამ ცხადია - იქ მხოლოდ რამდენიმე ფალავანი წავა და არა სრული გუნდები.

ბაქოს შემდეგ ნაკრებები ისევ შეკრებებით გააგრძელებენ მსოფლიოს პირველობისთვის მზადებას, ოღონდ აქ მათი გზები, შესაძლოა, გაიყოს - `თავისუფლები~ ნამდვილად დუსშეთში, ახალგახსნილ ოლიმპიურ ბაზაზე გაივლიან ამ შეკრებას, ბერძენ-რომაელებს კი უცხოეთში სურთ ერთობლივ ვარჯიშებზე წასვლა. მათ ამის გაკეთება მინსკში, `სტაიკების~ ოლიმპიურ ბაზაზე სურდათ, მასპინძლებთან შეთანხმებულნიც იყვნენ, მაგრამ მოულოდნელად თავად ალექსანდრ მედვედის შეგირდებმა შეცვალეს გეგმა და სახლის ნაცვლად უკრაინულ ალუშტაში ამჯობინეს წასვლა. მათ ჩვენებს შესთავაზეს, ესენიც იქ წასულიყვნენ. წინასწარი მონაცემებით, სომხებიც იქ ჩადიან, იქნებიან უკრაინელებიც. ერთი-ორი გუნდიც და ძალიან ძლიერი ერთობლივი შეკრება გამოვა, მაგრამ ჩვენებს წასვლა ჯერ არ გადაუწყვეტიათ. ეს საკითხი უახლოეს დღეებში გაირკვევა. მესამე, დასკვნით შეკრებას კი ორივე გუნდი ისევ დუშეთში გაივლის.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული