სოკ-ი ჭიდაობის შენარჩუნებაზე ალაპარაკდა - რას მოგვიტანს 7 მარტი

AutoSharing Option
ფოტოზე: ნენად ლალოვიჩი (მარცხნივ) და მიხეილ მამიაშვილი

დარჩება თუ არა ჭიდაობა ოლიმპიადის პროგრამაში? 12 თებერვლიდან მოყოლებული, როცა სოკ-ის აღმასკომმა 2020 წლის თამაშების პროგრამიდან სპორტის ამ სახეობის შესაძლო ამოღებაზე მიიღო გადაწყვეტილება, ეს კითხვა აქტუალურობას არ კარგავს.

პირველი დღეებიდანვე "ფეისბუქის" მეშვეობით დაიწყო მოძრაობა "გადავარჩინოთ ჭიდაობა" და იმხელა ხმაური ატყდა, ჭიდაობის მხარდასაჭერად თავისი აზრი აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამაც კი გამოხატა.

მოჭიდავეებმა თეირანში მიმდინარე მსოფლიოს თასზე საპროტესტო ბანერიც კი გამოფინეს, ხოლო მართლაც ლეგენდარული ფალავანი, ბულგარეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, ატლანტის ოლიმპიადის გამარჯვებული, ევროპისა და მსოფლიოს
7-7-გზის ჩემპიონი ვალენტინ იორდანოვი ყველაზე შორს წავიდა და სოკ-ს ოქროს მედალი დაუბრუნა.

მას მიმდევარიც მალევე გამოუჩნდა - სიდნეის ოლიმპიადის დაღესტნელმა გამარჯვებულმა საგიდ მურთაზალიევმა განაცხადა, ჭიდაობას თუ მართლაც ამოიღებენ თამაშების პროგრამიდან, მეც ჩავაბარებ ჩემს წილ ოქროსო. ოღონდ იორდანოვისგან განსხვავებით, ის ამისთვის რუსეთში და მეზობელ ბელორუსში გააკრიტიკეს.

მაგალითად, სამ-სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონებმა - ალექსანდრ კარელინმა და ალექსანდრ მედვედმა განაცხადეს, რომ არ აპირებენ თავიანთი ჯილდოების ჩაბარებას. მედვედმა ეს მედლები ქვეყნის კულტურულ მონაპოვრად მიიჩნია და დასძინა, ისინი უკვე მე არ მეკუთვნის და მუზეუმს გადავეციო.

კაცმა რომ თქვას, მურთაზალიევს ის ჯილდო იმ მიზეზით რომ დაებრუნებინა, მე კი არა, ლუკა კურტანიძეს ეკუთვნისო, კიდევ გასაგები იქნებოდა, რადგან ყველას კარგად გვახსოვს - ავსტრალიაში ნახევარფინალში ჩვენებურს სკეტჩი თუ ქუჩური ჩხუბი უფრო მოუგო, ვიდრე - ჭიდაობა...

ამ დღეებში ბულგარელმა ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა არმენ ნაზარიანმაც განაცხადა, რომ იწყებს ბრძოლას ჭიდაობის ოლიმპიურ ოჯახში შესანარჩუნებლად.

4 მარტს თემას ამერიკელი სენატორი ოჰაიოს შტატიდან შეროდ ბრაუნიც გამოეხმაურა, რომელმაც თამაშების პროგრამიდან სპორტის ამ უძველესი სახეობის ამოღების შეუსაბამობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ამერიკისთვის მესამე ყველაზე წარმატებული სახეობაა ზაფხულის ოლიმპიადებზე, ხოლო ოჰაიოს შტატის სკოლებსა და 17 უნივერსიტეტში 11 000 მოზარდი და ახალგაზრდა ეუფლება ჭიდაობას...

შესაძლოა, 7 მარტი ამ გაჭიმული სკანდალის მოგვარების გზაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, რადგან ერთმანეთს სოკ-ის პრეზიდენტი ჟაკ როგი და ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნენად ლალოვიჩი ხვდებიან.

"მინდა, მადლობა გითხრათ თქვენი წერილისთვის, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიპყრო. მოუთმენლად ველოდები 7 მარტის შეხვედრას, სადაც განვიხილავთ FILA-ს გაწეულ სამუშაოსაც და იმ ნაბიჯებსაც, თუ როგორ შევინარჩუნოთ ჭიდაობა 2020 წლის ოლიმპიადის პროგრამაში",
- ასე გამოეხმაურა როგი ლალოვიჩის ინიციატივას.

ამ შეხვედრას წინ კიდევ ერთი აუდიენცია უძღვოდა - 1 მარტს ფრანკფურტში ლალოვიჩი სოკ-ის ვიცე-პრეზიდენტ ტომას ბახს ეწვია, რომელიც, პარალელურად, გერმანიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელიცაა. ლალოვიჩმა მასპინძელს ის სამუშაოები გააცნო, რასაც FILA შექმნილი კრიზისიდან გამოსასვლელად ატარებს.

ბახი მიესალმა FILA-ს ახალი ხელისუფლების ამ მცდელობებს, რომელიც, მისი სიტყვებით, ემსახურება ვითარებიდან ღირსეულად გამოსვლას, რათა მსოფლიოში კვლავ აღზარდოს ჯანმრთელი თაობა და თან ოლიმპიური იდეალების ერთგულიც დარჩეს.

სადღეისოდ სამუშაო ჯგუფი მართლაც აქტიურად თანამშრომლობს სოკ-ის აღმასკომის წევრებთან, რათა სანკტ-პეტერბურგში გასამართ FILA-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ღირსეულად წარსდგეს.

ლალოვიჩის მეორე ფრონტი
წერილი, რომელსაც სოკ-ის მესაჭე ჟაკ როგი ზემოხსენებულ ციტატაში ახსენებს, FILA-ს სერბმა მმართველმა ლალოვიჩმა 25 თებერვალს გაუგზავნა ევროპის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტ პატრიკ ჰიკის.

საქმე ეხება 2015 წელს ბაქოში გასამართ თამაშებში ჭიდაობის მონაწილეობას, რაც ბოლო დღეებში მხარეებს შორის ასევე პინგ-პონგის თემა გახდა. ადრე FILA-მ დაადასტურა ამ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა, თუმცა მერე რატომღაც იუარა.

აზერბაიჯანის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა აჯდად ჯაფაროვმაც განაცხადა, რომ FILA-მ მონაწილეობაზე თანხმობა ჯერ კიდევ 2012 წელს განაცხადა, მაგრამ ფაქტია - ეს საკითხი კვლავაც გაურკვეველია. ერთ-ერთ ინტერვიუში ჰიკმა თქვა, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად სამჯერ სცადა FILA-ს ხელმძღვანელობასთან შეხვედრა, მაგრამ უშედეგოდ!

"ბაქოში გასამართავი ევროთამაშები ჭიდაობის გარეშე ვერ წარმომიდგენია. არასწორია, თითქოს ჩვენ არ გვინდა მასში მონაწილეობა. უარის თქმის გადაწყვეტილება FILA-ს ყოფილმა პრეზიდენტმა რაფაელ მარტინეტიმ მიიღო, რომელმაც უკვე დატოვა ეს პოსტი", - აღნიშნა ლალოვიჩმა ჯერ კიდევ ზემოაღნიშნულ წერილამდე, ხოლო იმ მიმოწერით, პრაქტიკულად, სათანამშრომლოდ ხელი გაუწოდა ჰიკს.

უარი არც მას უთქვამს, თუმცა შანსი არ გაუშვა და კიდევ ერთხელ მწარედ გააკრიტიკა მარტინეტის ადმინისტრაცია ამ თემის იგნორირებისთვის.

მაშ ასე, დაველოდოთ 7 მარტს, როცა, შესაძლოა, ბევრი რამ გადაწყდეს. ყოველ შემთხვევაში, ოლიმპიური მოძრაობის მაღალჩინოსნებს პრობლემის მოგვარების სურვილი დაეტყოთ და კატეგორიული ტონით აღარ ლაპარაკობენ.

თუმცა ყველაფერი ისევ მოჭიდავეებზეა დამოკიდებული - შეძლებენ თუ არა ისინი სამართლიანი რეფორმების გატარებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ნუგზარ სხირელი: "ფილას" უსამართლობას ყოველთვის ვაპროტესტებდი
ლუკა კურტანიძე: მარტინეტი არაოფიციალურ გადასახადს გვთხოვდა
საჭიდაო სამყარომ აქცენტი უფრო სუფთა რეპუტაციის ადამიანზე უნდა გააკეთოს
რას ეწირება ჭიდაობა? FILA ოლიმპიური მოძრაობის სირცხვილად იქცა!
საქართველო ზარალდება - 2020 წლის ოლიმპიადაზე ჭიდაობა, ალბათ, არ იქნება!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული