ნუგზარ სხირელი: "ფილას" უსამართლობას ყოველთვის ვაპროტესტებდი

AutoSharing Option
ჭიდაობის ცნობილი სპეციალისტი ნუგზარ სხირელი დიდი ხანია, კარგადაა ჩახედული მსოფლიოს საჭიდაო სამყაროში მიმდინარე პროცესებში.

ცოტა ხნის წინათ სოკ-ის მიერ გაცხადებული ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა ჭიდაობა ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან ამოიღონ, დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩვენს ქვეყანაშიც.

სოკ-მა საჭიდაო სამყარო ადრეც გააფრთხილა, რომ ფილაში მოუწესრიგებელი ვითარების გამო რადიკალურ გადაწყვეტილებებსაც არ მოერიდებოდა. ჰოდა, ამ ნაბიჯის საპასუხოდ საჭიდაო სამყარომ ფილას პრეზიდენტი რაფაელ მარტინეტი თანამდებობიდან გადააყენა.

ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ამ სახეობაში მიმდინარე არაჯანსაღი პროცესების თავი და თავი სწორედ ის იყო. ნუგზარ სხირელს კი მასთან ბრძოლის
დიდი "გამოცდილება" აქვს.

ბოლოს მარტინეტის წინააღმდეგ გადამჭრელი ღონისძიებების საჭიროებაზე იგი ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ "ლელოსთვის" მიცემულ ინტერვიუშიც საუბრობდა.

ბატონ ნუგზართან ინტერვიუ სწორედ ამ თემით დავიწყეთ, შემდგომ კი, ცხადია, ვერც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მისი ჩამოცილების ფაქტს ავუარეთ გვერდი.

აქვე შეგახსენებთ, რომ სხირელი ამ ასაკობრივ ნაკრებს 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და უამრავი წარმატება მოუტანა ქვეყანას.

- ბატონო ნუგზარ, ოლიმპიადის შემდეგ "ლელოსთან" ინტერვიუში ამბობდით: "იმის გამო, რომ ზღვარგადასულ არაობიექტურობაზე ყოველთვის ხმამაღლა ვრეაგირებ, ჩემს დანახვაზეც კი ღიზიანდებიან მარტინეტი და მისი დამქაშები. ლონდონშიც, ტრანსლაციისასაც დაინახავდით, რომ ჩემს შეგირდებს სეკუნდანტის ადგილზე გამოკვეთილადაც არ ვუჯდებოდი, პერიოდებს შორის შესვენებისას კი არენაზე არ ავდიოდი და ქვემოდან ვაძლევდი მითითებებს, რათა ჩემი თუნდაც ასეთი აქტიურობით ფილას მაღალჩინოსნები არ გაღიზიანებულიყვნენ და მერე ჩვენს ფალავნებს არ შეჰქმნოდათ პრობლემა. არადა, მეტის მოთმენა აღარ შეიძლება. მათთან ბრძოლაა საჭირო! უბრალოდ, თავის თავზე არც ერთი ქვეყნის ფედერაცია არ იღებს ამ უსამართლობის წინააღმდეგ შეტევას. ამ გზით მათი მოცილება თუ არა, შეჩერება მაინც მოხერხდება! რამდენჯერ უნდა დავიჩაგროთ?! "

- მე ვერასოდეს ვითმენდი ფილას უსამართლობას. სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებების ხელმძღვანელებსაც ოფიციალური შეჯიბრებებისას ვთხოვდი მხარდაჭერას.

პროტესტს, ძირითადად, ჩვენ და ირანელები გამოვთქვამდით. აპროტესტებდა თურქეთიც, მაგრამ ფილას ზემდგომ სტრუქტურებში ჰყავდათ ხალხი და იცოდნენ, ჩვენგან განსხვავებით, მათ არავინ დასჯიდა.

მე მუდამ ხმამაღლა გამოვხატავდი სათქმელს და მართლაც არ ვეპიტნავებოდი მარტინეტს (მე მგონი, მას ქართველები არ მოსდის თვალში, რადგან თავის დროზე გურამ საღარაძეს შვიდ წამში ჰყავს დამარცხებული და ის სირცხვილი დღესაც ახსოვს).

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მისი წინამორბედი, მაკედონიელი მილან ერცეგანი ხელმძღვანელობდა ფილას (1971 - 2002 წწ), მარტინეტი უკვე საკვანძო თანამდებობაზე მუშაობდა და ფაქტობრივად, თავად განაგებდა ორგანიზაციას.

რომ არა მისი გათავისუფლება პოსტიდან, მოარული ხმებით, უფრო დიდი პარადოქსი მომავალში გველოდა, რადგან საუბრობდნენ, რომ მარტინეტი თავისი შვილისთვის აპირებდა პრეზიდენტის სავარძლის დატოვებას! მისი მმართველობით ძალიან უკმაყოფილონი იყვნენ დასავლეთ ევროპის ქვეყნებიც.

პირადი საუბრისას ფრანგმა მწვრთნელმა ისიც მითხრა, საფრანგეთში გამართულ შეჯიბრებებზე მარტინეტს ვერსად ნახავთ, რადგან ჩვენ ავუკრძალეთ საფრანგეთში ჩამოსვლაო. ასე იყო იტალიაშიც.

და მართლაც, თუ დააკვირდებოდით, აღმოსავლეთ ევროპაში გაცილებით ხშირად იმართებოდა მნიშვნელოვანი ტურნირები.

ახლაც გული მტკივა ოლიმპიადის ფინალში ლადო ხინჩეგაშვილის შეხვედრის გამო. კულუარული ინფორმაციით უკვე ვიცოდით, რომ მეტოქის ბანაკს მსაჯებთან ჰქონდა "ნამუშევარი" და ლადოს უდიდესი წინააღმდეგობა შეხვდებოდა არბიტრებისგან.

მას, ფაქტობრივად, რამდენიმე თავით უნდა ეჯობნა მეტოქისთვის, რაც ოლიმპიადის ფინალში გასულ ნებისმიერ სპორტსმენთან, მით უფრო, ოთარსულთანოვთან, უკიდურესად ძნელი იყო.

- თუმცა ფილაში მხოლოდ მარტინეტი ხომ არ იყო?..
- რასაკვირველია, მხოლოდ მარტინეტისთვის ყველაფრის გადაბრალება არ იქნება მართებული. მე არაერთხელ აღმინიშნავს ჩემი და ფილას დელეგატის, იანჩო კოსტადინოვის კონფლიქტური ურთიერთობის შესახებ.

ამ ადამიანის მიკერძოებულ და მაქინატორულ დამოკიდებულებას ვერასოდეს ვეგუებოდი. ხშირად შელაპარაკებაც მოგვსვლია. ერთხელ პირდაპირ ისიც კი მითხრა, - აბა, როგორ გინდა, ბულგარელთან ქართველს მოვაგებინოო? (იგი ბულგარელია).

წარმოგიდგენიათ ასეთი ადამიანის ობიექტურობა? ცხადია, ის მხოლოდ თანამემამულეთა სასარგებლოდ არ იბრძვის არაკანონიერი გზით.

- ამ თვალსაზრისით, თქვენ გაცილებით კეთილგანწყობილი იყავით ევროპის ფედერაციის პრეზიდენტის მიმართ.
- დიახ, ევროპის ფედერაციის ხელმძღვანელ ცენო ცენოვის შედარება კორუფციისა და კლანური მმართველობისადმი მიდრეკილებით ცნობილ მარტინეტისთან არ შეიძლება.

სადავო სიტუაციაში ცენოვისგან მხარდაჭერაც არაერთხელ მიგრძვნია, რაც მნიშვნელოვანი იყო.

ცენოვს საკუთარი პოზიცია გააჩნია, რაც ჭიდაობის კომერციულად ბევრად მომგებიან სახეობად გარდაქმნას ისახავს მიზნად. ბუნებრივია, ეს კარგია, მაგრამ ვშიშობ, ამ მიმართულებით მკვეთრ ნაბიჯებს სხვა, გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები არ შეეწიროს.

- თქვენი პრეტენზიები, ძირითადად, არაობიექტურ მსაჯობას უკავშირდებოდა?
- საერთოდ, მსაჯების უმრავლესობა ისე "ჭრის და კერავს" შეხვედრებს, როგორც მოესურვება. წესები მათ მანიპულირების კარგ საშუალებას აძლევს.

აქვე მინდა ვთქვა წესებში ცვლილებების შეტანის თაობაზე, ქართველი მწვრთნელების სრულყოფილად ინფორმირების ხარვეზზედაც. სულ პრობლემა იყო შეცვლილი წესების ქართული თარგმანის ჩვენი მწვრთნელებისთვის მიწოდება, რის გამოც ხშირად უხერხულ მდგომარეობაში ვვარდებოდით.

- ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან ჭიდაობის ამოღების შესაძლებლობაზე რას იტყვით?
- იმედი მაქვს, რომ არ მიიღებენ ასეთ გადაწყვეტილებას. წინააღმდეგი წავა ამერიკა, იაპონია, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, თურქეთი, ირანი. ამ ქვეყნებში საკმაოდ დიდი თანხა იხარჯება ჭიდაობაში.

საშიშროებაზე ორი ოლიმპიადის წინაც იყო საუბარი. მაშინ ამერიკელებმა ატეხეს განგაში.

მოგეხსენებათ, თავისუფალი ჭიდაობა ამერიკული სახეობაა და ისინი, პირველ ყოვლისა, პროგრამაში მის დატოვებას ლობირებდნენ. იმ პერიოდში ბერძნულ-რომაული ჭიდაობის პოზიციები უფრო სუსტი ჩანდა.

მიმაჩნია, რომ ანტიკური ჭიდაობის გაწირვაც დაუშვებელია და საერთოდაც, ოლიმპიური თამაშების ფუძემდებელი ბერძნების აზრს ყოველთვის უპირატესობა უნდა ენიჭებოდეს ასეთი გადაწყვეტილებების მიღებისას.

- ბატონო ნუგზარ, ახალგაზრდული ნაკრებიდან ჩამოცილების შემდეგ მხოლოდ გორის დარბაზში განაგრძობთ მუშაობას?
- ჩემი გათავისუფლება ძალიან მოულოდნელი იყო. ვერ წარმომედგინა, რომ მწვრთნელს, რომელსაც თავისი პირადი შეგირდებით და ნაკრებში მუშაობით სისტემატურად მოაქვს ქვეყნისთვის მედლები უმნიშვნელოვანესი ოფიციალური შეჯიბრებებიდან, მხოლოდ იმის გამო გაათავისუფლებდნენ, რომ ის დიდი ხანია მუშაობს.

როგორც ჩანს, დიდების ნაკრებში მწვრთნელების გათავისუფლებას მეც მიმაყოლეს, მაგრამ ამდენი ხნის წარმატებული მუშაობის მერე ერთი ნორმალური მადლობა მაინც არ მეკუთვნოდა?

გაიხსენეთ ბოლო ოლიმპიადის შედეგები, სადაც ჩემმა პირადმა მოსწავლეებმა ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. საოლიმპიადე გუნდის ნახევარი სულაც ახალგაზრდულ ნაკრებში ჩემი ხელმძღვანელობით ახლახან დაფრთიანებული მოჭიდავეებისაგან შედგებოდა.

აღარაფერს ვამბობ ადრინდელ წარმატებებზე უფროსებსა თუ ასაკობრივ ნაკრებებში. სხვათა შორის, ბევრს ისიც არ ეცოდინება, რომ 2006 წლამდე ნაკრების მწვრთნელს ხელფასიც არ მქონია.

მიუხედავად ყველაფრისა, მე მინდა ყველას წარმატებები ვუსურვო. მართალია, ფედერაციის პრეზიდიუმს არ დაუმტკიცებია პრეზიდენტის გადაწყვეტილება ჩემს გათავისუფლებაზე, მაგრამ მე უკან მიბრუნებას არ ვაპირებ.

ქართველ ფალავნებს მხოლოდ ახალ მიღწევებს ვუსურვებ და მადლობას ვუხდი ყველას, ვისთან ერთადაც აქამდე ჩვენი ქვეყნისთვის გამარჯვებებს ვიმკიდით! მე ჯერაც ვრჩები გორის დარბაზში, საიდანაც ჩემი შეგირდები: ლადო ხინჩეგაშვილი, გენო პეტრიაშვილი და რამდენიმე სხვა კიდევ არაერთ გამარჯვებას მოუტანენ საქართველოს!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული