24 მარტს ევროპირველობაზე სამი ქართველი "ბერძენ-რომაელი" იჭიდავებს

AutoSharing Option
24 მარტს თბილისის სპორტის სასახლეში ევროპის ჩემპიონატზე სამ წონით კატეგორიაში საუკეთესოები გამოვლინდებიან.

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მედლების კიდევ სამი კომპლექტი გათამაშდება - ჩემპიონობისთვის 66, 74 და 84 წონითი კატეგორიის მოჭიდავეები იბრძოლებენ.

საქართველოს ნაკრების სახელით მანუჩარ ცხადაია (66 კგ), ზურაბ დათუნაშვილი (74 კგ) და ვლადიმერ გეგეშიძე (84 კგ) გამოვლენ.

შეგახსენებთ, რომ 23 მარტს თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპირველობაზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მედლების ოთხი კომპლექტი გათამაშდა.

საქართველოს ნაკრებს ერთადერთი მედალი მძიმეწონოსანმა გურამ ფერსელიძემ მოუტანა, ვინც ბრინჯაოს ფინალი ბელარუსის ნაკრების წევრს იოსებ ჩუგოშვილს 1:0,
2:1 მოუგო.

55-კილოგრამში ლაშა გოგიტაძემ პირველი წრე გამოტოვა, მერვედფინალში კი თურქ უჩუნკუსთან 1:1, 1:1, 1:1 დამარცხდა, საწყის პერიოდი ბოლო ქულის პრინციპით გაიმარჯვა, თუმცა ანალოგიური მიზეზით მომდევო ორ პერიოდში დამარცხდა და იმის გამო, რომ მოდევნო დაპირისპირება თურქმა მოჭიდავემაც დათმო ვერც რეპეშაჟში ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა მოახერხა.

უმსუბუქესი წონის გამარჯვებული კი ბელარუსი ელბეკ ტაზიევი გახდა, ვინც აზერბაიჯანელ ელჩინ ალიევს სამ სეტში მოუგო.

60-კილოგრამში ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორმა რევაზ ლაშხმა იჭიდავა და უმედლოდ დარჩა.

პირველი მეტოქე სერბი კრისტიან ფრი 5:1, 4:1 დაამარცხა, მერე კი ხორვატ ტონიმირ სოკოლს აჯობა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც რუს ივან კუილაკოვთან 3:1, 0:1, 0:3 დამარცხდა და რუსის ფინალში გასვლის შემდეგ რეპეშაჟში გადაერთო.

ლაშხმა დამამშვიდებლის პირველივე შეხვედრა სლოვაკ იშტვან ლევაისთან 0:5, 0:3 წააგო და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

აქ ჩემპიონი ბულგარელი ივო სერაფიმოვ ანგელოვი გახდა, ვინც სწორედ ლაშხის მძლეველ კუილაკოვს აჯობა.

96-კილოში სოსო ჯაბიძე უკრაინელ ვლოდიმირ ვასილიევს კი გასცდა, მაგრამ მერვედფინალში სომეხ ევროპის მოქმედ ჩემპიონთან არტურ ალექსანიანთან წააგო და მისი ფინალში გასვლის წყალობით რეპეშაჟის გათამაშებაში ჩაება.

იქ ჯაბიძემ შვედი მეტოქე ჩამოიცილა, თუმცა თურქ ცენკ ილდემთან ვერაფერს გახდა და უმედლოდ დარჩა. წონის გამარჯვებული კი სომეხი არტურ ალექსანიანი გახდა, ვინც ბულგარელ მეტოდიევს დამაჯერებად მოუგო.

www.tbilisichampionship.com

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული