ვლადიმერ გეგეშიძე: მთელი კვირა გონებით ისევ იმ ფინალს ვჭიდაობდი

AutoSharing Option
თბილისში ჩატარებულ ევროპის პირველობაზე ქართველ-ბერძენ-რომაელთაგან ჩემპიონობასთან ყველაზე ახლოს ვლადიმერ გეგეშიძე (84) იდგა, ოქროს მედლამდე მას სულ რაღაც ნახევარი წუთი აშორებდა.

მთავარი იყო, რუსთა ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ალექსეი მიშინთან თავი წარმატებით დაეცვა, მაგრამ მეტოქის გამოცდილებამ აჯობა მის სურვილს.

ეს ოქრო ვერ იქნებოდა იმ დანაკლისის საზღაური, რაც ოლიმპიადაზე მიაყენეს, როცა ჯერ ნახევარფინალში არ ჩანდა მთლად პატიოსანი ბრძოლა რუსთა მომავალ ჩემპიონ ალან ხუგაევთან, მაგრამ ეს კიდევ არაფერია ბრინჯაოსთვის ბრძოლაში მომხდართან შედარებით, როცა მედალი, ფაქტობრივად, კისრიდან ჩამოხსნეს.

თუმცა ჯერ კიდევ მაშინ დამტკიცდა,
რომ გეგეშიძეს ნებისმიერ ტურნირზე შეუძლია უმაღლესი შედეგისთვის ბრძოლა, რაც ევროპირველობამაც დაადასტურა.

სასიხარულოა, რომ ეს ბიჭი ზედიზედ მეორე პირველხარისხოვან შეჯიბრებას შეხვდა ჩინებულ ფორმაში, თუმცა ვგონებ, ახლა ოლიმპიადაზე კიდევ უფრო უკეთ იყო მომზადებული, განსაკუთრებით - ფიზიკურად. წინამდებარე ინტერვიუში მას, ძირითადად, საევროპო შთაბეჭდილებებზე ვესაუბრეთ.

- ალბათ, ბოლომდე კმაყოფილი არ იქნებით შედეგით, თუმცა ევროპული ვერცხლი ნამდვილად არაა ცუდი...
- უკმაყოფილო იმდენად ვარ, რომ შეგიძლია და საკუთარი შეცდომით ვერ აკეთებ მაქსიმუმს, თორემ ორ პერიოდში დამაჯერებლად რომ მოეგო, გული იმდენად არ დამწყდებოდა. ვიფიქრებდი, მაჯობა და ვერაფერს ვიზამდი-მეთქი, მაგრამ ბოლოს ისე წაიყვანა ჭიდაობა, მე შევცდი.

არ მეგონა, იმ მომენტში რამეს თუ გამიკეთებდა. ალექსეი მიშინს პირველად 2010 წელს შევხვდი ბაქოში. თითები მქონდა ნატკენი, მაგრამ მსოფლიოს წინ სტარტისთვის მაინც წამიყვანეს.

მაშინ ორ პერიოდში მომიგო. მას შემდეგ ბევრგან ვეჭიდავე, მაგრამ, თავს არ ვიმართლებ და, ასეთ ფორმაში არასოდეს ყოფილა.

აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ირანელმა სამან ტახმასიბიმ ყველა შეხვედრა მოუგო, მაგრამ ახლა მიშინმა მასაც თავისუფლად აჯობა, ხორვატ ბოზო სტარკევიჩსაც და სხვებსაც.

- თქვენი შეცდომა რაში მდგომარეობდა - იჩქარეთ თუ ზედმეტად თავდაჯერებული იყავით იმ მომენტში?
უფრო ზედმეტი თავდაჯერება იყო, ვერ გამიკეთებს ამას-მეთქი. ჩოქბჯენშიც ამიტომ ჩავდექი, მაგრამ საშუალებაც მივეცი, თავისი ჩანაფიქრი განეხორციელებინა. მან მესამე პერიოდის დასაწყისიდანვე იცოდა, მთელი დრო ძიძგილაობაში გავიდოდა და საქმე ჩოქბჯენამდე მივიდოდა. მისი გამოცდილების კაცმა ისიც სწორად გათვალა, რომ ქვევით ჩავდგებოდი და ზევიდან არ მივიდოდი. მესამე პერიოდში უკვე მხოლოდ იმას ფიქრობდა, როგორ შევეცდინე და დავეტრიალებინე. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია.

- ახლა ხომ არ ნანობთ, რომ ჩოქბჯენში ჩადექით და შეტევა არ აირჩიეთ?
- იქ რა მოხდებოდა, წინასწარ ვერ გეტყვით, მაგრამ მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

ორივე დაღლილები ვიყავით, თან მეორე პერიოდში ვერ დამატრიალა და ვიფიქრე, საქმე ზედმეტად რატომ უნდა გავართულო-მეთქი. ზუსტად ამ შეცდომაზე დამიჭირა - სტარტი მივეცი თავისი ჩანაფიქრის განსახორციელებლად.

- საინტერესოა, ევროპის პირველობამდე რა იგეგმებოდა? თქვენი წონა ხომ ერთ-ერთი უძლიერესი იყო იმ ჩემპიონატზე...
- ჩემპიონობას ვგეგმავდით, რატომაც არა! სამწუხაროდ, ძალიან ცოტა დამაკლდა, თუმცა, იმედია, მომავალში გამოვასწორებთ.

ამ ტურნირისთვის წვრთნა მიდიოდა იდეალურად, რაც გამოჩნდა კიდეც - მედლები ისეთებმა მოვიპოვეთ, რომლებიც უპირველეს ლიდერებად არ მივიჩნეოდით.

ასეთები უფრო მანუჩარ ცხადაია და რევაზ ლაშხი იყვნენ, მაგრამ ახალი ხალხი გამოვჩნდით. თუმცა აღსანიშნავია, რომ ლაშხი და ლაშა გოგიტაძე წესების ცვლილებას შეეწირნენ. წესებში რეფორმები ერთი დღით ადრე შეიტანეს და მხოლოდ წინა დღეს გვითხრეს.

მსაჯებიც ისე იყვნენ დაშინებულნი, ყველაფერზე აფრთხილებდნენ. ლაშხს ეუბნებოდნენ, ხელი არ გათიშო, მაჯა არ დაუკავოო, რაც მისი კოზირია - ამ ძიძგილაობით ღლის მეტოქეს. კიდევ კარგი, მეორე დღეს გამოსწორდა მდგომარეობა, თორემ იქნებ ჩვენთანაც სხვანაირად ყოფილიყო ყველაფერი.

- ფიზიკურად გამორჩეულად კარგად იყავით მომზადებული. ეტყობა, ამაზე საგანგებოდ ვარჯიშობდით...
- კი, დამატებითი ვარჯიშები მქონდა. მწვრთნელებთან ერთად თავი გადავდე საამისოდ. მგონი, გუნდში მატებაა - ოლიმპიადაზეც კარგი დონე იყო, ახლა კიდევ უფრო გაუმჯობესებული, ვარჯიშები გაგრძელდება, ვფიქრობ - მწვრთნელთა ამ ჯგუფთან ერთად და ასე მგონია, მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქრო იქნება.

არ ვიცი, ვინ მოიპოვებს, მაგრამ მგონია, რომ გუნდს ნაღდად ექნება ოქრო.

- ფინალამდე სერიოზული წინააღმდეგობა არ გქონიათ და იგრძნობოდა, რომ ყველაფერი დასახული გეგმით მიდიოდა...
- მანამ მოვლენები მართლაც გეგმის მიხედვით წარიმართა, ისე, როგორც დამიგეგმეს. საერთოდ, მეტოქეებით წილისყრის დღეს არ ვინტერესდები, მხოლოდ მეორე დღეს მეუბნებიან ამას - რაც უნდა სუსტი იყოს, მაინც გეფიქრება და მირჩევნია, დილით მითხრან. მწვრთნელებიც ასე იქცევიან და მეუბნებიან, ვის ვხვდები და ვინაა ჩემს ბადეში.

ამ ჩემპიონატზეც მთავარი მწვრთნელი ბეგი დარჩია და პირადი მწვრთნელი ოთარ ტატიშვილი ყოველი შეხვედრის წინ მიგეგმავდნენ საჭიდაო გეგმას, რაც ფინალამდე კარგად შევასრულე, იქ კი ცოტა დავაკელი.

- საინტერესოა, მაინც რა დავალება მოგცეს მწვრთნელებმა მიშინთან?
- უნდა გამეკეთებინა ჩემი ტრიალი მჭიდრო შეკვრიდან. მეც მეგონა, რომ რაც სხვებთან გამომივიდა, ამასთანაც გავაკეთებდი.

- საინტერესოა მწვრთნელთა პოზიცია... თუნდაც იმ კუთხით, მომავალში რის ხარჯზე უნდა მოუგოთ მიშინს, რომელიც უკვე მადაზე მოვიდა და 34 წლის ასაკში აცხადებს, რომ მზადაა, შემოდგომაზე მეორედ მოიგოს მსოფლიოს პირველობა...
- მიშინი იქნებ ბევრ რამეს ამბობს, მაგრამ ჯერ წავიდეს მსოფლიოზე - რუსეთის ნაკრების მწვრთნელები აცხადებდნენ, მიშინმა რომც მოიგოს ევროპის პირველობა, თუ ოლიმპიურმა ჩემპიონმა ალან ხუგაევმა ისურვა მსოფლიოზე გამოსვლა, იმას დავაყენებთო.

მიშინს თუ შევხვდი, მთავარი ამოცანა იქნება, ჩემი ტრიალი გავუკეთო და არ მივცე სტარტი. მომავალში სხვანაირად მივუდგები მას და დაცვაში უკეთ მოვემზადები - ის მარჯვნიდან ატრიალებს, რასაც სხვანაირი დახვედრა უნდა.

მწვრთნელები ამაზეც მესაუბრნენ. ამ ფინალამდეც კი დამარიგეს, მაგრამ ცოტა არ დავუჯერესავით, რადგან არ მეგონა, თუ გამიკეთებდა.

მომავალში იმასაც გავითვალისწინებ, რომ შეკვრა არ უნდა მივცე - მე ველოდები, აბა, თუ დამატრიალებს-მეთქი, მიშინი კი ხან ჩაიკეტება და ხუთიოდე წამს ამაში იგებს, ხან - ცოცავს და ერთი ხუთს ამით იგებს, მე კი 20 წამი მრჩება შეტევისთვის. მომავალში არც შეკვრას დავანებებ, ცოტა კიდეც უნდა იცოცო, იეშმაკო და ასე. გამოცდილი ხალხი ასე იქცევა.

ამასთან, მსოფლიოს პირველობისთვის ტექნიკურ არსენალს კიდევ უფრო მეტად გავამდიდრებ და სიურპრიზებს შევთავაზებთ, მაგალითად - დგომში.

- თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ამ ტურნირზე მიშინმა ფინალამდე ჩოქბჯენში სამჯერ წარმატებით დაიცვა თავი...
- ფიზიკურად ძალიან ძლიერია და როგორც მახსოვს, ჩოქბჯენში ილეთი არ გაუშვია. კიდევ ვიმეორებ - თავს არ ვიმართლებ მასთან წაგების გამო, მაგრამ უდავოდ მაღალი დონის მოჭიდავეა, ძალიან მგრძნობიარე.

- თქვით, რომ აწონვის დღეს მეტოქის ვინაობით არ ინტერესდებით. დავიჯერო, არ ნერვიულობთ, არ გაინტერესებთ, ვის ხვდებით?
- ინტერესი დიდია, როგორ არა, მაგრამ უკვე მივეჩვიე ამას და არ ვნერვიულობ. აწონვისას ვცდილობ, პირველი ავიწონო და სწრაფად მოვდივარ. სპორტსმენისთვის მთავარია, კარგად დაიძინო და მერე ვინც გინდა, ის შეგხვდეს.

მწვრთნელებმაც იციან ეს და არ მეუბნებიან. დილით ავდგები, გავისეირნებ და მერე ვიგებ, ვინაა პირველი და ასე შემდეგ... ერთხელ ლევან თედიაშვილმა თქვა, არც ჩემპიონობაზე უნდა იფიქრო და არც იმაზე, პირველს ვის ხვდები, მეორეს და მესამეს, ყველასთან მოგებაზე უნდა იფიქრო და მაშინ ჩემპიონიც ხარ, თორემ თითო შეხვედრაზე თუ იდარდე, არაფერი გამოვაო.

- საინტერესოა, ოჯახში როგორ შეგიფასეს ევროპაზე გამოსვლა - მამამ, უფროსმა ძმამ, რომლებიც ყოფილი მოჭიდავეები არიან და დიდი ამაგიც აქვთ თქვენზე?
- მეორე პერიოდში რომ ვერ დამატრიალა, ყველას ეგონა, დამატებითშიც ვერაფერს მოახერხებდა. ჩემმა ძმამ მითხრა, ჩოქბჯენამდე რომ მიხვედით, შვებით ამოვისუნთქეო.

ძმამ მაინც გამამხნევა, პირველი მედალია, სტარტისთვის კარგიაო. მამა, როგორც წესი, ტურნირამდე ახლაც ძალიან ნერვიულობდა, მაგრამ ფინალის შემდეგ გარეგნულად თავი მშვიდად ეჭირა.

ეტყობა, მე მიფრთხილდებოდა, რადგან ისეთ დღეში ვიყავი, მთელი კვირა გონებით ისევ იმ ფინალს ვჭიდაობდი და იმას ვფიქრობდი, ასე უნდა დამეცვა, ისე უნდა მოვქცეულიყავი-მეთქი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჭიდაობა. საქართველოს ნაკრებები: ბერძენ-რომაელი ქართველები

ევროპის ჩემპიონატი. IV-V დღე: შინ ოქროს ვერ შევწვდით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული