საქართველოს კლასიკური სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები აზერბაიჯანში იჭიდავებს

AutoSharing Option
ძიუდოისტთა გარდა, ზედ აღდგომის დღეებში - 4-5 მაისს, აზერბაიჯანს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრებიც ეწვევა ტურნირში საჭიდაოდ, ოღონდ ისინი, ბაქოს ნაცვლად, ნახჭევანში იასპარეზებენ.

იქაურ ოლიმპიურ კომპლექსში ჰეიდარ ალიევის 90 წლისთავის აღსანიშნავად საერთაშორისო ტურნირი - "ნახჭევნის თასი" ტარდება, რომელშიც 8 გუნდი მონაწილეობს: საქართველო, აზერბაიჯანი, ნახჭევანი, რუსეთი, თურქეთი, ირანი, უზბეკეთი და უკრაინა.

ჩვენი ნაკრებისთვის ეს ბოლო შეჯიბრებაა ევროპის პირველობის წინ, თუმცა ის თავდაპირველ კალენდარში შეტანილი არ ჰქონდათ.

იქ წასვლა დღის წესრიგში მიპატიჟების შემდეგ დადგა, თუმცა თავიდან ფინანსების საკითხი არ იყო გარკვეული.

საბედნიეროდ,
ეს პრობლემა მოგვარდა და 2 მაისს, საღამოს მატარებლით ჩვენები მეზობელ ქვეყანაში სრული გუნდით გაემგზავრნენ.

ეს არცთუ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და თან კომერციულია - მედალოსნები ფულად პრემიებსაც მიიღებენ.

ამასთან, შეჯიბრება გუნდური პრინციპით ტარდება, ანუ სპორტსმენებს საჭიდაო პრაქტიკა, ზედიზედ რამდენიმე შეხვედრა გარანტირებული აქვთ.

შემადგენლობაც ძალიან ძლიერია - ეტყობა, "ყოველთა აზერბაიჯანელთა ლიდერის" საპატივცემულოდ ორგანიზატორებმა საგანგებოდ შეარჩიეს მონაწილენი, რომელთაგანაც ყველა ტოპ-კლასის საჭიდაო სკოლის წარმომადგენელია. ერთი სიტყვით, ევროპის წინ მართლაც კარგი სპარინგ-მოთელვა გამოუვათ.

რაკი ეს სასტარტო ტურნირია, ჩვენი ნაკრების თავკაც ვლადიმერ ადეიშვილს იქ გუნდის ძირითადი შემადგენლობა მიჰყავს, მხოლოდ საქართველოს ჩემპიონები: ირაკლი შავაძე (50), ედნარ შავაძე (55), ხვიჩა ჭითავა (60), ფირუზ წულუკიძე (66), ლაშა გობაძე (74), რობერტ ქობლიაშვილი (84), კუკური კირცხალია (96), იაკობ ქაჯაია (120).

უკვე იმის თქმაც შეიძლება, რომ 2-7 ივლისს მაკედონიურ სკოპიეში ევროპის პირველობაზეც ესენი იჭიდავებენ.

შიდა პირველობის შემდეგ მათ უცხოურ ტურნირებშიც იასპარეზეს - რიგასა და ბაქოში.

განსაკუთრებით მოულოდნელი შედეგები მეორე შეჯიბრებაზე დაფიქსირდა, სადაც ქვეყნის პირველობაზე მარცხისთვის ბევრმა ლიდერებთან რევანში აიღო, თუმცა ადეიშვილმა ამჯერად ყველაფერი უცვლელად დატოვა - ის ჩემპიონებს მორიგ შანსს აძლევს და თუ ამჯერადაც ვერ გაამართლეს, ცვლილებებს მსოფლიოზე განახორციელებს.

არა, მსოფლიოზე გარკვეული საკადრო გადაადგილებები ისედაც იქნება, მაგრამ ევროპაც ბევრს განსაზღვრავს.

დასასრულ, შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს 13-18 აგვისტოს სოფია უმასპინძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული