ტურნირში 10 გუნდი მონაწილეობდა. აქდან სამი ადგილობრივი იყო - აზერბაიჯანის ნაკრები, ნახიჭევანისა და შარურის გუნდები, რომლებსაც საქართველოს, რუსეთის, უზბეკეთის, თურქეთისა და უკრაინის წარმომადგენლებიც დაემატნენ.
ადრე შეპირებული მონაწილეებიდან ბოლოს აზერბაიჯანში არ ჩავიდნენ ირანი და ყაზახეთი, რაც შეჯიბრების დონეს კიდევ უფრო მეტად აამაღლებდა.
საქართველოს ნაკრები, მთავარი მწვრთნელის - ვლადიმერ ადეიშვილის გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანში უძლიერესი შემადგენლობით გაემგზავრა - მხოლოდ საქართველოს ჩემპიონები იახლა, ანუ ისინი, ვისაც უკვე განაღდებული აქვს ევროპის
მათთვის ეს კიდევ ერთი სტარტი იქნებოდა. მით უფრო, რომ შეჯიბრება გუნდური პრინციპით ტარდებოდა.
ჩვენი ნაკრები B ჯგუფში მოხვდა ნახიჭევანის, უკრაინისა და თურქეთის გუნდებთან ერთად. ამ სამეულთან პაექრობაში მათ მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმეს - მასპინძლებთან, ანგარიშით 3:5; დანარჩენებს კი დამაჯერებლად, დიდი უპირატესობით აჯობეს.
პირველ შეხვედრაში ჩვენებმა თურქებს 6:2 მოუგეს, უკრაინელებს - 5:2 აჯობეს.
ამით ქვეჯგუფში საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა.
ამ პაექრობაში მათი მეტოქე რუსეთის გუნდი იყო, რომელიც ჩვენებმა დიდი ანგარიშით დაამარცხეს - 7:1.
ფინალში ნახიჭევანისა და აზერბაიჯანის გუნდები გავიდნენ, პაექრობა კი ფრედ დასრულდა - 4:4, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით მასპინძლებმა იმარჯვეს და მთავარი ჯილდო ცხვირწინ აართვეს ქვეყნის ნაკრებს.
მართლაც რომ ცხვირწინ, რადგან ბრძოლა უკანასკნელ წუთებამდე დაძაბული გამოდგა და ყველაფერი სულ ბოლო, მძიმე წონითმა კატეგორიამ გადაწყვიტა - ნახიჭევანელმა აბას აბდულაევმა ალი ჰასანოვს 1:0; 1:0 მოუგო და ანგარიში გაათანაბრა, რაც საბოლოო გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"